GEO   ENG
სიახლეები
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის გამო შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას ეხმიანება
04.11.2019
მიმდინარე  წლის სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების  მიერ,  ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის (ე.წ. „რაზდახანი“) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა. 

3 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით,  ახალგორში რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭაში 60 წლამდე ასაკის თ.გ. ჩავარდა. თვითმხილველის ინფორმაციით, დაშავებულს სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა და, სავარაუდოდ, ხელი ჰქონდა მოტეხილი. მიუხედავად იმისა, რომ ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დადგენილი შეზღუდვების გამო, პაციენტის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების ნაწილს ცხინვალის საავადმყოფოში მკურნალობასთან დაკავშირებით უარყოფითი გამოცდილება აქვს. 

თ.გ. თვითნებურად დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაზარალებული ერთადერთი მოქალაქე არაა. ახალგორის რაიონის, სოფელ იკოთის მკვიდრი მ.მ., რომელიც, სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, 28 ოქტომბერს გზაში გარდაიცვალა. პაციენტი ცხინვალის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. 

დე ფაქტო უწყებების პოლიტიკა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრების მიმართ ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების, საჭირო/გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიღების, მედიკამენტების, პროდუქტების შეძენის შესაძლებლობას ართმევს. იზოლაციაში მყოფ ადამიანები წართმეული აქვთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილ ნათესავებთან ურთიერთობის შესაძლებლობაც. მდგომარეობას ართულებს გაურკვევლობაც, ვინაიდან დე ფაქტო უწყებები არ განმარტავენ, როდის მოხდება ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გახსნა. 

შექმნილმა მდგომარეობამ აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ ვერ აღიქვამს არსებული კრიზისის სიმძაფრეს და არ გააჩნია პრობლემის მოგვარების გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი გეგმა. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ახალგორის რაიონში სრულ იზოლაციაში მოქცეულ მოსახლეობას არ მიეწოდება ინფორმაცია, რა ნაბიჯები იდგმება პრობლემის დასაძლევად. 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადადგას არსებული მდგომარეობის მოსაგვარებლად, მათ შორის, შეიმუშავოს დამატებითი მექანიზმები, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის დროს გათვლილი იქნება მოსახლეობისთვის შექმნილი ზიანის მინიმუმამდე შემცირებაზე.