GEO   ENG
სიახლეები
DRI საგანგებო მდგომარეობით გახანგრძლივებული შეზღუდვები დასაბუთებას მოითხოვს
22.04.2020
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის ბრძანებით[1] საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების დასასაბუთებლად, ქვეყნაში ვირუსის სრულმასშტაბიან გავრცელების ეტაპზე გადასვლა დასახელდა. სხვა დასაბუთება მთავრობას არ წარმოუდგენია.

2020 წლის 21 მარტის საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების მოქმედება. მოგვიანებით, ეპიდემიის ფართოდ გავრცელების საფრთხის შესამცირებლად, დამატებითი შეზღუდვები დაუწესდა ბიზნესს, სრულად აიკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის, მათ შორის, ეპიდემიის დროს, როდესაც სახელმწიფო ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.[2]

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პირობებში შესაძლებელია დროებითი ხასიათის შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, რაც სხვა ვითარებაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევად იქნებოდა მიჩნეული.

არსებულ ვითარებაში, როდესაც ვირუსული ინფექციის COVID-19 ის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს გარდა, არაერთმა სახელმწიფომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა,[3] შექმნილია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფორმალური საფუძველი. თუმცა, ვირუსის გავრცელების საფრთხე, სათანადო დასაბუთების გარეშე, ვერ გახდება შეზღუდვების დაწესების და მუდმივად გაგრძელების საბაბი.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს, სახელმწიფოს შეუძლია კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს გადაუხვიოს, თუმცა, მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებული ნებისმიერი ღონისძიება უნდა იყოს აუცილებელი და მკაცრად პროპორციული, არ გაგრძელდეს უსასრულოდ და გამუდმებით უნდა დაექვემდებაროს გადამოწმებას.[4]

ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მართალია, პანდემიის მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მიზანშეწონილად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება, თუმცა, თითოეული შემზღუდველი ნორმის გახანგრძლივება სათანადო დასაბუთებას მოითხოვს. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებასთან ერთად, საზოგადოებას არ მიწოდებია დეტალური ინფორმაცია, რა ეტაპზე დაიწყება დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, ან რამდენად აუცილებელი და პროპორციულია ახალი შეზღუდვები. მხოლოდ ვირუსის სრულმასშტაბიან შიდა გავრცელებაზე გადასვლის შესახებ მოწოდებული ზოგადი ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოების ინფორმირებისთვის საკმარის ღონისძიებად, მაშინ, როდესაც უკანასკნელ დღეებში ახალი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირებულია[5].

აღნიშნულის გათვალისწინებით, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას:
  • უზრუნველყოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მდგომარეობის სიმწვავესთან მკაცრი პროპორციულობა;
  • წარმოადგინოს საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული;
  • საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად ჩაანაცვლოს კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული მიზანმიმართული ღონისძიებებით.
 
 
[1] საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება N 2, 21 აპრილი, 2020 წელი, ხელმისაწვდომია https://www.president.gov.ge/geo/sajaro-informacia/samartlebrivi-aqtebi/saqartvelos-prezidentis-brdzaneba-N-2.aspx?fbclid=IwAR39mU06xGlrqh2tk8DkpR2oZK64UDKZXJ61rsyKYXlrwudKqG3hlIG9BvE 
[2] საქართველოს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, მუხლი 1
[3] გამოსვლის ძიებაში: სად როგორ რბილდება შეზღუდვები, ხელმისაწვდომია https://bit.ly/2VRq5Ek
[4] CCPR General Comment No. 29: Article 4: Derogations during a State of Emergency, §4, ხელმისაწვდომია https://bit.ly/3buWKpQ
კან კვარჩიას განაჩენი და ოპოზიციის მასობრივი დევნის ახალი ტალღა

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი რადიკალურ ფაზაში შედის და ოპოზიციის განეიტრალებისკენ არის მიმართული. 

15.06.2026
DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს

DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება,  ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს

13.06.2026
პატიმრობის უპრეცედენტო ზრდა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი

საქართველოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა მკვეთრად გადაიხარა რეპრესიული მართლმსაჯულებისკენ, რამაც ქვეყანა პენიტენციური სისტემის კრიტიკულ გადატვირთვამდე მიიყვანა. 

10.06.2026