2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი
ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. სასამართლოს
განმარტებით, არშბამ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაავრცელა მასალა, რომელსაც არ ახლდა
რუსეთის კანონმდებლობით მოთხოვნილი მითითება, რომ მასალა უცხოელი აგენტის მიერ იყო
შექმნილი ან გავრცელებული, ან მის საქმიანობას ეხებოდა.
აფხაზი ჟურნალისტის,
ნიზფა არშბას წინააღმდეგ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ კიდევ
ერთხელ გააჩინა კითხვა: სად მთავრდება რუსეთის იურისდიქცია და სად იწყება იმ ტერიტორიაზე
მცხოვრები ადამიანების პირადი და სამართლებრივი სივრცე, რომელსაც იურიდიულად რუსეთის
ფედერაციის ნაწილს არ წარმოადგენს?
თუმცა ამ საქმეში თავად ჯარიმის ოდენობაზე მნიშვნელოვანი სხვა გარემოებებია:
არშბა რუსეთის მოქალაქე არ არის, რუსეთში არასოდეს უცხოვრია და, მისი განცხადებით,
ამ ქვეყანასთან სამართლებრივი ან საცხოვრებელი კავშირი არ აქვს. მეტიც, ჟურნალისტმა
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შემთხვევით, ინტერნეტიდან შეიტყო.
ნიზფა არშბა
ოპოზიციური ჟურნალისტი და Telegram-არხ „აიაშარას“ ავტორია.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ იგი „უცხოური აგენტების“
რეესტრში ჯერ კიდევ
2025 წლის მარტში შეიყვანა, აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო
არჩევნების დასრულებისთანავე. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ჟურნალისტის საქმიანობასა
და მის საჯარო პოზიციებს უკავშირდება. არშბა არაერთხელ გამოსულა იმ კანონპროექტებისა
და რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებების წინააღმდეგ, რომლებიც, მისი შეფასებით, აფხაზეთის
ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მსგავსი პოზიციის გამო ორ აფხაზ
პოლიტიკოსს, კან კვარჩიასა და
ლეონ მიქაას, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ხოლო სამი ჟურნალისტი,
მათ შორის არშბა, უცხოური აგენტების რეესტრში შეიყვანეს.
რუსეთში „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონმდებლობა თავდაპირველად ორგანიზაციებისა
და პირების საქმიანობის უცხოურ დაფინანსებასა და გავლენასთან დაკავშირებულ საკითხებზე
იყო ორიენტირებული, თუმცა დროთა განმავლობაში მისი მოქმედების სფერო მნიშვნელოვნად
გაფართოვდა. ამ სტატუსის მიღების შემდეგ პირს ეკისრება მთელი რიგი ვალდებულებები. მათ
შორისაა საჯარო განცხადებების, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალებისა და სხვა
ინფორმაციის სპეციალური ნიშნით გამოქვეყნება. სწორედ ამ მოთხოვნის დარღვევაში დაადანაშაულა
რუსეთის სასამართლომ ნიზფა არშბა.
პრობლემა კი ისაა, რომ ეს მოთხოვნები რუსეთის ხელისუფლებამ დაუწესა ადამიანს,
რომელიც რუსეთის მოქალაქე არ არის და რუსეთის ტერიტორიაზე არ ცხოვრობს. ამ დანაწესის
დარღვევისთვის პირს ჯარიმა ეკისრება,
განმეორების შემთხვევაში კი შესაძლოა სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობაც
დადგეს. პრაქტიკაში ეს „იარლიყი“ სტიგმასა
და დევნას ნიშნავს.
აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის
ამას დამატებითი შედეგი აქვს: გადაადგილების ფაქტობრივი
შეზღუდვა. საზღვარგარეთ წასვლის ყველაზე ხელმისაწვდომი მიმართულება რუსეთია და „დიდ სამყაროში“
გზაც მასზე გადის. „უცხოური აგენტებად“ გამოცხადებული ადამიანები კი რუსეთში გამგზავრებას
ერიდებიან და სხვა ქვეყნებში გადაადგილებაც
შეზრუდული აქვთ.
არსებულ გარემოებებში მთავარი კითხვა მაინც ის რჩება, თუ როგორ და რატომ
განიხილა ვლადიკავკაზის
სასამართლომ
უცხო
ქვეყნის
მოქალაქის
საქმე?
სასამართლოს გადაწყვეტილებაში
აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი სხდომას არ ესწრებოდა და გამოუცხადებლობის მიზეზი არ განუმარტავს.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ის საქმის განხილვის შესახებ ინფორმირებული იყო
და მას შეტყობინება რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებელ მისამართზე გაეგზავნა. მაგრამ
არშბას განცხადებით, დასახელებული მისამართი მისთვის უცნობია, რადგან რუსეთში მას არასოდეს
უცხოვრია.
არშბა მხოლოდ დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეა.
მისი კოლეგის, იზიდა ჩანიასგან განსხვავებით, რომელსაც აფხაზურ-რუსული ორმაგი მოქალაქეობა აქვს, არშბას რუსეთთან
არანაირი სამართლებრივი კავშირი არ ჰქონია.შესაბამისად, შეტყობინების პროცედურა მასზე ვერ გავრცელბოდა.
რუსეთის მოქალაქე, მათ შორის რეესტრში
შეყვანილი პირი, ჯარიმის შესახებ
შეტყობინებას პორტალ „სახელმწიფო სერვისების“ პირად კაბინეტში იღებს. არშბა არც მოქალაქეა, არც
რეზიდენტი, ამიტომ პორტალზე რეგისტრირებული არ არის და
შესაბამისად, შეტყობინებასაც
ვერ მიიღებდა.
ფორმალურად ამ
მიდგომას რუსული კანონმდებლობის ექსტრატერიტორიული გამოყენება უდევს საფუძვლად: ვინც რეესტრში მოხვდა,
მასზე რუსული მოთხოვნები ვრცელდება, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და ნების მიუხედავად.
ფორმალობების გვერდის ავლით კი ამ კონსტრუქციას
რეალური სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ადამიანი,
რომელიც არ არის რუსეთის
იურისდიქციის სუბიექტი, ისჯება არარსებულ მისამართზე გაგზავნილი წერილის საფუძველზე.
არშბა ჯარიმის
გადახდას არ აპირებს. თუმცა
პრეცედენტს სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს: „უცხოური აგენტების“ კანონის განმეორებით დარღვევისთვის მას უკვე სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობაც
დაემუქრება. თავად აფხაზეთში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მისთვის საფრთხე ამჟამად არ არსებობს, მაგრამ
ხელისუფლება ამ საკითხზე დუმს.
ერთი დამოუკიდებელი
ჟურნალისტის საქმე ცხადყოფს, როგორ გამოიყურება რუსეთის გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპირებული აფხაზეთი ოფიციალურად „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ იწოდება, მაგრამ რუსული რეპრესიული აპარატი მის მოქალაქეებს ისე
ექცევა, თითქოს რუსეთის იურისდიქციაში იყვნენ. ვლადიკავკაზის სასამართლო ადამიანს სჯის, რომელსაც რუსეთთან
არც მოქალაქეობა აკავშირებს, არც საცხოვრებელი ადგილი
და არც რაიმე სამართლებრივი
ვალდებულება.
რუსეთის გავლენა აფხაზეთზე ხშირად განიხილება სამხედრო, ეკონომიკური ან
პოლიტიკური კუთხით. ნიზფა არშბას საქმე კი ამ გავლენის კიდევ ერთ, მიმართულებას განზომილებას
აჩვენებს — სამართლებრივს.
როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს
უცხოვრია, კრემლის სასამართლო სოციალური ქსელის პოსტისთვის აჯარიმებს, საკითხი უკვე
მხოლოდ ერთი ჟურნალისტის დასჯას აღარ ეხება. ის გვაჩვენებს, რამდენად შორს შეიძლება
გავრცელდეს რუსეთის სამართლებრივი და პოლიტიკური გავლენა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც
რუსეთის მიერ კონტროლდება, მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთის ნაწილი
არ არის.
სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ.
კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.
ხელისმომწერი ორგანიზაციები, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე.