GEO   ENG
სიახლეები
DRI - მშვიდობიანი აქციის დაშლისას ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა არაპროპორციული ძალა
26.11.2019

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება 26 ნოემბერს გამთენიისას საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშლას და მიიჩნევს, რომ აქციის დასაშლელად გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული.

საქართველოს კანონმდებლობა ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა კუმულატიურად არსებობა აუცილებელია შეკრების და მანიფესტაციის უფლების შესაზღუდად. კერძოდ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის თანახმად, კანონით აღიარებული და დაცული უფლების შეზღუდვა უნდა იყოს მიმართული საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ, უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, პროპორციულად შემზღუდველი და შეზღუდვით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.[1]

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, 26 ნოემბერს გამთენიისას აქციის მონაწილეთა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც აქციის ძალადობრივ დაშლაში გამოიხატა, არ იყო კანონით გათვალისწინებული, არ ემსახურებოდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სიკეთეების დაცვას, არ იყო პროპორციულად შემზღუდველი და დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი. 

კერძოდ, შეკრების დაშლის კანონიერების შემოწმებისას, უპირველს ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რა სიკეთის დაცვას ცდილობდა შსს მშვიდობიანი შეკრების დაშლის გზით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება მოწმობს, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების დასაცავ სიკეთეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. რის მისაღწევადაც, შსს-მ დააკავა 28 პირი,  სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ, მათ შორის, თვითმხილველის ინფორმაციით, აქციის ერთ მონაწილეს თვალი დაუზიანდა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, დასაცავ „სიკეთესა“ და აქციის მონაწილეებისთვის მიყენებულ ზიანს შორის არსებული დისბალანსი მოწმობს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა ვერ აკმაყოფილებდა კანონის მიერ დადგენილ პროპორციულობის მოთხოვნას და, შესაბამისად, უკანონო იყო. ისევე, როგორც კანონით დასაცავ სიკეთედ ვერ ჩაითვლება პარლამენტის შესასვლელების აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისგან გაწმენდის აუცილებლობა.

აქციის დაშლისას პროპორციული ძალის გამოყენების აუცილებლობაზე ხაზგასმით არის მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში.[2] ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, უფრო მაღალი სტანდარტის სამართლებრივ დასაბუთებას მოითხოვს დემონსტრანტების მიმართ სპეციალური ტექნიკის, როგორიცაა წყლის ჭავლის გამოყენებაც.[3]

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან შსს-ს მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის პროფესიონალიზმად შეფასება, ძალადობის პირდაპირ სანქცირებად შეიძლება იქნეს აღქმული და პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.  

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, მოქალაქეთა შეკრებების ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაშლამ უკვე მიიღო სისტემატიური ხასიათი, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან უკანგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

 

[1] საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, მუხლი 2(3).

[2] მაგალითად, Oya Ataman v. Turkey, §§ 41-43

[3] Eğitim ve Bilim Emekçileri Sendikası and Others v. Turkey, § 108

 
 
 
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024