GEO   ENG
ჩვენი პოზიცია
DRI თვალსაზრისი: რა ფორმებით ელოდება აფხაზეთს რუსული წნეხის გაძლიერება და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან რეგიონში სტაბილურობაზე?
21.02.2024
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას დანარჩენი საქართველოსგან იზოლაცია და დისტანცია რუსეთის ფედერაციაზე სრულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ფინანსურ დამოკიდებულებად უჯდება, რასაც ეს უკანასკნელი თავისი სამხედრო ბაზების აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნის პარალელურად, ეფექტიანად იყენებს თავისი ინტერესების აფხაზური საზოგადოების ინტერესების ხარჯზე გასატანად. ამ მიმართულებით, სამხედრო და ძალოვანი კომპონენტი, როგორც ბოლო პერიოდის მოვლენების განვითარებიდან ირკვევა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგობა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას რეჟიმის წინააღმდეგ მოძრაობის ფრონტად გადაიქცა. იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობა რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებაზეა ორიენტირებული, ბჟანია იძულებულია რუსეთს მუდმივად აჩვენოს თავისი მორჩილება და ერთგულება. სწორედ იმ შიშით, რომ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე უკმაყოფილებამ, ასევე „უცხოეთის აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგობამ, საზოგადოებრივი პროტესტი რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ არ გააერთიანოს, ბჟანიას მთავრობა, როგორც აფხაზური საზოგადოება თვლის, მთლიანად რუსულ ძალოვან სტრუქტურებს მიენდო. ამ თვალსაზრისით, ყურადსაღებია, რომ ბჟანიას მთავრობას მაინც უწევს აფხაზური საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება და რუსეთის ძალოვნებთან ღია შეთანხმებებისგან თავის შეკავება. თებერვლის დასაწყისში დაანონსებული შეთანხმება აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის გვარდიას - ე.წ. როსგვარდიას შორის, აღარ შედგა. როსგვარდიის საკითხი აფხაზური საზოგადოების განსაკუთრებულ შიშს იწვევს, ვინაიდან თვლიან, რომ ბჟანიას შეუძლია რუსული ძალა თანამემამულეების პროტესტის ჩასახშობად გამოიყენოს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ძალოვნების შიდა პოლიტიკური ვითარების კონტროლისთვის გამოყენების ინიციატივა შეიძლება სწორედ კრემლისგან მოდიოდეს, აფხაზეთში რუსული დაზვერვის და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აქტიურობა, ბჟანიასა და აფხაზურ საზოგადოებას შორის დისტანციას მაინც ზრდის. საზოგადოება არ ენდობა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას და ბიჭვინთის აგარაკებისა და „უცხოეთის აგენტების“ კანონის ირგვლივ აქტიურობაში შემჩნეულ და გარეშე პირებს მუდმივ წნეხში ამყოფებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, აფხაზეთის ორივე ადმინისტრაციული საზღვრის გამშვებ პუნქტზე, ფსოუსა და ენგურზე, რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები ხანგრძლივ დაკითხვებს უწყობენ აფხაზეთის მაცხოვრებლებს და ეკითხებიან, როგორც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის, ისე არასამთავრობო სექტორთან კავშირის შესახებ. ყოველივე ეს აფხაზეთის მცხოვრებლებს რწმენას უმყარებს, რომ დე-ფაქტო მთავრობის მმართველობა რუსულ სპეცსამსახურებზეა დამოკიდებული.  მოსახლეობას სჯერა,  რომ ბჟანიას შეთანხმება აქვს რუსეთის ეფესბესთან - აფხაზეთში განათავსოს ეფესებეს 500 კაციანი სპეციალური დანიშნულების რაზმი, რათა მოსალოდნელი საზოგადოებრივი პროტესტი ჩაახშოს.

მოსალოდნელია თუ არა რუსეთის სამხედრო ძალების, ან უსაფრთხოების სამსახურის ძალოვანი სტრუქტურების პირდაპირი ჩართულობა აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ პროცესში, ჯერჯერობით მკაფიო არაა. თუმცა, ბოლო განვითარება გალის რეგიონში შესაძლოა სწორედ იმის დასტური იყოს, რომ პროცესი დაწყებულია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, გასულ კვირას სოხუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის მოპარული ორი ავტომობილის კვალის მისაგნებად, გალის რეგიონში როსგვარდიის სპეცდანიშნულების რაზმები შევიდა. რუსი სამხედროები ქუჩაში აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ მანქანებს; გაჩხრიკეს რამდენიმე სახლიც. ის ფაქტი, რომ  რუსული სამხედრო დანაყოფები თავად ატარებენ ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებს მათ მიერ „დამოუკიდებლად“ აღიარებულ რესპუბლიკაში, სწორედ იმის დასტურად გამოიყურება, რომ აფხაზეთის სრული ანექსიის პროცესი უკვე დაწყებულია. 

ამის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ რეჟიმს, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ ნაბიჯები გადადგას, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის, და რაც მთავარია, მკაფიო გახადოს თავისი პოზიცია დე-ფაქტო მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის ძალოვან უწყებებს შორის ღია თუ ფარული გარიგებების შესახებ, განსაკუთრებით იმ შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, რაც შეიძლება აფხაზეთში სტაბილურობის მხრივ დადგეს.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024