GEO   ENG
სიახლეები
DRI: ცხინვალში რუსეთის გავლენა კიდევ უფრო იზრდება
25.05.2020
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი „დამოუკიდებლობა“ კიდევ უფრო ფორმალური ხდება.  სამხრეთის ოსეთის ე.წ. პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს  კანონებში „იარაღის შესახებ“ და „გარკვეული ტიპის საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“. ეს ცვლილებები რუსეთის ფედერაციის უფლებებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განუსაზღვრელად აფართოვებს.

დაგეგმილი ცვლილებებით, კანონში „იარაღის შესახებ“, ფართოვდება ტერმინის „სამსახურებრივი იარაღი“ განმარტება. კერძოდ, თუ დღემდე ეს ტერმინი განიმარტება როგორც „იარაღი, რომელიც გათვალისწინებულია თანამდებობის პირებისთვის“, ცვლილების მიხედვით, იარაღის ტარების უფლება მიეცემათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს.

შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსული კანონმდებლობით, შსს-ს თანამშრომლებს აკრძალული აქვთ ოპერატიული საქმიანობის სახელმწიფო საზღვრებს მიღმა წარმოება. შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებებით, გამონაკლისი მხოლოდ სამხრეთ ოსეთისთვის კეთდება, რაც აღნიშნული ცენტრის რუს მილიციელებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების უფლება მისცემთ. ცნობილია, რომ რუსი მილიციელები მსგავსი უფლებით ასევე სარგებლობენ ოკუპირებულ ყირიმში.

ცვილილებებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ცხინვალშიც აპროტესტებენ.  ამ საკითხზე ცხინვალში დისკუსია ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, როდესაც რუსულ-ოსური ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა დაიგეგმა. თუმცა მაშინ გადაწყდა, რომ იარაღის ტარებისა და გამოყენების უფლება მხოლოდ კრიმინალისტიკის დარგის ექსპერტ-კონსულტანტებს ექნებოდათ, რომელთა ამოცანაც ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლება იქნებოდა. ახლანდელი ცვლილებით კი, რუსეთისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემა განიხილება.

დისკუსია ასევე გამოიწვია კანონპროექტის რამდენიმე მუხლმა,[1] რომლებიც იმ იურიდიული პირების თანაშრომელთა მომზადებას ეხება, რომელთაც „განსაკუთრებული საწესდებო ამოცანები“ გააჩნიათ. გაუგებარია, რა იგულისხმება ამ ორგანიზაციების ქვეშ. კანონპროექტის მე-11 ნაწილში საუბარია სავაჭრო ორგანიზაციაზე რაიმე დამაზუსტებელი დეტალების გარეშე. რაც ყველაზე მთავარია, კანონის მე-4 ნაწილში საუბარია სხვა პირების მიერ ე.წ. რესპუბლიკაში  იარაღის შეტანასა და გატანაზე.

რუსეთი ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“ აქამდეც ტოტალურად აკონტროლებდა. ეს ცვლილებები შესაძლოა უკავშირდება როგორც რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას ცხინვალში და სამხრეთ კავკასიაში, ასევე სამხრეთ ოსეთის გამოყენებას რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ დაგეგმილი ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის ოკუპაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ   და   სამართლებრივ   რისკებს და ამავდროულად, აფართოებს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის   წარმომადგენლების პრივილეგიებს.

შესაბამისად, „დემოკრატიის   კვლების   ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს   ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, ცხინვალში რუსეთის მზარდი და უკონტროლო გავლენის შესაკავებლად.
 
 
DRC – ხელისუფლება ქართული კანონების რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას აგრძელებს

მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერს ხელი მოაწერა შვიდამდე კანონს, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

08.01.2025
ქართულმა ოცნებამ პარტიულად დამოუკიდებელი, პროფესიონალი საჯარო მოხელეების დევნა დაიწყო

26 დეკემბერს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა  საჯარო მოხელეების სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლების რამდენიმე შემთხვევა. 

30.12.2024
საპროტესტო აქციებზე დაკავებული გიორგი წაქაძის ისტორია

საპროტესტო აქციებზე დემოკრატიის კვლევის ცენტრის თანამშრომელი გიორგი წაქაძე დააკავეს, რომელიც პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე გვიყვება.

27.12.2024