GEO   ENG
ჩვენი პოზიცია
ულტრამემარჯვენე რადიკალიზაცია და რუსული რბილი ძალა
25.08.2020
ულტრამემარჯვენეობის ზრდა საქართველოში საშიში მოვლენაა და
ის განსაკუთრებულ საფრთხეს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უქმნის.
როგორც ჩანს, რუსულმა რბილმა ძალამ ამ პროცესში თავისი როლი შეასრულა.
რჩება კითხვა, აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას
საკმარისი ძალა და სურვილი შეცვალოს ეს შემაშფოთებელი ტენდენცია.
 
რადიკალიზაცია და, კერძოდ, ულტრამემარჯვენე რადიკალიზაცია, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა საქართველოში. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, როგორიცაა ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული ჯგუფების მობილიზაცია, ცხადყო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობა რადიკალიზაციის თავიდან ასაცილებლად და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ამ მიმართულებით. რადიკალური მემარჯვენეობის გაძლიერება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის მშვიდობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას. 2012 წლიდან, ფაქტიურად,  ჩვენ ამგვარი ჯგუფების მხოლოდ ზრდას ვუყურებთ საქართველოში. ქვეყნის საზოგადოებამ ნაყოფიერი საფუძველი შექმნა ულტრამემარჯვენე პოლიტიკისათვის და მთავრობის ტოლერანტობა მხოლოდ ხელს უწყობს  ამ ჯგუფების გავლენის გაძლიერებას ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მზარდი ტენდენცია
არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს ხალხის მობილიზაციას ულტრამემარჯვენე ჯგუფების გარშემო. მათ შორის არის უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, საბჭოთა მემკვიდრეობა, მრავალფეროვნების სხვადასხვა ფორმის შეუწყნარებლობა,  ციფრული და მედია წიგნიერების დაბალი დონე, არაეფექტური პოლიტიკა პროპაგანდის წინააღმდეგ, დაუსჯელობა ან დაუსჯელობის სინდრომი, სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზაცია, გამოუძიებელი დანაშაულები, ეთნო-ნაციონალიზმი და წარსული მოვლენების გადაფასების სურვილის არარსებობა. ეს უკანასკნელი დიდწილად ეხება 90-იანი წლების სამოქალაქო ომსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (თბილისში მოიხსენიებენ როგორც ცხინვალის რეგიონს) მიმდინარე კონფლიქტებს.

რუსეთს ამჟამად საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და აგრძელებს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ. ბორდერიზაცია ძირითადად ვლინდება სასაზღვრო ნიშნების, ღობეებისა და მავთულხლართების შეუთანხმებელ მონტაჟში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ჰყოფს დანარჩენი საქართველოსგან. 2008 წლიდან რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ოკუპაციას და აძლიერებს ზეწოლას საქართველოზე მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით.

არაერთი ბრალდება ისმის იმის შესახებ, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებს, მაგალითად „ქართულ მარშს“, აქვთ კავშირი რუსეთთან. თუმცა, ნეო-ნაცისტურ ჯგუფებს საკმაოდ ანტირუსული პოზიცია აქვთ და ემიჯნებიან „ქართულ მარშს“. დღესდღეობით საქართველოში ბევრი პატარა ულტრამემარჯვენე ჯგუფი არსებობს. ბოლო დრომდე, მათი საქმიანობა საკმაოდ ფრაგმენტული იყო, მაგრამ დღეს მდგომარეობა შეცვლილია. ისინი უფრო ორგანიზებულები გახდნენ, ღიად ახდენენ საკუთარი ძალის დემონსტრირებას და ძალადობით ემუქრებიან ყველას, ვინც მათ „მეინსტრიმს“ არ უერთდება. ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფები უარყოფენ რაიმე კავშირს რუსეთთან. თუმცა, მათი სასაუბრო თემები რუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანალოგიურია და შესაბამისად ისინი წარმოადგენენ ქვეყნის რბილ ძალას. რა თქმა უნდა, ულტრა-ნაციონალისტური რიტორიკის აღზევება უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ზოგიერთი ჯგუფი მკვეთრად ანტირუსულია, მაგრამ გავლენიანი ჯგუფების შედარებით დიდი რაოდენობა, მაგალითად „ქართული მარში“, ვერ მალავს პრორუსულ განწყობას. აღნიშნული ჯგუფი, რომელიც დაარსდა 2017 წელს, აერთიანებს ათასობით ულტრა-რადიკალურ ნაციონალისტს ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია, ეს მზარდი ქსენოფობიური და ანტიდასავლური დამოკიდებულებები ადვილად შეიძლება გახდეს რუსული პროპაგანდის იარაღი ყვეყანაში.

პრორუსული და ანტიდასავლური მესიჯები

როგორც ეთნონაციონალისტური, ისე პრორუსული ნარატივები, ხშირად გვხვდება ულტრამემარჯვენეთა დისკურსში სოციალურ მედიაში. ამ მესიჯებისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა გადაუმოწმებული ინფორმაციის და დეზინფორმაციის გამოყენება.

ჩვენი კვლევითი ცენტრის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ ონლაინ მედია, მათ შორის „ფეისბუქ“ გვერდები, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს საქართველოში ულტრამემარჯვენე იდეების გავრცელებას. როგორც აღმოჩნდა, ამ „ფეისბუქ“ გვერდების უმეტესობა ყალბ ინფორმაციასა და რუსულ პროპაგანდას ავრცელებს. ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურად იყენებენ ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელებს თავიანთი იდეების გასავრცელებლად და მიმდევრების მოსაზიდად. შესაბამისად, ჩვენი მედიის მონიტორინგის შესწავლის ობიექტებს წარმოადგენდნენ ის ვებსაიტები, რომლებიც ხშირად მასპინძლობენ ულტრამემარჯვენე რესპონდენტებს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ამგვარი მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკები ერთმანეთისგან განსხვავდება. მათი პოლიტიკური მესიჯები და რესპონდენტთა სიებიც ასევე განსხვავებულია. თუმცა, მათი ანტიდასავლური რიტორიკა და პრორუსული იდეების გავრცელება აშკარაა. გარდა ამისა, მედია საშუალებები ხშირად ხელს უწყობენ სიძულვილის ენის შემცველი მასალის და დეზინფორმაციის გავრცელებას. კერძოდ, ვებსაიტებმა, როგორიცაა „საქართველო და მსოფლიო“, „საქინფორმი“ და „სპუტნიკ საქართველო“, ევროსკეპტიციზმისა და პრორუსული პროპაგანდის მაღალი დონე გამოავლინეს. ამ ვებსაიტებზე ქვეყნდება მასალები როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე. რუსულ პოპულისტურ მედიას საქართველოში „სპუტნიკ საქართველო“ წარმოადგენს, რომელიც ონლაინ პლატფორმას ძალიან აქტიურად იყენებს. „სპუტნიკი“ საქართველოში 2013 წლის 9 დეკემბრის მთავრობის ბრძანების საფუძველზე დაარსდა როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, რია ნოვოსტის, შემადგენელი ნაწილი. მისი გენერალური დირექტორი დიმიტრი კისილოვი ცნობილია ვლადიმერ პუტინისადმი ლოიალობით.  „სპუტნიკი“ ასევე ფლობს პრეს-ცენტრს თბილისში, რომელსაც აქტიურად იყენებენ პრორუსული და ანტიდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „ევრაზიული არჩევანი“ და „ევრაზიის ინსტიტუტი“.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ ულტრამემარჯვენეთა ონლაინ დისკურსის კვლევამ ცხადყო, რომ COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ულტრამემარჯვენე „ფეისბუქ“ გვერდების უმრავლესობის ყურადღების მთავარ ობიექტად იქცა. ისინი პანდემიას იყენებენ ანტიდასავლური და ანტი-ლიბერალური იდეების გასავრცელებლად, რაც ხშირ შემთხვევაში მცდარ ინფორმაციას ეყრდნობა. პრორუსული დამოკიდებულებების გამომხატველი ქართული მედია აქტიურად უჭერს მხარს კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის, ასევე მიკროჩიპების შესახებ შეთქმულებების თეორიების გავრცელებას. მსგავსი ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა რუსული ინტერნეტ მედია საშუალებების მიერ, მათ შორის zavtra.ru, fonds36k.ru და svpressa.ru-ს მიერ.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების დისკურსი

ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფები ხშირად იყენებენ “ფეისბუქს” თავიანთი შეხედულებების გასაზიარებლად და მიმდევრების მოსაზიდად. მათი ანტი-ლიბერალური დისკურსი, როგორც წესი, გულისხმობს დასავლური ლიბერალიზმის დემონიზაციასა და დისკრედიტაციას, ასევე ქსენოფობიური და ჰომოფობიური ნარატივების გავრცელებას. ამასთანავე, ისინი ეროვნული ტრადიციების, ფასეულობებისა და კულტურული იდენტურობის დაცვას ქადაგებენ. თუმცა,  სხვადასხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფებს სხვადასხვა ხედვები აქვთ და ეს განსაკუთრებით ცხადია რუსეთსა და დასავლეთთან მიმართებით. მაგალითად, ზოგიერთი ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს ნაციონალისტურ ნარატივებზე და ანტი-ლიბერალიზმზე, ხოლო სხვა ჯგუფები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დაავშირებული არიან რუსეთის ორგანიზაციებთან, უფრო ხშირად ქსენოფობიურ ან ჰომოფობიურ შეხედულებებს ავრცელებენ. შედეგად, ქართული მედიის მონიტორინგის დროს ჩვენ გამოვავლინეთ ულტრამემარჯვენეთა სხვადასხვა სახის დისკურსი, რაც ასევე დაგვეხმარა ამ იდეების ისტორიული კონტექსტის გამოკვლევაში.

ლევან ვასაძე არის ბიზნესმენი და საქართველოს „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დამფუძნებელი, რომელიც ულტრა-კონსერვატიული „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ ნაწილს წარმოადგენს. მისი რადიკალიზაცია მოსკოვში სწავლის წლებს უკავშირდება, სადაც ის ადრეული 90-იანი წლების შეერთებულ შტატებში გატარების შემდეგ ჩავიდა. მოსკოვში მან შეაბიჯა ბიზნესის სამყაროში და დაიწყო თეოლოგიის შესწავლა. ცნობილია, რომ ის არის რუსეთის ევრაზიისტული იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ახლო მეგობარი.

2019 წელს ვასაძემ განაცხადა, რომ მისი მიმდევრები შექმნიდნენ "ლეგიონს", რომლის ამოცანაც თბილისში დაგეგმილი ლგბტ „პრაიდის“ ღონისძიების წინ "წესრიგის დამყარება" იქნებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ლეგიონის წევრები ქამრებით იქნებოდნენ აღჭურვილი, რათა ხელები შეეკრათ და საზოგადოებრივი ადგილებიდან გაეყვანათ ისინი, ვინც ცდილობს „პროპაგანდა გაუწიოს გარყვნილებას“. ვასაძემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში პატრულირებას მოახდენდნენ სახალხო რაზმები და თუ რომელიმე წევრს დაიჭერდნენ,  მისი მიმდევრები გაარღვევდნენ პოლიციის კორდონებს და პოლიციელებს კომბლებით დაუპირისპირდებოდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაიწყო, რაც კრძალავს „უკანონო დაჯგუფებების“ ფორმირებას, მათში მონაწილეობას ან ხელშეწყობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის, ამგვარი „ჯგუფი“ არის თბილისის მიერ არანებადართული ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც შეიარაღებულია რაიმე „საგნებით ან იარაღებით, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სულიერი ან უსულო საგნების დასაზიანებლად ან გასანადგურებლად“. ასეთი ჯგუფების შექმნა ისჯება 6-დან 12 წლამდე პატიმრობით. სავარაუდოა, რომ გამოძიება მხოლოდ ოფიციალურად დაიწყო მას შემდეგ, რაც საკითხმა ფართო აჟიოტაჟი გამოიწვია. საინტერესოა ისიც, რომ ვასაძე დაიკითხა მის მიერ სახალხო რაზმების ფორმირების შესახებ განცხადების გაკეთებიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ. მანამდე კი მისი რამდენიმე მომხრე დაკითხეს. გამოძიება, წერის მომენტში, კვლავ მიმდინარეობს.

საქართველოს საგამოძიებო ორგანოები, როგორც წესი, უფრო აქტიურები არიან სხვა საქმეებთან მიმართებით. ეს გარკვეულწილად მიანიშნებს ფავორიტიზმზე, რაც ვასაძესა და მის მომხრეებს შორის დაუსჯელობის განცდის გაჩენას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას არ აქვს რეალური სურვილი რეაგირება მოახდინოს აღნიშნული ჯგუფის სავარაუდო დანაშაულებზე და მხოლოდ ოფიციალურად იწყებს გამოძიებას, რომელიც სავარაუდოდ წლების განმავლობაში გაგრძელდება. ხშირად მსგავსი საქმეები თაროზე იდება მოკლე დროში და იხურება უმნიშვნელო შედეგით ან საერთოდ უშედეგოდ. მსგავსი მოვლენები მხოლოდ ამტკიცებს ვარაუდებს, რომ ზემოხსენებული ჯგუფები სარგებლობენ ზოგიერთი თანამდებობის პირის მხარდაჭერით.

ასევე კეთდება გარკვეული ბრალდებები იმის შესახებ, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები გარკვეულწილად ხელსაყრელი არიან საქართველოს მთავრობისთვის. ნათელია, რომ ხელისუფლება ზოგჯერ ამ ორგანიზაციებს იყენებს იმ ლიბერალებისა და ჯგუფების დაშინებისა და დემონიზაციის მიზნით, რომლებიც არ ეთანხმებიან ოფიციალურ თბილისს. სწორედ ეს მოხდა 2018 წლის „ბასიანის მოვლენების“ დროს (როდესაც გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები „ბასიანის“ ღამის კლუბის დარბევის დროს პოლიციის მიერ გამოვლენილი სისასტიკის წინააღმდეგ და ასევე ულტრამემარჯვენე ჯგუფების კონტრ-დემონსტრაციები - რედაქტორის შენიშვნა) და ასევე თბილისი პრაიდის დროს 2019 წელს. ამ მოვლენებამდეც, სხვადასხვა ჯგუფების წინააღმდეგ თავდასხმებზე მაქსიმალური სასჯელი მცირე ჯარიმებით შემოიფარგლებოდა. ნათელია, რომ ამ დანაშაულებზე რეაგირება არაადეკვატური იყო და, ჩემი ომბუდსმენობის დროს ამ საკითხებზე უამრავი განცხადება გაკეთდა.

სიძულვილის დანაშაულები

ბოლოდროინდელი განაჩენი ვიტალი საფაროვის საქმეზე კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ მიიჩნიეს საგამოძიებო ორგანოებმა სიძულვილის დანაშაული უბრალოდ მკვლელობად. განაჩენი შეიცვალა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დამცველების, იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიის წყალობით. საფაროვი იყო უფლებადამცველი, რომელიც ულტრა-რადიკალური ჯგუფების წევრებმა თბილისის ცენტრში მოკლეს იმის გამო, რომ ის ებრაელი იყო.

სიძულვილის დანაშაულების შეტყობინების თვალსაზრისით სახეზეა გარკვეული პროგრესი. სიძულვილის დანაშაული არაერთი დანაშაულებრივი ქმედებების მოტივად დადგინდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ეუთოს მონაცემებით, 2012 წლიდან თანდათანობით გაიზარდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობა. 2012 წელს დაფიქსირდა სიძულვილის დანაშაულის 13 შემთხვევა, 2014 წელს - 19, 2015 წელს - 20, 2016 წელს - 44. 2013 წლის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. უფრო მეტიც, სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, 2018 წელს 53 ადამიანი დააპატიმრეს სიძულვილის დანაშაულისთვის. ეს დანაშაულები მოტივირებული იყო რასიზმით, ჰომოფობიით, ქსენოფობიითა და ანტიმუსულმანური განწყობებით.

თუმცა, აღსანიშნავია რომ მთავრობა კვლავ იყენებს ორმაგ სტანდარტს. ექსტრემიზმთან ბრძოლა შეუძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებზე რეაგირებით (ხშირად არაადეკვატურად). არ არსებობს კოორდინაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის და იქმნება ზოგადი შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება სრულად ვერ აცნობიერებს ამ ჯგუფების წახალისებით გამოწვეულ დამანგრეველ შედეგებს.

„ბასიანისა“ და „თბილისის პრაიდის“ მოვლენებმა ცხადყო ის, თუ როგორ გაიზარდა საქართველოში კულტურული განხეთქილება ბოლო წლების განმავლობაში და აგრეთვე ის, რომ ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ განხეთქილების გაღვივებაში. შეშფოთების მთავარს მიზეზს ის წარმოადგენს, რომ რუსეთი შეეცდება რბილი ძალის იარაღი ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების წაქეზებისთვის გამოიყენოს, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ.

საქართველოში პოლარიზაციის ზრდა კიდევ უფრო სავარაუდოა მომავალში, რადგან ზემოხსენებული ჯგუფები ეწინააღმდეგებიან დასავლურ ინტეგრაციასა და მის მხარდამჭერებს. პროპაგანდის გამოყენებით, ისინი გააგრძელებენ მცდელობებს შეცვალონ ქვეყნის პოლიტიკური ორბიტა. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნება ხელისუფლების ზოგიერთი წევრის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მხარდაჭერის გარეშე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლს მართლაც აქვს გარკვეული წარმატება ამ მხრივ. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ჯგუფებზე დაკვირვების გაგრძელებას იმის დასადგენად, თუ რამდენად მოახერხებენ ისინი საკუთარი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას.
 
უჩა ნანუაშვილი არის თბილისში „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და დირექტორი. იგი არის საერთაშორისო სამართლის, პოლიტოლოგიისა და ადამიანის უფლებების სპეციალისტი. 2012–2017 წლებში ის მსახურობდა საქართველოს სახალხო დამცველად (ომბუდსმენად).

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ New Eastern Europe , გამოცემა #4, 2020 წლის 8 ივლისს.


პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024