GEO   ENG
სიახლეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 28 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებას ეხმიანება
30.11.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 28 ნოემბერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ფაქტს და მიაჩნია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება და სანაცვლოდ დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა, იწვევს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას და ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს.
 
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, სპონტანური აქცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გასაპროტესტებლად გაიმართა[1] და დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. აქცია თავდაპირველად  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს დაუსაბუთებლად არ მისცეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართულ რკინის კონსტრუქციაზე (რომელიც არ წარმოადგენს შენობის შემადგენელ ნაწილს) წარწერების გაკეთების უფლება. პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სავარაუდოდ გახდა ერთ-ერთი აქტივისტის დაკავების საფუძველი, ხოლო მისი დაკავებისას მეორე აქტივისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის. არაკანონიერი მოთხოვნა, და, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნისადმი წინააღმდეგობა, არ წარმოშობს ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს.
 
აღნიშნული შეცდომის გამოსწორების მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ მოგვიანებით პოლიციელებმა სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ კონსტრუქციაზე წარწერების გაკეთების შესაძლებლობა მისცეს. დაკავებული ორი აქტივისტის მიმართ კი დაიწყო წარმოება იმ სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის ჩადენაც არ დასტურდება ადგილზე მყოფი არც ერთი ნეიტრალური მოწმის მიერ.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში, მწვავე პრობლემად დგას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ დემონსტრანტთა მიმართ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა რელევანტურობისა და უტყუარობის საკითხი, დაბალი მტკიცების ტვირთი და უფლებათა დაცვის არასაკმარისი სტანდარტები.სასამართლოში, არაერთხელ ეჭვქვეშ დამდგარა მოწმე სამართალდამცავის მიერ დაკავებული დემონსტრანტის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების უტყუარობა.[2]  მნიშვნელოვანია აღნიშნული ხარვეზები არ განმეორდეს 28 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეებში. პრობლემას ამძაფრებს დაკავების პროცესში  აქტივისტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი, რასაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გახშირებული საჩივრების სრულყოფილად გამოძიებისათვის. აღნიშნული შემთხვევების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება და სანაცვლოდ დაზარალებულ დემონსტრანტთა პასუხისგებაში მიცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, იწვევს ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას და ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს.
 
[1] ინფორმაცია მოგვიანებით უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
 
[2] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ, თბილისი 2019, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/33toZmV  
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024