GEO   ENG
სიახლეები
რუსეთი აფხაზეთის ანექსიისთვის მის სრულ იზოლაციას გეგმავს
19.02.2024
რუსეთი მეთოდურად უდგება აფხაზეთის ანექსიის გაფორმებას. რუსული პოლიტიკის თითოეული ნაბიჯი სწორედ ზემოაღნიშნულ სტრატეგიულ მიზანს - აფხაზეთში სრული რუსული კონტროლის დამყარებას ემსახურება.

ამჟამად, აფხაზეთთან მიმართებაში რუსულ დღის წესრიგში ორი მნიშვნელოვანი საკითხი დგას: სამოქალაქო სექტორის განადგურება და  პოლიციური კონტროლის დამყარება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის უშუალო ჩართულობით. ზემოაღნიშნულ მიზნამდე რუსეთი თანამიმდევრულად მოქმედებდა - 2020 წელს მნიშვნელოვანი სუბსიდიებისა და დახმარების სანაცვლოდ, კრემლმა აფხაზეთი აიძულა, ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის რუსეთის კანონმდებლობასთან  ჰარმონიზაციის თაობაზე და აფხაზეთის  სტრატეგიული ობიექტები გადაიფორმა (ოჩამჩირეს საზღვაო სამხედრო ბაზა, აეროპორტი, ბიჭვინთა).

2024 წლის 7 თებერვალს, ასლან ბჟანიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „უცხოური აგენტის ფუნქციის შემსრულებელ არაკომერციულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებზე“. ამ დრომდე კანონპროექტი საზოგადოებრივი ზეწოლის ძალისხმევით,  დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროში იყო გაჩერებული. დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოხუმში უკვე ღიად საუბრობენ, რომ კანონის უკან რეალურად რუსეთი დგას და მისი მიზანია აფხაზეთში სრულიად შეწყდეს საზოგადოებრივი სექტორის დაფინანსება და გაეროს სააგენტოების საქმიანობა. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს იურიდიულ და ფიზიკურ პირების ე.წ. შავი სიის შექმნას.  პროექტის თანახმად, ფიზიკურ პირთა რეესტრში ნებისმიერი ადამიანის მოაზრება შეიძლება - „არასანდოთა სიაში“ შეიძლება მოხვდეს ბიზნესმენი, რომელიც ეწინააღმდეგება გარკვეული ინდუსტრიების მონოპოლიზაციას; ჟურნალისტი ან უბრალოდ, აქტიური ადამიანი.   

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფხაზეთში შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილმა უკიდურესად გაზრდილი წნეხის და შეტევის გამო საქმიანობა ფაქტობრივად გააჩერა.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე ზეწოლის გააქტიურების პარალელურად, 2024 წლის 1 მარტიდან „ორმაგი მოქალაქეობის“ მქონე პირები ფსოუზე საზღვრის გადაკვეთას მხოლოდ რუსული პასპორტით შეძლებენ, რაც გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს აფხაზებს  - მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია წავიდეს ევროპაში ან გადმოვიდეს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ აფხაზი მოსახლეობა მხოლოდ რუსეთში გამგზავრების შესაძლებლობის წინაშე დაეყენებინა, ახლა კი, რუსული პასპორტის მიღების გარეშე რუსეთში შესვლის უფლებას ართმევს.

პარალელურად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსულ „ეფესბეს“ ხელმძღვანელობას შორის უკვე გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთში „დასახმარებლად“ შევა რუსული ელიტური სპეცრაზმის 500 კაციანი ჯგუფი;  ამის გარდა, რუსეთი დამატებითი სამხედრო ძალების შემოყვანაზეც ფიქრობს იმ შემთხვევისთვის, თუ  აფხაზეთში სამოქალაქო პროტესტი და არეულობა დაიწყება; საზოგადოებაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის როსგვარდიას შორის მომზადებული სპეციალური შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, აფხაზური მხარის მოთხოვნის საფუძველზე,  აფხაზეთში როსგვარდიის სპეცდანიშნულების ნაწილები შევა, რომლებიც აფხაზ კოლეგებს  „წესრიგის“ დაცვაში დაეხმარებიან.  შეთანხმების მიხედვით, რუსული მხარე აფხაზებს დაეხმარება შემდეგი მიმართულებით:

  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა
  • ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლა
  • ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების დაცვა.
პარალელურად, რამდენიმე კვირაა, რუსი მესაზღვრეების მხრიდან, მასობრივი ხასიათი მიიღო საზღვარზე და გამყოფ ხაზთან ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორში დასაქმებული ადამიანების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების „გამოკითხვამ“, როგორც ენგურის, ასევე, ფსოუს მხარეს. „გამოკითხვა“ ნახევარი საათიდან ერთ საათამდე გრძელდება. შეკითხვები ძირითადად შეეხება განათლებას და საქმიანობის სფეროებს (სკოლა სად დაამთავრე, სად მუშაობდი, რაიმე შეხება ხომ არ ქონია არასამთავრობო სექტორთან, გაცვლით პროგრამაში ხომ არ მიგიღია მონაწილეობა).

აშკარაა, რომ რუსეთი მეთოდურად უდგება აფხაზეთის ანექსიის გაფორმებას. რუსული პოლიტიკის თითოეული ნაბიჯი სწორედ ზემოაღნიშნულ სტრატეგიულ მიზანს - აფხაზეთში სრული რუსული კონტროლის დამყარებას ემსახურება:

  1. 2020 წელი - რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის გაფორმდა „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების ღონისძიებების გეგმა“, რაც აფხაზური და რუსული კანონმდებლობის „ჰარმონიზაციას“ ისახავდა მიზნად;
  2. 2022 წელი - დე ფაქტო იუსტიციის სამინისტროში გააქტიურდა მუშაობა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტზე;
  3. 2023 წელი - შემუშავდა კანონპროექტი აპარტ ოტელების შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე პროტესტის ფონზე შეჩერებულია;
  4. 2023 წელი - გაფორმდა სოხუმის აეროპორტის რუსი ინვესტორებისთვის გადაცემის კაბალური ხელშეკრულება;
  5. 2022-23 წლები - ბიჭვინთის ტერიტორია რუსეთს გადაეცა პუტინის რეზიდენციის მშენებლობის მიზნით;
  6. 2023 წელს აფხაზეთში გამწვავდა ენერგოკრიზისი, სავარაუდოდ, მოსახლეობაზე წნეხის გაზრდის მიზნით;
  7. 2023 წელი - აფხაზეთში ნავთობის მიწოდების კრიზისი შეიქმნა, სავარაუდოდ, ასევე, მოსახლეობაზე ზეწოლის მიზნით;
  8. 2023 წელი - ოჩამჩირეში იწყება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის განთავსებისთვის მზადება;
  9. 2024 წელი - რუსულ გვარდიას ეძლევა სრული უფლებამოსილება, გააკონტროლოს აფხაზეთი და დაიცვას სამოქალაქო წესრიგი;
  10. 2024 წელი - ფსოუზე და ენგურზე ინტენსიურ ხასიათს იღებს აფხაზეთში მცხოვრები ნებისმიერი აქტიური პირის დაყოვნება „გამოკითხვის“ მიზნით.
  11. 2024 წლის 1 მარტიდან რუსეთში შესვლა აფხაზებს მხოლოდ რუსული პასპორტით შეეძლებათ;
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დასკვნით, რუსეთი აფხაზეთის ანექსიას იურიდიულად აფორმებს; იცის რა, რომ ამ ეტაპზე რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, მოსახლეობა რუსეთთან მიერთებას მხარს არ დაუჭერს, მოსახლეობაში ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური სფეროების განვითარების სადარაჯოზე მყოფ სამოქალაქო ორგანიზაციების და ადამიანების მარგინალიზაციას ეწევა; „უცხოეთის აგენტების შესახებ“ რუსული კანონპროექტი მიზნად ისახავს აგენტებად გამოაცხადოს ყველა, ვინც აფხაზეთში ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობაზე და დახმარებაზე ზრუნავს. 
 
აფხაზეთში ანექსიური პროცესების გააქტიურების კვალდაკვალ, შემაშფოთებელია საქართველოს ხელისუფლების სრული უმოქმედობა და უმწვავესი პრობლემის იგნორირება.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, უახლოეს პერიოდში, სულ მცირე:
  • საერთაშორისო აქტორებთან ერთად დაგეგმოს რეალური და საკითხზე ორიენტირებული ქმედებები, რათა არ დაუშვას აფხაზეთის ანექსია რუსეთის მხრიდან;
  • საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რუსული გავლენების შემცირების/შეკავების მიზნით შემუშავდეს სახელმწიფო სტრატეგია და მისი აღსრულების მექანიზმები;
  • აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში დაიწყოს მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის დოკუმენტზე და აფხაზეთის დეიზოლაციის ხელშეწყობისთვის;
  • ახალი გამოწვევების გათვალისწინებით მოხდეს სახელმწიფო ხედვის ადაპტირება, განსაკუთრებით გადაადგილების თავისუფლების მიმართულებით, მათ შორის, ერთ-ერთ შესაძლებლობად განხილულ იქნას დროებითი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, სადაც არ იქნება აღნიშნული სახელმწიფო სიმბოლიკა და პირის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ საერთაშორისო ენაზე იქნება დატანილი;
  • საქართველოს პარლამენტმა განიხილოს აფხაზეთში მიმდინარე პროცესები და კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი დოკუმენტები.
საერთაშორისო ორგანიზაციებს:
  • მიმდინარე რთული მდგომარეობის შესამსუბუქებლად, აფხაზეთში ვითარების გაუარესების პრევენციისთვის, იმოქმედონ პროაქტიულად, გააგრძელონ აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამები და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის გაძლიერება.
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024