დემოკრატიის
კვლევის ცენტრმა (DRC) იმ საარჩევნო სუბიექტების პროგრამები შეისწავლა, რომლებიც სხვადასხვა
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, სავარაუდოდ, 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ
და მომდევნო მოწვევის პარლამენტის შემადგენლობას დააკომპლექტებენ.
საარჩევნო
სუბიექტების პროგრამების ანალიზი წარმოდგენილია მათი საარჩევნო ნომრების რიგითობის
მიხედვით. პროგრამები გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების სექტორის
უწყებებზე დემოკრატიული ზედამხედველობის პრიზმაში. „ქართული
ოცნების“ გარდა, ყველა საარჩევნო სუბიექტი პრეზიდენტის მიერ შემუშავებული „ქართული
ქარტიის“ ხელმომწერია და იზიარებს ქარტიით შემოთავაზებულ დღის წესრიგს. „ქართულ ქარტიაში“
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ უფლებაშემზღუდავი
კანონმდებლობის გაუქმების პირობა, რომელიც პარლამენტმა ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო;
მათ შორისაა, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“. ქარტია ასევე ადგენს
რეფორმების დღის წესრიგს სამართალდამცავი სისტემისთვის, თუმცა სამუშაო პროცესში უნდა
გამოიკვეთოს კონკრეტულად როგორ გაიმიჯნება ფუნქცია-მოვალეობები უსაფრთხოების სექტორსა
და სამართალდამცავ უწყებებს შორის.
1.
N4 „კოალიცია ცვლილებებისთვის“
საარჩევნო პროგრამა ადამიანის უფლებების ნაწილში ქარტიის დებულებებისგან
განსხვავებულ ინიციატივებს არ გვთავაზობს. პროგრამა შედარებით უფრო დეტალურია უსაფრთხოების
სექტორის რეფორმირებასთან დაკავშირებით. კოალიციის ხედვის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახური (სუს-ი) უნდა გაუქმდეს. მას უნდა გამოეყოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და
კონტრტერორისტული ცენტრი, რომელიც ერთ უწყებად ჩამოყალიბდება და მის ხელმძღვანელს პრემიერის
წარდგინებით საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა აირჩევს. ანტიკორუფციული
ბიუროს ხელმძღვანელს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ გეგმით, საქართველოს პარლამენტი კვალიფიციური
უმრავლესობით აირჩევს. კოალიცია აპირებს შემოიღოს ეროვნული პოლიციის ინსტიტუტი, რომელიც
გამოეყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს, და რომლის ხელმძღვანელსაც პარლამენტი ორმაგი
ვოტუმით აირჩევს. კოალიციის პროგრამაში დაკონკრეტებული არ არის, უსაფრთხოების სექტორში
ვის რჩება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლებამოსილება და როგორი იქნება
ამ უფლებამოსილებების ფარგლები; ასევე, არაფერია ნათქვამი უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო
ზედამხედველობის გაუმჯობესების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, რაც მნიშვნელოვან
გამოწვევას წარმოადგენს.
2.
N5 კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ -„ქართული ქარტიის“ ინიციატივების გაზიარების მიღმა, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო
პროგრამიდან დეტალურად არ ჩანს, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს კოალიცია ადამიანის
უფლებათა დაცვის მიმართულებით. პარტიის პროგრამაში მოცემულია რამდენიმე სოციალური დაპირება,
რომლებიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სწრაფვა ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად.
მაგალითად, პროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიურ დახმარებას ახალშობილებისთვის, თუმცა
დახმარების მოცულობა მითითებული არ არის. ასევე, გათვალისწინებულია სასკოლო კვებით
უზრუნველყოფა, თუმცა არ არის მითითებული, რა მოდელით განხორციელდება ეს პროექტი. „ნაციონალური
მოძრაობა“ სტუდენტებს ჰპირდება საერთო საცხოვრებლის მშენებლობას და ბინის ქირის სუბსიდირებას,
რაც საბინაო პოლიტიკის არარსებობის პირობებში პოზიტიური ინიციატივაა, თუმცა პროგრამიდან
არ ჩანს, რა მასშტაბის საერთო საცხოვრებელზეა საუბარი, დაახლოებით რა ხარჯს გაიღებს
სახელმწიფო საცხოვრებლისთვის და სტუდენტების ბინის ქირის სუბსიდირებისთვის. „ნაციონალური
მოძრაობის“ პროგრამაში არ ჩანს დეტალური ხედვა უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებასთან
დაკავშირებით. როგორც „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი სუბიექტი, კოალიცია სავარაუდოდ
იზიარებს ქარტიაში არსებულ ზოგად ჩანაწერებს უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების აუცილებლობის
შესახებ, თუმცა პროგრამა არ გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ პარტიის კონკრეტული და
დეტალური ხედვა ამ საკითხზე.
3.
N9 „კოალიცია ძლიერი საქართველო“
- კოალიციის პროგრამა შეიცავს პოზიტიურ ინიციატივებს ეთნიკურ უმცირესობების
უფლებათა, ქალთა უფლებების, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გარდა
ამისა, კოალიციის პროგრამა გულისხმობს კონსტიტუციური სტატუსის მქონე ეროვნული უსაფრთხოების
საბჭოს აღდგენას. კოალიცია მიზნად ისახავს გააუმჯობესოს თავდაცვისა და უსაფრთხოების
სექტორის საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლი. კოალიციის გეგმის თანახმად, საქართველოს
პარლამენტში შეიქმნება კომისია, რომელიც შეიმუშავებს პოლიტიკურ მითითებებს ეროვნული
უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროსთვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების
შემუშავებისთვის. კოალიციის პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის
კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენის და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების
უფლების ჩამორთმევას. ამის ნაცვლად შეიქმნება საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი დამოუკიდებელი
სახელმწიფო ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება
პარლამენტის წინაშე და მისი გადაწყვეტილებები გახდება საჯარო. კოალიციის პროგრამაში
დაკონკრეტებული არ არის, უსაფრთხოების სექტორში ვის რჩება ფარული საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების უფლებამოსილება და როგორი იქნება ამ უფლებამოსილებების ფარგლები. თუმცა,
პროგრამაში მითითებულია, რომ აუცილებელია უსაფრთხოების სამსახურის დეპოლიტიზება და
რეორგანიზაცია. კოალიციის გეგმა ასევე გულისხმობს ნდობის ჯგუფის გაუქმებას, დამოუკიდებელი
გამოძიების ეროვნული ბიუროს შექმნას და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის პროცესში
არასამთავრობო ორგანიზაციების როლის ზრდას. საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად
კოალიცია გეგმავს პარლამენტში უწყების ანგარიშების განხილვის გადავადების დასაშვებობას
მხოლოდ ერთხელ, განსაზღვრული ვადით, და ანგარიშების ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენის
ვალდებულების განსაზღვრას. ასევე, პარლამენტისთავდაცვის
და უშიშროების კომიტეტის გაყოფას ორ კომიტეტად - თავდაცვის და ძალოვანი უწყებების კომიტეტად.
4.
N25 პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- პარტიის პროგრამის თანახმად, ადამიანის უფლებების დაცვა იქნება სახელმწიფო
პოლიტიკის მთავარი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს საქმიანობის
ყველა სფეროში და პრიორიტეტული იქნება არამხოლოდ სამოქალაქო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური
უფლებების დაცვა. პარტიის პროგრამა მოიცავს დეტალურ გეგმას ადამიანის უფლებათა დაცვის
მიმართულებით. პროგრამა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების თვალსაზრისით ვრცელი და დეტალური
დოკუმენტია, მნიშვნელოვანი პოზიტიური ინიციატივებით. უსაფრთხოების სექტორის რეფორმების
კუთხით, პარტიის ინიციატივაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ანტიკორუფციული
დეპარტამენტის ანტიკორუფციულ ბიუროში გადატანა და კორუფციული დანაშაულების გამოძიების
სუს-ის მანდატისგან ჩამოცილება. პროგრამის თანახმად, აუცილებელია უსაფრთხოების სექტორში
პოლიტიკურად ნეიტრალური, კარიერული რყევებისგან დაცული პროფესიონალური სამსახურის ჩამოყალიბება.
თუმცა ამ ნეიტრალიტეტის საკანონმდებლო თუ პრაქტიკული გარანტიები პროგრამაში დაკონკრეტებული
არაა. ასევე, არაა მითითებული, უსაფრთხოების სექტორში ვის რჩება ფარული საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარების უფლებამოსილება და როგორი იქნება ამ უფლებამოსილებების ფარგლები.
საპოლიციო რეფორმის მიმართულებით პროგრამა ყურადღებას ამახვილებს ფუნქციების გამიჯვნაზე,
როგორც სისტემის შიგნით, ისე გამომძიებლებსა და პროკურორებს შორის. ასევე, გამომძიებლების
კვალიფიკაციის გაზრდაზე, გამომძიებლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე და მართლწესრიგის
ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვაზე. პარტიის ხედვით, გენერალური პროკურორი, სუს-ის უფროსი,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის
უფროსი, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, სახალხო დამცველი
და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აირჩევიან პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე.
5.
N41 „ქართული ოცნება“
- საარჩევნო პროგრამა მატერიალური ფორმით არ გავრცელებულა. პროგრამა ელექტრონული
ფორმით არც პარტიის ოფიციალურ გვერდზე იძებნება. პროგრამის
საჯარო ზეპირ პრეზენტაციაზე, ადამიანის უფლებებზე ყურადღება არ გამახვილებულა. ხელისუფლების
მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები და სლოგანები, რომელიც საარჩევნო პროგრამის ზეპირ
პრეზენტაციამდე დიდი ხნის განმავლობაში ჟღერდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო არხების
საშუალებით, სრულად აცდენილია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს. ხელისუფლება
ოპონენტებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სისხლის სამართლის დამნაშავეებად აცხადებს
და გარდა ამისა, ლგბტ პროპაგანდისტებს და ომის გამჩაღებლებს უწოდებს. ოპოზიციური პარტიების
სამართლებრივად აკრძალვა და არაკონსტიტუციურად გამოცხადება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო
კამპანიის ძირითადი თემაა, შესაბამისად, ადამიანის უფლებებზე თუ დემოკრატიულ რეფორმების
შესახებ დაპირებები ამ მოცემულობაში არადამაჯერებელიც იქნებოდა. თუმცა, სახელისუფლებო
პარტიას წინასაარჩევნო კამპანიაში არც კი უცდია მსგავსი დაპირებები თუნდაც სიმბოლურად
გაეცა.
უკანონო დაკავებებთან, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებასთან, წახალისებულ ძალადობასთან ერთად ,,ქართული ოცნება“ რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით ცდილობს ფართომასშტაბიანი პროტესტის ჩახშობას.
ცხინვალის რეგიონში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია.