GEO   ENG
ჩვენი პოზიცია
რისთვის სჯის რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს?
04.04.2024
„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სამ დეპუტატს დავით სანაკოევს, ძამბოლატ მედოევს და გარი მულდაროვს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) შუამდგომლობით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვათ[1] და რუსეთში შესვლა 2049 წლამდე აეკრძალათ. „დეპუტატების” აზრით, ФСБ-მ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესს უნდობლობა გამოუცხადეს, იმ მოტივით, რომ ცხინვალის ამჟამინდელი დე ფაქტო მთავრობა საქართველოს მხარის მიმართ ლოიალურია და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ძირძველი“ მიწების „მოღალატეობრივ“ დათმობას აპირებს.

პოლიტიკოსებმა უშიშროების სამსახურის ანალოგის არმქონე გადაწყვეტილება ვლადიკავკაზში (რუსეთის ფედერაცია) გაასაჩივრეს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ვლადიკავკაზის სასამართლომ, დავით სანაკოევის შემდეგ, სარჩელის განხილვაზე უარი გარი მულდაროვსაც უთხრა. მოსამართლემ მულდაროვს განუმარტა, რომ სარჩელი უნდა განიხილოს იმ ქალაქის სასამართლომ, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შესაბამისი განყოფილება მდებარეობს. მულდაროვის ადვოკატის ინფორმაციით, ისინი სარჩელს ან მოსკოვში შეიტანენ, ან ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

როგორც ირკვევა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ფრაქცია „სამართლიანობისთვის“ დეპუტატებს, რომლებიც, ცხინვალის მოსახლეობის 90%-ის მსგავსად, რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის და უშიშროებისთვის საფრთხის შექმნას ედავება.

ერთი შეხედვით, რუსეთის მიმართ ერთგული და ლოიალური პირებისთვის ასეთი ბრალდების წაყენება ირონიულია. ერთადერთი ინიციატივა, რომელიც დე ფაქტო მულდაროვმა, სანაკოევმა და მედოევმა გამოიჩინეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის კანონპროექტში ცვლილებების შეტანა იყო. აღნიშნული ინიციატივა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციით მოცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას ითვალისწინებდა.

საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დავით სანაკოევს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის ამბიცია აქვს და ცხინვალში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. შესაძლებელია მას რუსული საოკუპაციო ბორდერიზაციის „არასწორი ტრაექტორიის“ ნიადაგზე აგორებული პატრიოტიზმი ძალაუფლების მოპოვების ამბიციის დასასაბუთებლად სჭირდებოდა. ირონიულია, რომ ეს ამბიცია, როგორც ჩანს, უბრალოდ მიუღებელია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურისთვის. მიუღებლობა იმდენად დიდია, რომ მედოევს, სანაკოევს და მულდაროვს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ, რაც გაგლოევის პრეზიდენტობის შანსებს უკიდურესად ამცირებს.

ეს სანქცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური არც მალავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე თავის მმართველობას და იმ უხეშ ფორმებს, რითაც განსაზღვრავს, ვის შეიძლება მიანდოს თავისი კონტროლირებადი ტერიტორიის დე ფაქტო მმართველობა.

 
[1] Jam-news.net, სამი დეპუტატი ცხინვალიდან "ქართულ ლობს“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაში ადანაშაულებს, 30.03.24, ხელმისაწვდომია https://jam-news.net/ge/samkhret-osetis-deputatebs-rusetis-moqalaqeoba-chamoertvat/
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026