GEO   ENG
სიახლეები
DRI: აქტივისტთა კარვების დემონტაჟი დემონსტრანტთა უფლებებში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს
06.10.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლები 5 ოქტომბერს პარტია „გიორგი ვაშაძე -  სტრატეგია აღმაშენებლი“  წევრების მიერ გამართულ აქციას დააკვირდნენ.

შეკრების მიზანს წარმოადგენდა მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ პარტიისთვის გამოწერილი, დაახლოებით 100,000 ლარამდე ჯარიმების და კახი კალაძის მმართველობის გაპროტესტება, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ბრალს სდებდნენ კორუფციულ გარიგებებში და საბანკო მონოპოლიის მხარდაჭერაში.

აქციაში დაახლოებით 50 დემონსტრანტი მონაწილეობდა. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე და მერიის შენობის შესასვლელთან მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დაახლოებით 150-მდე წარმომადგენლი.

შეკრება დაახლოებით პირველ საათზე დაიწყო და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა აქციის დაწყებისთანავე, რკინის ჯებირებით გადაკეტეს თბილისის მერიის შესასვლელი და დემონსტრანტებს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავთა ინსტრუქციები არასრულყოფილი იყო და კანონს არ შეესაბამებოდა. მაგალითად, როდესაც დემონსტრანტებმა კანცელარიაში განცხადების ჩაბარება მოითხოვეს, პატრულ-ინსპექტორმა განცხადების ფორმა, დანართის შინაარსი და სახე მერიის უფლებამოსილი თანამშრომლის ნაცვლად შეამოწმა.

ძალის გამოყენება და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტები

აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა მერიის წინ, ტროტუარზე, და მოპირდაპირე მხარეს, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ადგილზე პარტიის ბრენდირებული კარვები გაშალეს. აღნიშნულის საპასუხოდ, სამართალდამცავებმა დაიწყეს კარვების დემონტაჟი და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით 2 აქტივისტი დააკავეს.[1] სამართალდამცავებმა თავისუფლება ასევე აღუკვეთეს აქციის ორ მონაწილეს, რომელთაგან პაატა მანჯგალაძე, რომელიც საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული იმუნიტეტით სარგებლობს, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ისე გაათავისუფლეს, რომ არ წარმოუდგენიათ არანაირი დოკუმენტი, რაც მის დაკავებას სამართლებრივად შეაფასებდა. სამართალდამცავებმა ასევე, შესაბამისი დოკუმენტაციის შედეგენის გარეშე შეწყვიტეს მეორე პირის დაკავება, მას შემდეგ, რაც იგი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მსუბუქი კონსტრუქციის კარვების გამოყენება დემონსტრანტთა მიერ და გატარებული სანქციების კანონიერების შემოწმება

სამართალდამცავებმა აქციის მიმდინარეობისას ძალის გამოყენებით დაშალეს აქტივისტების მიერ აგებული მსუბუქი კონსტრუქციის კარვები. კარვების განთავსების გამო მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარტია 1000 ლარით დააჯარიმა.[2]

კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულია პირის უფლება, თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი. კერძოდ, მას კანონით გარანტირებული აქვს უფლება, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. აზრის გამოხატვა კი არა მხოლოდ საუბრით, განცხადებებით, არამედ მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების აგებითაც შეიძლება.[3]

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის მიერ დემონსტრანტთა კარვების დემონტაჟი და მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარიმა წარმოადგენს დაუსაბუთებელ ჩარევას დემონსტრანტთა გამოხატვისა და შეკრების უფლებაში და უკანონოდ ზღუდავს აქციის მონაწილეთა უფლებას, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატონ აზრი იმ ფორმით, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ და რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს.

შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:  

შინაგან საქმეთა სამინისტროს
  • დაიცვას შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა უფლება და კანონის ფარგლებში უზრუნველყოს მათი ეფექტური რეალიზაცია ნებისმიერი სახით, მათ შორის, როგორც ვერბალური ან წერილობითი  ფორმით, აგრეთვე მდუმარედ ან სხვა კანონიერი ქმედებით
  • არ დაუშვას საკანონმდებლო საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე აქციის მონაწილეთა დაკავება.
 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას
  • დაიცვას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და შეწყვიტოს მსუბუქი კონსტრუქციის კარვების გამოყენების გამო მშვიდობიან დემონსტრანტთა დაჯარიმება
  • გააუქმოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლისათვის მუნიციპალური ინსპექციის მიერ პოლიტიკური პარტია „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელისთვის“ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.


[1] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი
[2] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1503-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება
[3]  თბილისის სააპელაციო სასამართლო 2018 წლის 9 თებერვლის N3ბ/170-18 გადაწყვეტილება
 
DRI: 2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2024 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. 
25.03.2024
მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

24.03.2024
DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
21.03.2024