GEO   ENG
სიახლეები
DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა
21.03.2024
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. ორგანიზაციის შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის („სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად“) ნორმატიული შინაარსი და მისთვის გათვალისწინებული უალტერნატივო სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან 6 წლამდე) შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, ღირსებისა და თანასწორობის უფლებასთან. 

2023 წლის 7-9 მარტის აქციების შემდეგ კანონში შეტანილი ცვლილებები უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. მუხლში ცვლილების შეტანის დროისა და მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ნორმა შესაძლოა ატარებდეს შეფარულ მიზანს. ჯგუფურობის დამატებით, აქციაზე ნებისმიერი, მათ შორის, ნაკლებად ღირებული ნივთის დაზიანება წინასწარ დაუგეგმავად, თუნდაც მხოლოდ 2 პირის მიერ, გამოიწვევს პირის სისხლის სამართლის წესით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. მუხლი ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს. ეს ჩანაწერი შესაძლოა კარგად იყოს გამოყენებული საპროტესტო მუხტის ჩასახშობად.

სისხლის სამართლის კოდექსის ამ ნორმებთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის აღძვრის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 2024 წლის 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში იძულებითი აღსრულების ღონისძიებით ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას, ადგილზე შეკრებილი მხარდამჭერების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და ცხრამეტი ადამიანი დააკავეს. მათგან ორს, რომლებიც კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეები არიან, პროკურატურა შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის დღეს არსებული რედაქცია, უხეშად ლახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და მე-11 მუხლებით დაცულ უფლებებს. საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლში „ჯგუფურის“, როგორც დამამძიმებელი გარემოების დამატება 2023 წელს მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივით. თუმცა ცვლილებების მიზანშეწონილობა და დასაბუთება არც კანონის პროექტის განმარტებით ბარათში არის მოცემული და არც საჯაროდ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კონკრეტული ქმედებისთვის საკმაოდ დიდი ვადით თავისუფლების აღკვეთის დაწესებას ითვალისწინებს. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება კონსტიტუციასთან შეუსაბამო სისხლის სამართლის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რაც ადამიანს უსამართლო და არაპროპორციული სასჯელისგან დაიცავს.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024