GEO   ENG
სიახლეები
DRI – 28 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესი ფაქტობრივად დახურულ სასამართლო სხდომაზე წარიმართა
08.12.2020
7 დეკემბერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებელი, პროცესზე დასწრების სურვილის მქონე სხვა პირებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა 28 ნოემბერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართული აქციის დროს დაკავებულ დემონსტრანტთა სასამართლო პროცესზე არ დაუშვა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით პროცესი ფაქტობრივად დაიხურა.
 
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,  სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.[1] 2020 წლის პირველ დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საერთო სასამართლოებისთვის დამტკიცებული რეკომენდაციების თანახმად, უნდა შეიზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობა 2-მეტრიანი დისტანციის გათვალისწინებით და აღნიშნულის მიზნით მოხდეს სკამებზე შესაბამისი პირობითი ნიშნების (სტიკერების/ნახაზების) გამოყენება.[2] აღნიშნული რეკომენდაცია არ გულისხმობს სხდომაზე დასწრების სრულ აკრძალვას, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და დემოკრატიული საზოგადოებაში ანგარიშვალდებული სასამართლოს ფუნქციონირების ფუნდამენტურ პრინციპებთან.
 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლები მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გარეშე ესწრებოდნენ ანალოგიური შინაარსის სასამართლო პროცესებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეს არ წარმოუდგენია არგუმენტები 7 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების სრულად დაცვის შეუძლებლობის შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო არაკანონიერი და დაუსაბუთებელი.
 
შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესების მონიტორინგისას, ასევე გამიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც. სასამართლო პროცესი დაიწყო რამდენიმე საათის დაგვიანებით. გარდა ამისა, დემონსტრანტებს არ ეცნობათ პროცესის დაწყების ზუსტი დრო,  ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეები, Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საბაბით, არ დაუშვეს სასამართლო შენობაში. შესაბამისად, მოპასუხე მხარე და მისი წარმომადგენლები, მოწმეებთან ერთად 3-4 საათის განმავლობაში, დეკემბრის თვის სიცივეში, ღია ცის ქვეშ ელოდებოდნენ სასამართლო პროცესის დაწყებას.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ პოლიტიკური შინაარსის აქციების მიმდინარეობისას დაკავებულ დემონსტრანტთა სასამართლო პროცესების ფაქტობრივი დახურვა, განხილვის მიმართ არსებული საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის მიუხედავად, ამცირებს მიმდინარე პროცესებისა და საჯარო ინსტიტუტების მიმართ ნდობას.  
 
[1] საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი
[2] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 1-ელი დეკემბრის რეკომენდაციები, ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/ge/iustitsiis-umaghlesi-sabchos-rekomendatsiebi/3748
 
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026