„ქართული ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს ასამარებს. კანონი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უკარგავს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რუსული
კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა
მეფარიშვილის ინტერესებს იცავს. საქართველოს პროკურატურა დაკავებულებს საქართველოს
პარლამენტის წინ რკინის დროებითი კონსტრუქციის დაზიანებას ედავება.
დაკავების მომენტი - საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დასტურდება,
რომ საბა მეფარიშვილი დაკავების დროს შსს თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს, რის
შედეგადაც მან სახის და ორივე ფეხის არეში დაზიანებები მიიღო. ორივე დაკავებულის
შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. დაკავებულებს
არ მიეცათ დაცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, რის შედეგადაც, მოსალოდნელი
ძალადობის შიშით, პოლიციის განყოფილებაში ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომელთა
შინაარსს არ გასცნობიან. შსს-ს თანამშრომლებმა ომარ ოკრიბელაშვილის მამა აიძულეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობაში მისულიყო და შვილის საწინააღმდეგო
ჩვენებაზე ხელი იძულებით მოაწერინეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, უარი თქვას ოჯახის წევრის წინააღმდეგ
ჩვენების მიცემაზე, თუმცა დაკავებულის მამისთვის ეს უფლება არ განუმარტავთ.
წინასწარი პატიმრობის შეფარდება - ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილს
ბრალი ედებათ ნივთის დაზიანებაში (სსკ-ის 187-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). დაკავებულებს საქართველოს პროკურატურა პარლამენტის
წინ რკინის ჯებირის დაზიანებას
და სახელმწიფოსთვის 400 ლარის
ოდენობის ზიანის მიყენებას ედავება.
ასანაზღაურებელი თანხის მცირე მოცულობის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით
კურტანიძემ დაკავებულებს აღკვეთის
ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დემოკრატიის
კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, პრობლემურია სისხლის სამართლის
კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გამოძიება
მიმდინარეობს. DRI-მ აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში მიმართა. ორგანიზაციის შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის („სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად“) ნორმატიული შინაარსი და მისთვის გათვალისწინებული უალტერნატივო სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან 6 წლამდე) შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, ღირსებისა და თანასწორობის უფლებასთან.
წინასწარი პატიმრობის პირობები - ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. დაკავებულების
განცხადებით, ადვოკატების და სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტამდე, საკანში
ჯოჯოხეთურ პირობებში უწევდათ
ყოფნა. საკანში მათ
მიმართ შექმნილი მტრული გარემო საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობას
უკავშირდებოდა. ამჟამინდელი მდგომარეობით, ადვოკატებისა და სახალხო
დამცველის წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ, დაკავებულების მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ ინიციატივას და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.