GEO   ENG
სიახლეები
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვას ეხმიანება
28.11.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, 2019 წლის 28 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მეტალის კონსტრუქციებით გადაკეტვა ადამიანის უფლებებში მკვეთრად არაპროპორციულ და დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს.

კონსტრუქციის აღმართვის კანონიერი საფუძვლის არარსებობა

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლში დეტალურად ჩამოთვლის ყველა ის ღონისძიებას, რომლებსაც „პოლიციელი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად იყენებს“. იმ სპეციალურ საშუალებებს შორის, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული, არ გვხვდება მეტალის კონსტრუქციის მქონე ბარიერები.  ვინაიდან იმ საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, შსს-ს მხრიდან კანონით გაუთვალისწინებელი ღონისძიების გამოყენება ლეგიტიმურ საფუძველსაა მოკლებული.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, პოლიციის მიერ სპეციალური საშუალების გამოყენების ინსტრუქცია დეტალურად უნდა იყოს გაწერილი საკანონმდებლო ბაზაში.[1] გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, საჯარო დაწესებულებების შესასვლელის ბლოკირების საფრთხით ვერ იქნება გამართლებული ბარიკადებისა და დაბრკოლებების აღმართვა. აღნიშნული ღონისძიება უნდა იყოს მოსალოდნელი საფრთხის პროპორციული და არ უნდა იქნეს გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუ არ არსებობს დანაშაულის ან მართლწესრიგის დარღვევის განსაკუთრებული რისკი.[2]

ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოუყენებლობა

აღნიშნული კონსტრუქციები შსს-მ აღმართა დემონსტრაციის გამართვამდე რამოდენიმე საათით ადრე, მაშინ, როდესაც პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ალტერნატიული მეთოდებით უზრუნველეყო საჯარო დაწესებულების ფუნქციონირება.   

გადაადგილების შეზღუდვის მოსახლეობისთვის შეუტყობინებლობა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, არც შსს-ს და არც თბილისის მერიის მხრიდან საზოგადოებას არ მიწოდებია ინფორმაცია, რა მიზანს ემსახურებოდა ლითონის კონსტრუქციების აღმართვა და როგორ უნდა დარეგულირებულიყო  ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“  არაპროპორციულად და უკანონოდ მიიჩნევს სახელმწიფოს ჩარევას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჯაროდ გამოქვეყნდეს ბრძანება, რომლის საფუძველზეც გამოიყენეს აღნიშნული ღონისძიება.
 
 
 
[1] CASE OF ABDULLAH YAŞA AND OTHERS v. TURKEY  § 61
[2] CASE OF PRIMOV AND OTHERS v. RUSSIA § 144-148
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026