GEO   ENG
სიახლეები
DRI - თამარ მეარაყიშვილის საკითხი კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარესთან დღის წესრიგის თემა უნდა გახდეს
24.01.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, ხელისუფლების ძალისხმევა, დახმარება აღმოუჩინოს ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს, არასათანადო და არასაკმარისია. ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის საკითხი 2018 წლის შემდეგ არ დამდგარა მხარეთა დღის წესრიგში როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის[1], ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. საჯაროდ გავრცელებული წყაროების მიხედვით, მისი საკითხი არც ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილულა.[2]

ახალგორელი აქტივისტი 2017  წლის 16 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ საცხოვრებელ სახლთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შესაბამისი ორდერის გარეშე დააკავა. მოგვიანებით, მას ბრალი პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის.

თამარ მაეარაყიშვილის მიმართ ბრალის წარდგენიდან 2 წელი და 6 თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მას შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ფაქტობრივ შინაპატიმრობაშია.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლომ მეარაყიშვილი სამჯერ სრულად გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში, პროკურატურამ ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2020 წლის 17 იანვარს, ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და მეარაყიშვილი მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამების ბრალდებაში გაამართლა. თუმცა სისხლის სამართლის ორი საქმე - სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღება, საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად ფლობა და გაყალბებული  პასპორტით სარგებლობა, ძალაში დატოვა და პირველ ინსტანციაში  ხელახლი განხილვისთვის დააბრუნა. 

სასამართლო სხდომაზევე მოსამართლის მხრიდან გაკეთდა მითითება იმის შესახებ, რომ ე.წ. მოქალაქობის უკანონოდ მიღების ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მეარაყიშვილს ახალგორიდან იძულებით გაძევება ემუქრება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში, თამარ მეარაყიშვილის ახალგორიდან იძულებით გაძევების მუქარა რეალურია. შესაბამისად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტი ახალგორელი აქტივისტის დასახმარებლად. მათ შორის, მეარაყიშვილის საკითხი უნდა გახდეს  დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე  კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში.

* * * *

თამარ მეარაყიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს კონფლიქტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და აქტივისტებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. თამარ მეარაყიშვილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. 2018 წელს მას საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა ტიტა გადასცა. იმავე წელს მეარაყიშვილი „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად დაასახელა.

 

[1] https://smr.gov.ge/ge/news/read/1311/?fbclid=IwAR3eg6BpAITYz3SxDvXo5hnmT_f2-gvWTUMo8Kr65h5CtJJgNrnoVL0z0ZQ

[2] https://smr.gov.ge/ge/news/read/1786/saxelmwifo-ministri-briuselshi-nato-saqartvelos-komisiis-sxdomaze-sityvit-gamovida

სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024