GEO   ENG
სიახლეები
რუსეთის მოქალაქეობა, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის იარაღი
22.07.2025

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი განკარგულებები და სტრატეგია ცხადყოფბს, რომ რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევის საკითხი წარმოადგენს  მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სამხრეთ კავკასიაში კონტროლის დასამყარებლად, განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ოკუპაციის ნარატივის გასაძლიერებლად.

2025 წლის 17 მაისს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აფხაზეთის მაცხოვრებლების რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესს  განსაკუთრებით უმარტივებს. გამარტივებული პროცესი მათ საშუალებას აძლევდა, მიეღოთ რუსეთის მოქალაქეოება „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“ ფედერალური კანონის გარკვეული სტანდარტული მოთხოვნების დაკმაყოფილების, მათ შორის რუსული ენის და რუსეთის ისტორიის ცოდნისა და რუსეთში გარკვეული წლების განმავლობაში ცხოვრების ფაქტის დადასტურების გარეშე.

პუტინმა 17 ივლისს ასევე გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, ეძლევათ საშუალება საკუთარი საცხოვრებელ ტერიტორიაზევე მიიღონ ან შეცვალონ რუსული პასპორტები. თუმცა, ეს განკარგულება არ გავრცელდა 2025 წლის 17 მაისის განკარგულებით რუსეთის მოქალაქეობის მიმღებ პირებზე.

კრემლი თავის მოქალაქეობას არა მხოლოდ დე ფაქტო რესპუბლიკების რუსეთში ინტეგრაციის ინსტრუმენტად იყენებს, არამედ პოლიტიკური დისიდენტობის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებადაც. რუსეთის მთავრობა, იმ პირებს ართმევს რუსეთის მოქალაქეობას ან უკრძალავს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას, რომლებიც  მოსკოვის ინტერესებს ღიად ეწინააღმდეგებიან ან სათანადოდ ითვალისწინებენ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პასპორტების საერთაშორისო აღიარების არარსებობის გათვალისწინებით კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა საერთაშორისო მგზავრობის შეზღუდვასა და იზოლაციაში მოქცევას გულისხმობს.

2024 წლის მარტში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სამ წევრს: გარი მულდაროვს, დავით სანაკოევს და ძამბოლატ მედოევს, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა. მათი დასჯის სავარაუდო მიზეზი საქართველოსთან მკაფიო „სახელმწიფო საზღვრის“ დადგენის მოთხოვნა იყო, რაც მოსკოვმა, ადგილობრივი პოლიტიკური ინიციატივის არასასურველ და მასთან შეუთანხმებელ გამოვლინებად მიიჩნია. ეს ქმედება, სავარაუდოდ, რუსეთის FSB-ს მიერ იყო ინიციირებული, რომელიც შეიცავდა მკაფიო გზავნილს: პოლიტიკურ ინიციატივები, რომლებიც კრემლის დღის წესრიგს არ შეესაბამება, პერსონალური დასჯის სხვადასხვა მექანიზმებით სრულდება.

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა აფხაზეთში, სადაც 2025 წელს, დე ფაქტო ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენლებს, კან კვარჩიას და ლევან მიქაას, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 2024 წლის შემოდგომის საპროტესტო აქციებში, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. ამასთანავე აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც  რუსეთის ინტერესების გატარებას ემსახურებოდა, მათ შორის “აპარტამენტების კანონს“ და საინვესტიციო შეთანხმებას. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად  „რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის“ სახიფათო მოქმედება დაასახელა.

მსგავსი ქმედებები ავლენს დე ფაქტო რესპუბლიკების „სუვერენიტეტის“ ილუზორულ ბუნებას, რომლითაც რუსეთი აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას. კრემლის მიზანმიმართული „დასჯის“ ტაქტიკა, ემსახურება დამოუკიდებელი პოლიტიკური აზრის ჩახშობას, ადგილობრივი პოლიტიკური დისკურსისა და კავკასიაში საკანონმდებლო ინიციატივების რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნებისთვის დაქვემდებარებას.

მნიშვნელოვანია ამ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების დროული რეაგირება, რათა საერთაშორისო ფორმატში მოხდეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციისა და მოქალაქეობის საკითხით მანიპულირების უპირობოდ დაგმობა. 

საბოტაჟის საქმეზე ბრალდებით და პარტიების აკრძალვით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის პროცესს აჩქარებს

საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მწვავე შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ ბრალი ოპოზიციურ ლიდერებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მძიმე დანაშაულებზე წარუდგინა.

06.11.2025
DRI: რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივა სრულად აუქმებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

DRI ეხმიანება მორიგ რეპრესიულ და ავტორიტარული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიზანი  შეკრებისა და გამოხატვის უფლების სრულად უგულებელყოფაა. 

13.10.2025
ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული რესურსებით აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული პირების უფლებების დაცვას.

10.10.2025