GEO   ENG
ანგარიშები
რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგის ანგარიში
29.12.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის დაკვირვების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში მოცემულია სასულიერო პირების 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის და აქტიური აგიტაციის ფაქტები, რომლებიც სოციალური და ონლაინ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.

ანგარიში ძირითადად მოიცავს 15 ოქტომბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს, თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასში ასახულია როგორც 15 ოქტომბრამდე, ასევე, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც.

დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა, რომ, ერთი მხრივ, საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებში ნდობის მოპოვებისა და არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად წინასაარჩევნო აგიტაციაში რელიგიური ორგანიზაციების, ყველაზე მეტად კი, მართლმადიდებლური ეკლესიის და მღვდელმთავრების გამოყენებას ცდილობენ. მეორე მხრივ კი, ადგილი ჰქონდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო (ან საწინააღმდეგო) შესაძლო აგიტაციას, ასევე ისეთ მოქმედებებს, რასაც ამომრჩეველის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მღვდელმთავრები პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას რვა შემთხვევაში დაესწრნენ. სასულიერო პირები ესწრებოდნენ პარტიის „ქართული იდეა“ მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებასაც. 1-ლი ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ორგანიზაციის დაკვირვებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და მედია საშუალებების მიერ გაშუქდა სასულიერო პირების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის არანაკლებ რვა შემთხვევა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დაახლოებით, 15 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მიერ რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გამოყენების ფაქტებს, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

რაც შეეხება 31 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდს, სასულიერო პირები უფრო მეტი თავშეკავებულობით გამოირჩეოდნენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და მედია საშუალებების მიერ გაშუქდა სასულიერო პირების მხრიდან წინასაარჩევნო შესაძლო აგიტაციის არანაკლებ ხუთი შემთხვევა.

მოქმედი კანონმდებლობა სასულიერო პირების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას არ არეგულირებს და არც მათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას კრძალავს, რაც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მაღალი ნდობიდან გამომდინარე,[1] ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ სასულიერო პირთა განწყობას ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია[2]. სასულიერო პირების მხრიდან ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ალბათობა კიდევ უფრო დიდია, მაშინ, როდესაც აგიტაციას უშუალოდ ქადაგების დროს ხდება, რა დროსაც რთული გასამიჯნია, სასულიერო პირი მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავს, თუ რელიგიური ორგანიზაციის სახელით საუბრობს.
მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოფხვრისათვის, მიზანშეწონილია, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით დაიწყოს მსჯელობა წინასაარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების მონაწილეობის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. ასევე, აუცილებელია რელიგიურმა ორგანიზაციებმა და სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ წინასაარჩევნო კამპამნიაში მონაწილეობისაგან და პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ისინი ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ასევე მიიჩნევს, რომ მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რელიგიური ორგანიზაციების როლთან და სეკულარიზმის პრინციპის არსთან დაკავშირებით.

რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგის ანგარიში

 
[1] formulanews.ge (ვებ-გვერდი), Edison Research: ,,ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯარს, ეკლესიას და NCDC-ის აქვს“, 12.10.2020, https://formulanews.ge/News/37947
[2] Democracy Research Institute - DRI / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (ფეისბუქ-გვერდი), 20.11.2020,
https://www.facebook.com/Democracy.Research.Institute/videos/3440862355961711, [ბოლოს ნანახია: 29.11.2020]
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026