GEO   ENG
სიახლეები
DRI: აქციის მონაწილეების საკრებულოში არშეშვება წარმომადგენლობითი ორგანოების საჯაროობის პრინციპს ეწინააღმდეგება
27.01.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამკვირვებლები 27 იანვარს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების[1] მიერ ორგანიზებულ აქციას დააკვირდნენ.

აქციის მიზანი 

აქციის მიზანი იყო საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის გაპროტესტება. მონაწილეები დეპუტატის ცემის დროულ და ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავე პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვდნენ.

დაკვირვების შედეგები

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორების შეფასებით, აქციაში მონაწილეობას იღებდა 100-მდე ადამიანი. საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე  მობილიზებული იყო მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის 50-მდე წარმომადგენელი. დამკვირვებლების შეფასებით, სამოქალაქო ტანსაცმლიანი პირები, რომლებსაც ხშირი და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ სამართალდამცავებთან, ასევე იყვნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

დემონსტრანტებმა თბილისის საკრებულოს შენობის გარე ფასადზე კანონდარღვევით[2] გააკრეს ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე დეპუტატთა ფოტოსურათები, წარწერით - „მოძალადე“.

დემონსტრანტებისათვის შექმნილი დაბრკოლებები                               

დემონსტრანტების სახელზე დაშვებული საშვების მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გაურკვეველი საფუძვლით არ მისცეს შენობაში შესვლის შესაძლებლობა.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, სამართალდამცავებმა საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“[3] საკრებულოში შესვლის უფლება არ მისცეს არც თბილისის საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ შენიშნავს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა[4], როდესაც აქციის მონაწილეებს, მათზე დაშვებული საშვების მიუხედავად, არ ეძლევათ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი ორგანოების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპს და არასწორ პრაქტიკას წარმოადგენს.

 

 

[1] სამოქალაქო მოძრაობები „შეცვალე“ და „გაბედე“

[2] ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსი, მუხლი 150

[3] სალომე სამადაშვილი და ბადრი ბასიშვილი

[4] აქციის მონაწილეებს, მათზე დაშვებული საშვების მიუხედავად, პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს არც 21 იანვარს.

 

რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026