GEO   ENG
სიახლეები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველის განცხადებით, აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საგანგაშო მდგომარეობაა
18.03.2024
ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო დამცველის ანას ქიშმარიას ანგარიშის მიხედვით, რომელიც მან აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს 14 მარტს წარუდგინა,  აფხაზეთში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა საგანგაშოა. ანას ქიშმარიას განცხადებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებულ პირობებში სასჯელის მოხდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება, რაც პატიმრების ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება. სახალხო დამცველის განცხადებით, აღნიშნული ეწინააღმდეგება ჰუმანურობის პრინციპებს და ადამიანის ღირსების პატივისცემას. ანგარიშის მიხედვით, ძირითად პრობლემებს განეკუთვნება სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების არარსებობა, მინიმალური სანიტარული ნორმების დაუცველობა, პატიმრების კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, საკნების, ადგილისა და საწოლების დეფიციტი, მოძველებული შენობისა და დროის სწორად დაგეგმარების პრობლემები. ასეთ პირობებში პატიმრების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება ეწინააღმდეგება დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს, რაც იწვევს პიროვნების ღირსების შეურაცხყოფას, შემდგომ მარგინალიზებასა და დანაშაულის გაზრდას.

აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საქართველოს არა ერთი მოქალაქე  იხდის სასჯელს ან/და ელოდება სასამართლო გადაწყვეტილებას, მათ შორის, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები: ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე და ირაკლი ბებუა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ირაკლი ბებუას მდგომარეობა, რომლის ჯანმრთელობაც, ბოლო მონაცემებით, გაუარესებული იყო.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პატიმრების მიერ მსგავს პირობებში სასჯელის მოხდა ეწინააღმდეგება გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალურ სტანდარტულ წესებს; განსაკუთრებით, იმ ძირითად მოთხოვნებსა და პრინციპებს, რაც დაკავშირებულია სანიტარულ ნორმებთან, საკანში განთავსების პირობების დაცვასა და სათანადო კვების უზრუნველყოფის გარანტიებთან (მე-9, მე-10, მე-12, მე-20  წესები).

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი:

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ოკუპირებული აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ადამიანის  უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით საერთაშორისო მონიტორინგის მისიების დასაშვებად;

ასევე, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა შექმნას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ხაზები აფხაზეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან დროულად გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით;

საქართველოს სახალხო დამცველმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური მანდატი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკანონო პატიმრების გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026