GEO   ENG
ანგარიშები
26 წელი - დევნილები ღირსეული ცხოვრების პირობების მოლოდინში
06.12.2019

აფხაზეთში კონფლიქტიდან 26 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ დღემდე ვერ შეძლო ყველა დევნილი ოჯახისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.  სხვადასხვა რეგიონებში გაფანტული დევნილების ნაწილი კვლავ აგრძელებს ცხოვრებას შენობებში, რომელიც საცხოვრებელი დანიშნულების არ არის. შესაბამისად, ადგილზე არცერთი საყოფაცხოვრებო კომუნიკაცია არ არის გაყვანილი. აქ, ადამიანებს ერთი ოთახი აქვთ საძინებლის, მისაღების და აბაზანის ფუნქციით. საპირფარეშო კი, თითქმის ყველა მსგავს ობიექტზე, საერთო სარგებლობისაა. მოზარდები, პენსიონერები, შუა ხნის ადამიანები - სრულად არიან დამოკიდებული  ბინების განაწილების სისტემის კეთილსინდისიერებაზე. ამის გამო უსამართლობის განცდა აქვთ. გვიყვებიან, რომ საცხოვრებელი ფართები მათზე უკეთეს პირობებში მყოფმა ოჯახებმა უკვე დიდი ხნის წინ მიიღეს. ამბობენ, რომ სახელმწიფო ყველა დევნილს უნდა დაეხმაროს, მაგრამ გასათვალისწინებელია „ვინ, სად და რა პირობებში ცხოვრობს“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი შამგონა

შამგონა საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებაა. აქ, დევნილების ორ კომპაქტურ დასახლებას ვსტუმრობთ. არც ერთი შენობა საცხოვრებელი დანიშნულების არაა. ერთი ყოფილი საბავშვო ბაღია, ხოლო მეორე  სოფლის ადმინისტრაციული კატეგორიის ობიექტი -  მას „კანტორის“ შენობას უწოდებენ.

ადგილობრივების თქმით, დღეს ე.წ. „კანტორის“ შენობაში 7 ოჯახი ცხოვრობს. შენობაში არ არის შეყვანილი სასმელი წყალი, არ აქვთ ბუნებრივი აირი, არ აქვთ აბაზანა, სარგებლობენ ეზოში არსებული საერთო საპირფარეშოთი.

ოჯახები, რომლებსაც ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ ამ შენობაში 25 წელზე მეტია ცხოვრობენ და „ბინის რიგში“ დგანან. ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვს ჩვენს მიერ ადგილზე გამოკითხული ყველა რესპონდენტი. განმარტავენ, რომ მათთვის უცნობი და გაუგებარი სქემით ხდება ოჯახებისთვის ქულების მინიჭება. დასძენენ, რომ „დევნილთა სამინისტრო“ ბინებით დაკმაყოფილებას ყოველ საარჩევნო წელს პირდება. ბოლო დაპირების თანახმად, „კანტორის“ შენობაში მცხოვრები ოჯახები 2020 წელს უნდა დააკმაყოფილონ. აფხაზეთიდან დევნილები ამ დაპირებას იმედიანად არ უყურებენ.

მოქალაქე კ.ჭ. ამბობს, რომ ოჯახის ორ წვერთან ერთად 26 წელია „კანტორის” შენობაში ცხოვრობს. ყოველდღე  ეზიდება სასმელ წყალს ეზოდან, სახლში „იღებს აბაზანას“ და სარგებლობს საერთო საპირფარეშოთი, რომელიც „ანტისანიტარიის ბუდეა.“ ოჯახი სახელმწიფოსგან ბინას ითხოვს. კ.ჭ. გვიხსნის, რომ სანამ „იმქვეყნად წავა“ ერთი დღე მაინც უნდა ადამიანურად იცხოვროს - თავზე არ დააწვიმოს და ფანჯრიდან შემოსულმა ქარმა  არ გაყინოს.  

„სტუმრის მისაღები, საძინებელი, სამზარეულო, აბაზანა - ყველაფერი ერთ ოთახში გვაქვს. ეს არ არის ცხოვრება. წლებია ვითხოვთ ბინით დაკმაყოფილებას. მოვა კომისია, ნახავს, რაც გვჭირს და წავა, სხვა შედეგი არაფერი. ჩვენ თუ არ გვეკუთვნის ბინით დაკმაყოფილება, ასეთ პირობებში მყოფ ადამიანებს, აბა ვის ეკუთვნის?!“ - საუბრობს კ.ჭ.

ასეთივე პირობებში ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი კ.ჯ. მას წელს სოციალური დახმარება 10 ლარით შეუმცირეს. ამბობს, რომ მის ერთსულიან ოჯახს არაფერი შემატებია და არ იცის,  ქულები რის გამო შეიცვალა. გვიყვება, რომ წლებია გაუსაძლის პირობებში ერთ ოთახში ცხოვრობს და სახელმწიფოსგან ბინას ელის. ბინით როდის დააკმაყოფილებენ, არ იცის. ამ ზამთრის გადატანა, შეშის ღუმელით და ფანჯრის კუთხეებში ჩატენილი ცელოფნების იმედად მოუწევს. 

„კანტორის“ შენობაში მცხოვრებ გ.ა.-ს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აწუხებს. რთული საყოფაცხოვრებო პირობების გამო, არაერთხელ მიმართა სახელმწიფოს ბინით დროულად დაკმაყოფილების თხოვნით. უკვე 26 წელია ბინით დაკმაყოფილებას ელის დევნილი ნ.ა.-ს ოჯახიც.  

მეორე ობიექტი, რომელსაც ვსტუმრობთ, სოფლის ყოფილი საბავშვო ბაღია, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. მ.გ.-ს ოჯახში ოთხი წევრია, აქედან ერთი არასრულწლოვანია. „ეს ლინოლიუმი რომ ავწიოთ, ნახავთ, რა გვაქვს იატაკის ნაცვლად. ეს შენობა ძალიან ძველია, კედელს წყალი მოუყვება და  დალპა ყველაფერი. გვაქვს  საერთო გამოყენების საპირფარეშო და ვართ ასე, ვწვალობთ. ბინას ვითხოვთ უკვე მერამდენე წელია. ხან ხუთი ქულა მოგვანიჭეს, ხან სამი და ხანაც ექვსი. არ ვიცი, ეს რის მიხედვით“, - გვიყვება სოფელ შამგონას ყოფილ საბავშვო ბაღში მცხოვრები მ.გ.

სახელმწიფოსგან ბინით დაკმაყოფილებას წლებია უშედეგოდ ელიან მ.გ., მ.ზ. და ნ.ნ.-ს ოჯახები. ადგილ-ადგილ აყრილი იატაკი, სახურავიდან ჩამოსული წყალი, ნესტი ყველა ოთახში, ხის კარ-ფანჯრები, რომელიც ვერ უმკლავდება ქარს და სიცივეს - ეს აქ, მცხოვრები დევილების ყოველდღიური, რთულად ასატანი რეალობაა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ დევნილთა განსახლების ორივე ობიექტის შესახებ კითხვებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ორგანიზაცია აგრძელებს საკითხზე მუშაობას და მის ხელთ არსებული რესურსებით, ცდილობს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

 

მასალა მომზადდა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) მიერ, პროექტის“ადამიანის უფლებათა დაცვის” ხელშეწყობა  “საზღვრის წინა ხაზზე” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება “დემოკრატიის ევროპული წვლილის” (EED) ფინანსური მხარდაჭერით.

 
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024