GEO   ENG
ანგარიშები
სოფელი ბერშუეთი - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები
23.03.2020

21 მარტს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გუნდის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერშუეთი მოინახულეს. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით,[1] გორის მუნიციპალიტეტის ზეღდულეთის თემის სოფელ ბერშუეთში 837 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივების განცხადებით, სოფელში  300-მდე კომლია.

სოფელი ბერშუეთი ესაზღვრება ტერიტორიას, რომელსაც დღეს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. საოკუპაციო ზოლთან მავთულხლართების ნაცვლად ტერიტორია დიდი ზომის ჯვრითაა მონიშნული.

სოფელში შესვლა და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. ამ სოფლის საგზაო მონაკვეთზე ქართული პოლიციის საგუშაგო არ არის განთავსებული. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა სოფლის განაპირას, სასაფლაოს ზემოთ,  ბანერი დააყენეს, მოსახლეობას დაუცველობის განცდა გაუმძაფრდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიასთან მიახლოება რისკთანაა დაკავშირებული.

ოკუპაციის გამო, სოფელმა საძოვრები დაკარგა. მიწის ნაკვეთების უმეტესობა, რომელსაც ბერშუეთელები საძოვრად იყენებდნენ, ე.წ. საოკუპაციო ზოლის მეორე მხარესაა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც, რასაც მოსახლეობა განსაკუთრებით განიცდის.

ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანები სოფლის ძირითად გასაჭირად სასმელად უვარგის წყალს ასახელებენ. მათი თქმით, წყალი, რომელიც მიეწოდებათ, დასალევად უვარგისია, რაც შემოწმებითაც დადასტურდა. პრობლემები აქვთ სარწყავ წყლთან დაკავშირებითაც, რაც ხელს უშლით ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანაში. ვიზიტის დროს სოფლის მაცხოვრებლებმა დაუმუშავებელი მიწები გვაჩვენეს, რაც, მათი განცხადებით, სარწყავი წყლის არქონას უკავშირდება.

წლებია პრობლემად რჩება სოფლის როგორც ცენტრალური, ისე შიდა გზების გაუმართაობა. სოფელი არ სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით და შესაბამისი შეღავათებით.   მოსახლეობა ეკონომიურად შეჭირვებულია. ხუთ მარტოხელა პენსიონერს, რომლებსაც ყოფით პრობლემებზე საუბარი ერიდებათ, აღმოჩნდა, რომ გაზი და ელექტრო ენერგია არ აქვთ.

სოფელში ქალების საქმიანობა ძირითადად სოფლის მეურნეობას უკავშირდება. თავიანთ საჭიროებებზე საუბარი თვითონ ქალებსაც უჭირთ, რისი მიზეზი არაინფორმირებულობაც შეიძლება იყოს. მათივე გადმოცემით, რაიმე ტიპის პროგრამაში, რომელიც მათი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ იქნებოდა მიმართული, ჩართულები არ ყოფილან. რაც შეეხება მასწავლებლებს (მათი უმეტესობა ქალები არიან), ისინი მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ყველა სატრენინგო პროგრამაში მონაწილეობენ.

მიუხედავად დენადობისა, სოფელში რჩება ახალგაზრდობა, რომელთაც აქვთ სურვილი, სოფელს სტადიონი და პატარა სკვერი ჰქონდეს. რამდენიმე მათგანი კი სოფლის ისტორიული კოშკის რესტავრაციის და გადარჩენის აუცილებლობაზეც გვესაუბრა.

COVID 19 ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ამოქმედებულმა ღონისძიებებმა, მათ შორის, სამარშრუტო ტრანსპორტის შეჩერებამ, სოფლის მაცხოვრებლებისთვის გორის და თბილისის მიმართულებით გადაადგილების პრობლემა წარმოშვა. იმის გათვალისწინებით, რომ სოფელში არ ფუნქციონირებს აფთიაქი, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებამ ხანდაზმულ ადამიანებს მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებით დამატებითი დაბრკოლებები შეუქმნა.

[1] მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები  ხელმისაწვდომია http://census.ge/ge/results/census1




სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024