GEO   ENG
სიახლეები
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმდინარე აქციებს აკვირდება
19.02.2020
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამკვირვებლები 17 და 18 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს დააკვირდნენ.

18 თებერვალი

აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორები  დააკვირდნენ 2020 წლის 18 თებერვალს სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ მიერ სოლოლაკში,  პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართულ შეკრებას, რა დროსაც სამართალდამცავებმა სრულად  გადაკეტეს გვირაბის შესასვლელის ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს, ერთი მხრივ, თბილისის ბოტანიკური ბაღის, ხოლო, მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის შესასვლელს. აღნიშნული ქმედებით შეკრების მონაწილეებს არ მიეცათ თავისუფალად გადაადგილების შესაძლებლობა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, სამართალდამცავების მიერ მიღებული ზომები არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნის პროპორციულ ღონისძიებად, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, შეკრების ხასიათი, მასში მონაწილე პირთა რაოდენობა და მათ მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეიცავდა  საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის რეალურ და კონკრეტულ საშიშროებას.

აქედან გამომდინარე, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიება - საზოგადოებრივ სივრცეში შესასვლელი გზის სრულად ბლოკირება, თავისი ხასიათით, არ იყო აუცილებელი და პროპორციული, ვინაიდან პოლიციის მიერ სავარაუდოდ ნაგულისხმევი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების“ მიზნის მიღწევა სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებითაც შეიძლებოდა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“  შეფასებით, აღნიშნული ღონისძიებით  შეკრების მონაწილეებს უკანონოდ, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე, შეეზღუდათ საჯარო სივრცეში შეკრებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლება.

აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორების შეფასებით, პარლამენტთან გამართულ აქციაში მონაწილეობას იღებდა 200-მდე ადამიანი. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (შ.ჩიტაძისა და დ.ჭიჭინაძის ქუჩებზე) მობილიზებული იყო  საპატრულო და კრიმინალური პოლიციის 130-მდე წარმომადგენელი.

შეკრების მონაწილეებმა „სირცხვილის დერეფანი“ გააკეთეს და პარლამენტში შესულ/გამოსულ დეპუტატებს შეძახილებითა და სტვენის ფონზე შეხვდნენ. მოგვიანებით, ჩიტაძის ქუჩაზე მყოფმა აქტივისტებმა დაიწყეს მსვლელობა ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით და იქ მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

შეკრების მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჭიჭინაძის ქუჩა გადაკეტეს. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა, სამართალდამცავები დემონსტრანტებს მოუწოდებდნენ სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ, რასაც აქტივისტები არ დაემორჩილნენ. სამართალდამცავები ძალის გამოყენებით (მიწოლით) შეეცადნენ, გადაეყვანათ შეკრების მონაწილეები აღნიშნული ტერიტორიიდან, თუმცა - უშედეგოდ. სწორედ ეს გახდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი.

17 თებერვალი

17 თებერვალს პარლამენტის წინ შეკრებილმა პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორების შეფასებით, აქციაში მონაწილეობას იღებდა 30-მდე ადამიანი. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო  საპატრულო და კრიმინალური პოლიციის 40-მდე წარმომადგენელი.

აქცია მშვიდობიანი ხასიათის იყო, თუმცა აქციის მიმდინარეობისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დემონსტრანტებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს შორის. დაძაბულობა პოლიციამ აღმოფხვრა. მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის[1] მიუხედავად, წითელი საღებავი მოასხეს, როგორც თვითონ აღნიშნეს, ირაკლი შოთაძის მიერ გამოუძიებელი არაერთი სისხლიანი საქმის სიმბოლოდ. პოლიციის წარმომადგენლებს აქციის მონაწილეებისთვის ხელი არ შეუშლიათ.

აქციის მონაწილეებისთვის შექმნილი დაბრკოლებები  
                                    
აქციის რამდენიმე მონაწილეს, მათ სახელზე დაშვებული საშვების მიუხედავად, შენობაში შესვლის შესაძლებლობა გაურკვეველი საფუძვლით არ მისცეს, რაც სამოქალაქო აქტივისტებსა და საპატრულო პოლიციას შორის მცირე დაპირისპირების მიზეზი გახდა. 

გენერალური პროკურორის არჩევა წარმოადგენს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. განსაკუთრებით, იმის  გათვალისწინებით, რომ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატი - ირაკლი შოთაძე 2015-2018 წლებში გენერალური პროკურორის თანამდებობას უკვე იკავებდა და მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. შესაბამისად, გენერალური პროკურორობის კანდიდატისთვის სავარაუდო დისკომფორტის თავიდან აცილება არ შეიძლება ჩაითვალოს იმ კანონიერ მიზნად, რომელმაც შეიძლება გაამართლოს საჯარო დაწესებულებაში დაინტერესებული, შესაბამისი საშვის მქონე მოქალაქის შესვლის დაბრკოლება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ შენიშნავს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა[2], როდესაც აქციის მონაწილეებს, მათზე დაშვებული საშვების მიუხედავად, არ მიეცათ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი ორგანოების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპს და არასწორ პრაქტიკას წარმოადგენს.
 


[1] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 150, 21  ნაწილი.
[2] აქციის მონაწილეებს, მათზე დაშვებული საშვების მიუხედავად, პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს არც 21 იანვარს. მიუხედავად დაშვებული საშვებისა, დემონსტრანტებს საკრებულოს შენობაშიც არ მიეცათ შესვლის უფლება არც 27 იანვარს.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024