GEO   ENG
სიახლეები
DRI: წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება უკანონო, დაუსაბუთებელ და არაპროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენს
08.11.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 8 ნოემბერს ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების მიმართ შსს მიერ შეუსაბამოდ დიდი ოდენობის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზაციას და მიიჩნევს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და შეკრების არაძალადობრივი ხასიათიდან, ასევე, მომიტინგეთა რიცხოვნებიდან გამომდინარე, უკანონო, დაუსაბუთებელი და ცალსახად არაპროპორციული იყო. 
 
დემოკრატიის კვლევვის ინსტიტუტი განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცრემლსადენი გაზი და წყალსატყორცნი არის აქტიური სპეციალური საშუალება. წყალსატყორცნი გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფურად თავდასხმის მოსაგერიებლად. ცრემლსადენი გაზი გამოიყენება პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით.[1]
 
პოლიციას ეკისრება აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილებისა და კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად დემონსტრანტებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრის ვალდებულება.[2] მოცემულ შემთხვევაში, როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლების, ასევე, მედია საშუალებების მეშვეობით გადმოცემულ მასალებში, არ იკვეთებოდა რომელიმე სპეციალური საშუალების გამოყენების საჭიროება. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა აღნიშნული ღონისძიებები საწყის ეტაპზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე განახორციელეს. 
 
შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა.[3] ხსენებულ შემთხვევაში,[4] დემონსტრანტებს კანონის აღნიშნული მოთხოვნა არ დაურღვევიათ. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია მშვიდობიანი ხასიათის იყო, პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების გაფრთხილება დაშლის და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ „მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო მშვიდობის დასამყარებლად“ ვერ შექმნიდა სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერ საფუძველს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებს:
 
  1. განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ განცხადებას აქციის დაშლის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული აღიქმება პირდაპირ მითითებად არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე
  2. დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა სიტუაციის განსამუხტად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაქცევად
  3. დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე.
 
ოპოზიციურ პოლიტიკურ სპეტრს:
 
იმოქმედონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით და მოერიდონ კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს. 
 
[1] პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 33.
[2] მუხლი 31.3.
[3] შეკრებისა და მაინიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 9, პუნქტი 4.  
[4] განცხადების მომზადების დროისთვის (9 ნოემბერი, 00.30 სთ).
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024