2024 წლის
30 ივნისს 2 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ
(ICC) რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების კონტექსტში დაკავების
ბრძანებები გასცა.[1] რამდენადაც
დაკავების სამი ბრძანებიდან, არც ერთი არაა მიმართული რუსი პოლიტიკური ლიდერების ან
სამხედრო მეთაურების წინააღმდეგ და დღემდე არ მომხდარა ბრალდებული პირების ჰააგაში
წარდგენა, მნიშვნელოვანია კრიტიკულად შეფასდეს საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი
დაკავების პალატის გადაწყვეტილებისა და პროკურორის გამოძიების შედეგების სამართლებრივი
მნიშვნელობა.
საკითხის სიღრმისეული
შესწავლა აუცილებელია არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,
არამედ საერთაშორისო სისხლის სამართლის განვითარების ანალიზისთვისაც, რამდენადაც პირველი
მუდმივმოქმედი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის ეს არის პირველი შემთხვევა
მრავალი თვალსაზრისით: ესაა პირველი გამოძიება აფრიკის კონტინენტის მიღმა; პირველი
შემთხვევა, რომელიც ეხება რუსეთს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს
მუდმივ წევრს; პირველი შემთხვევა, რომელსაც აქვს ექსტრატერიტორიული ასპექტი და ეხება
საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს; და ბოლოს, პირველი შემთხვევა, სადაც
პროკურორმა გადაწყვიტა გამოძიების დასრულება.[2]
ზოგადი ინფორმაციისთვის,
2022 წლის 10 მარტს პროკურორმა წარადგინა დაკავების ბრძანებები სამხრეთ ოსეთის de
facto ხელისუფლების სამი საშუალო და მაღალი თანამდებობების მქონე პირების მიმართ:
მიხაილ მინძაევი (2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ცხინვალის რეგიონის
ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის
ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); და დავით
სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი). პროკურორის მიმართვიდან დგინდება,
რომ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული რეჟიმის ხსენებულ წარმომადგენლებს ბრალი ედებათ
2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული
ოკუპაციის კონტექსტში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური
მოპყრობის, მძევლად აყვანისა და, შემდგომში, მათი უკანონო გადაადგილების ფაქტებში“.[3]
ICC-ის დაკავების
ბრძანებების შემაკავებელი ეფექტისა[4] და მისი დიდი სამართლებრივ-პოლიტიკური
გავლენის მიუხედავად,[5] ქართულ სამართლებრივ წრეებში
დღემდე რჩება გამოძიების შედეგისადმი „უკმარისობის“ გრძნობა, რამდენადაც დაკავების
ბრძანების შინაარსი, ძირითადად, სამოქალაქო პირების დაკავების კონტექსტს შეეხება, რაც
ვერ ფარავს იმ
დანაშაულთა სრულ მასშტაბს, რომელიც დაფიქსირდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების აქტიურ
ფაზაში,[6]
მაგალითად, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალული ომის წარმოების იარაღებისა
და ტაქტიკების გამოყენება.[7] სამართლებრივად ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
იქნებოდა, თუკი გავიხსენებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას
საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), სადაც, ეფექტიანი კონტროლის არარსებობის
ფონზე, ასევე, ვერ მოხერხდა შეიარაღებული კონფლიქტის აქტიურ საბრძოლო ფაზაში რუსეთის
ფედერაციის სახელმწიფო პასუხისმგებლობის დადგენა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის.[8]
ოკუპაციის ეტაპზეც კი არსებობს
საკმარისი მტკიცებულებები, რომ დაკავების ბრძანებები გამოცემულიყო კონფლიქტის დროს
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ყველა ეთნიკურ ქართულ სოფელში
სამოქალაქო მოსახლეობის დაახლოებით 5000-ზე მეტი[9] საცხოვრებელი სახლის ძარცვისა
და გადაწვისთვის,[10] რაც
ფაქტების დამდგენი მისიის ინფორმაციით, ისეთ სიმძიმესა და მასშტაბს ადგენდა, რომ კონფლიქტის
მახასიათებელ ნიშნად წარმოგვიდგებოდა.[11] თუკი გავითვალისწინებთ, რომ
ეს და სხვა დანაშაულები ეთნიკური ქართველების[12] სამხრეთ ოსეთიდან გაძევებისა
და მათი დაბრუნების აღკვეთის ზოგად მიზანს ემსახურებოდა,[13] კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაული დევნა, ასევე, უნდა გამხდარიყო დაკავების ბრძანების საგანი.
უნდა აღინიშნოს,
რომ ICC-ის გამოძიება არა მხოლოდ საერთაშორისო დანაშაულთა ჩადენაზე პასუხისმგებელ პირთა
დასჯას, არამედ სოციალური სამართლიანობის აღდგენასაც ემსახურება.[14] მოცემულ შემთხვევაში, ქართველთა ეთნიკური წმენდის
მტკიცებულებების ფონზე, რთულად თუ ვიტყვით, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების
წარმომადგენელი სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანების გამოცემა ამ მიზანს ასრულებს.
მიიჩნევა, რომ პროკურორმა თავი აარიდა მაღალი რანგის რუსი პოლიტიკური და
სამხედრო მეთაურების ღიად დადანაშაულებას,[15] რაც იმითაც დასტურდება, რომ
ერთადერთი რუსული წარმოშობის პირი, რომელსაც, გამოძიების ვარაუდით, ხელმისაწვდომ მტკიცებულებებზე
დაყრდნობით, წვლილი მიუძღვის ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენაში, ვიაჩესლავ ბორისოვია
(მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო
ძალების მეთაურის მოადგილე), რომელიც, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილია.[16] სამწუხაროდ, ბრალდებულთა რაოდენობის
გაზრდას არც მომავალში უნდა ველოდოთ, რადგან პროკურორის განცხადებით, სასამართლოს წარმოებაში
არსებული საქმეების გარდა, მისი ოფისი ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში
სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, გამოძიებას
აღარ გააგრძელებს.[17]
მიუხედავად იმისა,
რომ ICC მხოლოდ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ადგენს და არ განიხილავს სახელმწიფო
პასუხისმგებლობას, სახელმწიფოთაშორის დავებზე სახელმწიფო პოლიტიკისა და სამართლებრივი
პოზიციისთვის ხელსაყრელია, რომ სასამართლოს არ გამოუცემია დაკავების ბრძანებები ქართველი
სამხედროების მიმართ,[18] ეს კი იმ ფონზე, როდესაც რუსეთის
ფედერაცია სასამართლოს, 2016 წლამდე მაინც, შერჩევითად უგზავნიდა „მტკიცებულებებს“,
რომლებიც მიმართული იყო უშუალოდ ქართული მხარის წინააღმდეგ.[19]
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს დაკავების ბრძანებები, თუნდაც აღუსრულებელ მდგომარეობაში, ესაა აღიარება იმ ტანჯვისა, რაც კონფლიქტმა იქონია სამოქალაქო მოსახლეობაზე. რესურსების სიმწირის, დანაშაულის ჩადენის ადგილზე წვდომის არ ქონის,[20] ოკუპაციური სიტუაციის გაყინვისა და „უფრო აქტუალური“ სიტუაციების პრიორიტეტიზაციის მიუხედავად, იდენტიფიცირებული დანაშაულებისა და ბრალდებულთა სიმცირე ტოვებს იმედგაცრუების შეგრძნებას და აჩენს კითხვებს, თუ რამდენად ემსახურებოდა აღნიშნული გამოძიება მართლმსაჯულების რეალურად განხორციელებას.[21]
ავტორი: დემეტრე დიასამიძე
[1] International Criminal Court, Situation In Georgia:
ICC Pre-Trial Chamber Delivers Three Arrest Warrants, Press Release, 30 June
2022,
ხელმისაწვდომია: <https://www.icc-cpi.int/news/situation-georgia-icc-pre-trial-chamber-delivers-three-arrest-warrants> [უკანასკნელად გადამოწმების თარიღია: 30 ივნისი, 2024]
[2] International
Criminal Court, ICC Prosecutor, Karim A.A. Khan QC, Announces
Application For Arrest Warrants In The Situation In Georgia, Press
Release, 10 June 2022, <https://www.ejiltalk.org/icc-investigation-in-georgia-a-success-story/> [უკანასკნელად
გადამოწმების თარიღია: 30 ივნისი, 2024].
[3]
Bezhanishvili M., ICC Investigation in Georgia: A Success Story?,
Blog of the European Journal of International Law, 2023, ხელმისაწვდომია:
<https://www.icc-cpi.int/news/icc-prosecutor-karim-aa-khan-qc-announces-application-arrest-warrants-situation-georgia> [უკანასკნელად
გადამოწმების თარიღია: 30 ივნისი, 2024]
[4] Trahan J., Why
a “Hybrid” Ukrainian Tribunal on the Crime of Aggression is not the Answer,
JustSecurity Articles, 2023, ხელმისაწვდომია: <https://www.justsecurity.org/85019/why-hybrid-ukrainian-tribunal-on-crime-of-aggression-is-not-the-answer/> [უკანასკნელად გადამოწმების თარიღია: 30 ივნისი, 2024]
[5] Ram C., The Commission
on Crime Prevention and Criminal Justice: A Search for Complementarity Between
Politics and Criminology, in Blue Criminology: The Power of United Nations
Ideas to Counter Crime Globally, 2003, გვერდი 131.
[6] Bezhanishvili
M., სქოლიო No. 3.
[7] Bocchese M.,
Too
Little, Too Late: The ICC and the Politics of Prosecutorial Procrastination in
Georgia,
in Genocide Studies and Prevention: An International Journal, Vol. 17, No. 3,
2024, გვერდი 1.
[8] უფრო ვრცლად,
Duffy H., Georgia v. Russia: Jurisdiction, Chaos and Conflict at the
European Court of Human Rights, 2021, ხელმისაწვდომია: <https://www.justsecurity.org/74465/georgia-v-russia-jurisdiction-chaos-and-conflict-at-the-european-court-of-human-rights/> [უკანასკნელად
გადამოწმების თარიღია: 30 ივნისი, 2024]
[9] International Criminal Court, Situation in Georgia:
Decision on the Prosecutor’s Request for Authorization of an Investigation, Pre-Trial Chamber, ICC-01/15, 27 January 2016, გვერდი
23, ხელმისაწვდომია: <https://www.icc-cpi.int/sites/default/files/CourtRecords/CR2016_00608.PDF> [უკანასკნელად გადამოწმების თარიღია: 30 ივნისი, 2024].
[10] International
Criminal Court, Situation in Georgia: Request for Authorisation of an
Investigation pursuant to Article 15, Pre-Trial Chamber, ICC-01/15, 13
October 2015, გვერდი 67, ხელმისაწვდომია: <https://www.icc-cpi.int/sites/default/files/CourtRecords/CR2015_19375.PDF> [უკანასკნელად გადამოწმების თარიღია: 30 ივნისი, 2024].
[11] Report
of the Independent International Fact-Finding Mission on the
Conflict in Georgia, Vol. 2, 2009, გვერდი 366, ხელმისაწვდომია: <https://www.mpil.de/files/pdf4/IIFFMCG_Volume_II1.pdf#page=371> [უკანასკნელად
გადამოწმების თარიღია: 30 ივნისი, 2024].
[12] International
Criminal Court, სქოლიო No. 10, გვერდი 129.
[13] იქვე, გვერდი
126.
[14] Song S-H., The
Role of the International Criminal Court in Ending Impunity and Establishing
the Rule of Law, ხელმისაწვდომია: <https://www.un.org/en/chronicle/article/role-international-criminal-court-ending-impunity-and-establishing-rule-law> [უკანასკნელად გადამოწმების თარიღია: 30 ივნისი, 2024]
[15] Bocchese M., სქოლიო No.
7,
გვერდი 1.
[16] International Criminal
Court, სქოლიო No. 2.
[17] International
Criminal Court, Karim A.A. Khan KC Announces Conclusion of the Investigation
Phase in the Situation in Georgia, Press Release, 16 December 2022, ხელმისაწვდომია:
<https://www.icc-cpi.int/news/prosecutor-international-criminal-court-karim-aa-khan-kc-announces-conclusion-investigation> [უკანასკნელად
გადამოწმების თარიღია: 30 ივნისი, 2024].
[18] Cruvellier
T., ICC/Georgia: “Because of Ukraine Everything Changed”, 2022, <https://www.justiceinfo.net/en/88833-icc-georgia-because-ukraine-everything-changed.html> [უკანასკნელად
გადამოწმების თარიღია: 30 ივნისი, 2024].
[20] რამდენადაც რუსეთის ფედერაცია
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების წევრი არ არის, სასამართლოსთან
თანამშრომლობის ვალდებულება მასზე არ ვრცელდება.
[21] Bocchese
M., სქოლიო No. 7, გვერდები 14, 21.
30 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საგარეჯოში შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა.
8 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გორში შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა.
1 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, ქალაქ წნორში, შეხვედრა - „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა.