GEO   ENG
ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები
11.12.2019
სოფელ ზარდიაანთკარში და გუგუტიაანთკარში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ უახლესი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ამ დროისთვის არ არსებობს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის აღწერა ბოლოს 2014 წელს ჩატარდა. აღწერისას,[1] გუგუტიაანთკარში 144 (71 კაცი,  73 ქალი), ხოლო ზარდიაანთკარში 28 (14 კაცი, 14 ქალი) ადამიანი ცხოვრობდა.

ორივე დასახლებაში ადგილი აქვს მოსახლეობის აქტიურ მიგრაციას. მიზეზი უსაფრთხოებასთან ერთად, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია.

სოფელი ზარდიაანთკარი

ზარდიაანთკარზე კონტროლი ქართულმა მხარემ მხოლოდ 2012 წელს აღადგინა. მას შემდეგ, სოფელში პოლიციის საგუშაგო ფუნქციონირებს. სოფელში შესვლა მხოლოდ ქართული საგუშაგოს გავლის შემდეგაა შესაძლებელი, სადაც ქართველი სამართალდამცველები მგზავრების დოკუმენტებს ამოწმებენ, ვიზიტის მიზანს იკვლევენ და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პოლიციის ესკორტს გაყოლებენ.  

ზარდიაანთკარის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. 2012 წელს, საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან 4 წლის შემდეგ დაბრუნებულ მოსახლეობას ომის შედეგად დაზიანებული სახლები და ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად დაკარგული საძოვრები დახვდა.

გ.გ. ომის დროს დამწვარი სახლის სახურავის აღდგენას 2012 წლიდან დღემდე უშედეგოდ ითხოვს. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან საცხოვრებელ მდგომარეობაში მხოლოდ ერთი ოთახია მოყვანილი, ისიც, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. გ.გ-მ 2009 წელს კომპენსაციის სახით 15 ათასი დოლარი მიიღო, თუმცა, ვინაიდან თანხის მიღებისას სოფელზე კონტროლს ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახორციელებდა, შენობის აღდგენა ვერ შეძლო. აცხადებს, რომ რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, აღნიშნული თანხა ფიზიკური არსებობისთვის და პატიმარი შვილის ხარჯების გასასტუმრებლად დასჭირდა.  მიუხედავად იმისა, რომ სახლი სრულად საჭიროებს აღდგენას -  ხელისუფლებას მხოლოდ სახურავის შეძენას სთხოვს.
ომის დროს ნახევრად დამწვარი, დაზიანებული და გაძარცვული სახლისთვის კომპენსაცია არ მიუღია ც.ე-ს. აცხადებს, რომ საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს სახლის სრულად რეაბილიტაციას. ც.ე-ს ოჯახის კუთვნილი 2 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი, მოუვლელობის[2] გამო გაპარტახებულია და მოსავალს აღარ იძლევა.

სოფლის მაცხოვრებლები დაკარგული საძოვრების გამო პირუტყვს ვერ ინახავენ. „ომისგან მიყენებული ზარალი აგვინაზღაურონ, ჩვენ სხვას არაფერს ვითხოვთ. ომამდე გამართული სახლები გვქონდა, ხეხილით სავსე ბაღები, საქონელი. ახლა საქონელი ერთ, ან ორ ადამიანს თუ ჰყავს და ისინიც დადიან და თოკით დაჰყავთ. თუ გაიქცა ის საქონელი, მერე იმ გამყოფი საზღვრიდან ვერც გამოიყვან“ - გვითხრა ც.ე-მ.

ომის დროს დამწვარი სახლის აღდგენას ითხოვს ამავე სოფელში მცხოვრები თ.ტ-ც. აცხადებს, რომ სახლი მის შვილს ეკუთვნის და უსახსრობის გამო, აღდგენას ვერ ახერხებს. თავად თ.ტ-ს 2009 წელს მიღებული აქვს 15 ათასი დოლარის კომპენსაცია. თუმცა, ისევე, როგორც სოფლის სხვა მაცხოვრებლები, გვიხსნის, რომ იმჟამად სოფელზე კონტროლი დაკარგული იყო და  სახლის აღდგენას ვერ შეძლებდა. დასძენს, რომ მანაც მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, თანხა საკვებზე და ჯანმრთელობის მხრივ არსებულ სხვადასხვა საჭიროებებზე დახარჯა.

შეკეთებას და სახურავის გამოცვლას საჭიროებს ზარდიაანთკარში მცხოვრები ჯ.თ-ს საცხოვრებელი სახლიც. სახლის სახურავი ტყვიებისგანაა დაზიანებული, დახეთქილია კედლები.  

დაზიანებული სახლების გარდა, ზარდიაანთკარში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე წვრთნებიც აწუხებთ. ადგილობრივების განმარტებით, სროლის და აფეთქებების ხმა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაც ფიზიკური დაუცველობის განცდას ამძაფრებს. ადგილობრივების განმარტებით, რომ არა პოლიციის არსებობა მათ სიახლოვეს, სოფელს თავადაც დატოვებდნენ.
შიშის და უპერსპექტივობის გამო ახალგაზრდები ზარდიაანთკარს ტოვებენ. სოფელს ერთი სკოლის მოსწავლე და ორი სტუდენტი ჰყავს. მოსწავლე მერეთის სკოლაში დადის და ტრანსპორტი ემსახურება. სტუდენტებს სწავლის თანხას სახელმწიფო უხდის.
სოფელს მიეწოდება ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და სასმელი წყალი. ზარდიაანთკარი მაღალმთიანი დასახლებების სიაში შედის. შესაბამისად, სოფლის მაცხოვრებლები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობენ. ზამთარში იღებენ ბუნებრივი აირის ე.წ. 200 ლარიან ვაუჩერს, ნაწილობრივ სუბსიდირებული აქვთ ელექტროენერგია, თუმცა ეს ვერ ცვლის მათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ზარდიაანთკარი მიმდინარე წელს სეტყვამ დააზარალა. თუმცა, მოსახლეობის განცხადებით, არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღება  არ მიუღიათ. შხამ-ქიმიკატების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთების შესაძენად განკუთვნილი 300 ლარიანი ვაუჩერი, რაც მოსახლეობას სეტყვის შემდეგ დაურიგდა, მათი განცხადებით, საჭიროებების ადეკვატური არ იყო.

სოფელი გუგუტიაანთკარი

ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ სოფელ გუგუტიაანთკარშიც, სადაც მოსახლეობამ ე.წ. „ბორდერიზაციის“ გამო საძოვრები და გაშენებული ბაღები დაკარგა.

ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდა რ.ჯ-ს და მ.კ-ს მიწის ნაკვეთი, რომელიც მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. „ომამდე გვქონდა ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი. მოგვყავდა სიმინდი, ლობიო, ხახვი - ადამიანურად ვინახავდით ჩვენს ოჯახებს. არავიზე ვიყავით დამოკიდებული. ახლა გავლებულია საზღვარი და ჩვენი მიწა დაკარგულია“, - გვითხრა რ.ჯ-მ.   მიწის ნაკვეთი დაკარგა ნ.გ-მაც. მისი ნაკვეთი საოკუპაციო ხაზთან ახლოსაა. ამბობს, რომ გატაცების შიშით ნაკვეთთან ახლოს ვერ მიდის.

ზარდიაანთკარის მსგავსად, „ბორდერიზაციის“ გამო საძოვრები დაკარგა გუგუტიაანთკარმაც. შესაბამისად, მსხვილფეხა საქონელი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს ყავს. ადგილობრივები ძროხებს საბალახოდ ვერ უშვებენ, რადგან ე.წ. საზღვართან მიახლოების საშიშროებაა. „მორიგებით დაგვყავს [ძროხები] საბალახოდ. ომამდე ეს პრობლემა არ გვქონდა. იყო სოფლის საძოვრები და ვუშვებდით საქონელს“- გვითხრა მ.კ-მ სოფელ გუგუტიაანთკარიდან.

გუგუტიაანთკარში დაბრუნებულმა მოსახლეობამ, ამ დრომდე, ვერ მოახერხა ტყვიებისგან დაზიანებული სახურავების შეცვლა.
მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენას და  ხელშეწყობას ითხოვს.   „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები და პროდუქტებით ერთჯერადი დახმარება, რომელიც მოსახლეობამ წელს სეტყვის შემდეგ მიიღო, ვერ ცვლის მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობას.

გუგუტიაანთკარს საბავშვო ბაღი არ აქვს. დაწყებითი სკოლის შენობაში, რომელიც 2008 წლის ომამდე ფუნქციონირებდა, ომის შედეგად დაზარალებული ოჯახი ცხოვრობს. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებს სოფელ მერეთში მდებარე სკოლაში უწევთ სიარული. მართალია, სკოლის მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურება, თუმცა მოსახლეობა გუგუტიაანთკარის დაწყებითი სკოლის ფუნქციონირების აღდგენას ითხოვს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გორის მუნიციპალიტეტის მერეთის თემის სოფლების ზარდიაანთკარის და გუგუტიაანთკარის პრობლემებზე, კითხვებით  მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ორგანიზაცია აგრძელებს გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების კვლევას.

სოფელებში ზარდიაანთკარი და გუგუტიაანთკარი ვიზიტი შესაძლებელი გახდა დემოკრატიის ევროპული წვლილის (EED) ფინანსური დახმარებით.

 

 

[1] მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა. მოსახლეობის რიცხოვნობა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების და სქესის მიხედვით  http://census.ge/ge/results/census1/migration

[2] ზარდიაანთკარზე კონტროლი საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 2012 წელს აღადგინა. შესაბამისად, 2008-2012 წლებში მოსახლეობას არ ქონდა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამუშავების შესაძლებლობა.

 
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024