GEO   ENG
სიახლეები
DRI: ხელისუფლების სამოქმედო გეგმა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ნაწილში ხარვეზიანია და არ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნას
12.02.2024
2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებები დაამტკიცა. ევროპული საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი სწორედ იმ პირობით მიიღო, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ნაბიჯებს შეასრულებს, რომელთა შორის ერთ-ერთი საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესებაა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე.

მიუხედავად პირდაპირი მითითებისა, მთავრობის გეგმა ამ მიმართულებით რეალურად გასატარებელ ღონისძიებებს არ ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, „ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, წარიმართება რეგულარული დიალოგი ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამასთან, 2024 წლის თებერვალში, საპარლამენტო ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდება სრულად.“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მხოლოდ ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ ჩაითვლება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესასრულებლად საკმარის  ღონისძიებად და ხელისუფლების გეგმა ამ მიმართულებით ხარვეზიანია.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია ისედაც ავალდებულებს პარლამენტს, ნდობის ჯგუფი ხუთი წევრის შემადგენლობით დააკომპლექტოს. ის, რომ დღეს ნდობის ჯგუფში მხოლოდ ოთხი წევრია, რეალურად, პოლიტიკური ნების არარსებობაზე მეტყველებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ პროცედურული ხარვეზის მომიზეზებით, საპარლამენტო ოპოზიციას არ მისცა ნდობის ჯგუფში მეხუთე წევრის არჩევის შესაძლებლობა. საპარლამენტო ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, სათანადო ყურადღება არ მიაქცია ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტების საკითხს.  

სამოქმედო გეგმის მიხედვით, ნდობის ჯგუფი სრულად 2024 წლის თებერვლისთვის დაკომპლექტდება. ამ მხრივ კიდევ ერთი გამოწვევა საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების ვადაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი შეთანხმდება - ამ ეტაპზე მაინც შეასრულოს რეგლამენტის ვალდებულება და ნდობის ჯგუფის შემადგენლობა 5 წევრით დააკომპლექტოს (აირჩიოს მეხუთე წევრი საპარლამენტო ოპოზიციიდან), ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად შემოწმების პროცედურა შეიძლება 6 თვემდე გაგრძელდეს. წარსული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც წესი, კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას იყენებს ნდობის ჯგუფის პოტენციური წევრისთვის სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომის უფლების მისანიჭებლად. შესაბამისად, თავად ეს პირობაც ფორმალურია, რადგან ნდობის ჯგუფის ახალ წევრს არ ექნება რეალური დრო და შესაძლებლობა, უსაფრთხოების სექტორზე კონტროლი მეათე მოწვევის პარლამენტში განახორციელოს.[1]

DRI-ის მრავალწლიანი დაკვირვება ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი განსაკუთრებით სუსტია. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისიამ უსაფრთხოების სამსახურები ცალკე გამოყო და პირდაპირ მიუთითა სახელმწიფოს, ამ მიმართულებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები. რეკომენდაციის სრულფასოვნად შესასრულებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ღონისძიებაა რეგულარული დიალოგი საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლის მიზანი, მთავრობის გეგმის მიხედვით, ზედამხედველობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ხელისუფლების მიერ დამტკიცებული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს იმ აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ვალდებულებას, რომლებიც რეალურად მოემსახურება უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გაუმჯობესებას. მათ შორის, მნიშვნელოვანია: 

  • გაუქმდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის ის ნაწილი, რომელიც კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების განსხვავებულ წესს ადგენს.
  • ცვლილებები შევიდეს ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების წესში, რა გზითაც აღმოიფხვრება ორგანოს სრულად დაკომპლექტების პრობლემა და გაიზრდება ნდობის ჯგუფში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლობა.
  • ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა თანაბარი რაოდენობით.
  • გაიზარდოს ნდობის ჯგუფის სხდომათა სიხშირე და ცვლილებები შევიდეს მოწვევის წესში.
  • ნდობის ჯგუფის ნებისმიერ წევრს უნდა შეეძლოს ანგარიშვალდებულ უწყებაში ვიზიტი, თავმჯდომარის ინფორმირებით, მისი სავალდებულო თანხმობის გარეშე.
  • კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ნდობის ჯგუფის წევრებს ჰქონდეთ უფრო მეტ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა (გარდა საქმიანობის ფარული ფორმებისა და მეთოდებისა).
  • გაიზარდოს ნდობის ჯგუფის ანგარიშვალდებულების ხარისხი. ნდობის ჯგუფმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში. ამასთანავე, ნდობის ჯგუფის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს ალტერნატიული ანგარიში, იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება ნდობის ჯგუფის საქმიანობის ანგარიშს/ანგარიშის ნაწილს.
  • საქართველოს პარლამენტის წინაშე გაიზარდოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ანგარიშვალდებულების ხარისხი.
  • გამარტივდეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით საკითხის შეტანის წესი.
  • სხვ.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოამზადა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის კანონის პროექტი, რომელიც ნდობის ჯგუფის მანდატისა და  ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით მიზნად ისახავს, უსაფრთხოების სექტორზე განხორციელდეს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი. აღნიშნული კანონპროექტი ინიციირებულია საქართველოს პარლამენტში, თუმცა, მისი საპარლამენტო კომიტეტებში განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა.

2022 წელს ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრულ 12 პრიორიტეტში, ანგარიშვალდებულ უწყებებზე ზედამხედველობის გაძლიერებას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მიუხედავად დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის არაერთი მცდელობისა, უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გაუმჯობესების ნაწილი ყურადღების მიღმა დარჩა.

DRI ჩართული იყო საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფში, სადაც უსაფრთხოების სექტორზე კონტროლის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები წარადგინა. თუმცა, სამუშაო ჯგუფში რეკომენდაციები იმ საფუძვლით არ განიხილეს, რომ ამ საკითხებზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმუშავებდა. ვინაიდან საქართველოს პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას სამუშაო ჯგუფებში სამოქალაქო საზოგადოების მხოლოდ ორი ორგანიზაციის დასახელების უფლება მისცა, სურვილის მიუხედავად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ჯგუფში მონაწილეობა ვერ შეძლო, წერილობით გაგზავნილი რეკომენდაციები კი, არც ამ სამუშაო ჯგუფში განიხილეს.

ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად გამართულ სამუშაო შეხვედრებში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს კვლავ შეეზღუდა ჩართვის შესაძლებლობა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, DRI საჭიროდ მიიჩნევს, შეაფასოს მთავრობის გეგმა, რომელიც, ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, არანაირი ქმედითი ღონისძიების გატარებას არ ითვალისწინებს და კვლავ შეახსენოს შესაბამის აქტორებს უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული საკანონმდებლო დონეზე არსებული არაერთი გამოწვევის შესახებ.


[1] 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი არაეფექტიანია
29 თებერვალს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაცია გამართა. 
29.02.2024
როგორ უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საქართველოს მხრიდან 9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა მოჰყვეს.
27.02.2024