GEO   ENG
ჩვენი პოზიცია
ახალგორის მცოცავი „ეთნიკური“ წმენდა გრძელდება
03.02.2021
2019 წლის აგვისტოს ჩორჩანა-წნელისის კრიზისის შემდეგ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მოტივით, საქართველოს ხელისუფლებამ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (სოფელ ჩორჩანაში), საპოლიციო საგუშაგო პუნქტი განათავსა, ოკუპირებული ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ცხინვალმა თბილისს საგუშაგოს გაუქმება ულტიმატუმის სახით მოსთხოვა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და ახალგორი როგორც გარე სამყაროსთვის, ასევე იქ დარჩენილი მოსახლეობისთვის სრულიად ჩაიკეტა.
 
ცხივნალის დე-ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკა ახალგორელების მიმართ დროთა განმავლობაში იცვლებოდა. 2008 წლის ომისა და ახალგორის ოკუპაციის შედეგად, რაიონი ბევრმა ადგილობრივმა ეთნიკურად ქართველმა და ოსმა დატოვა. თუმცა მათი ნაწილი, მალევე უკან დაბრუნდა. ედუარდ კოკოითისა და ლეონიდ თიბილოვის ე.წ. პრეზიდენტობის დროს, ახალგორელები, მართალია, დაბრკოლებებით, თუმცა მთლიანობაში გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობდნენ. სპეციალური დოკუმენტაციის საშუალებით, მათ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა შეეძლოთ. შესაბამისად, სარგებლობდნენ საქართველოს ჯანდაცვის სისტემით, იღებდნენ შესაბამის დახმარებას და ჩართულები იყვნენ ვაჭრობაში.
 
ანატოლი ბიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის პარალელურად, მდგომარეობა  მკვეთრად გაუარესდა. სკოლებში შეიზღუდა ქართულ ენაზე განათლების მიღება, გახშირდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავების შემთხვევები, გადაადგილების უფლების მოპოვებისთვის დაწესდა ბიუროკრატიული ბარიერები. მდგომარეობა განსაკუთრებით ჩორჩანა-წნელისის კრიზისმა გაამწვავა, რომლის შემდგომაც, ანატოლი ბიბილოვის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, თბილისზე ზეწოლის მიზნით, ახალგორის მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა. სრულმა იზოლაციამ ახალგორი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა, რაც, ადგილობრივი მოსახლეობისაგან ახალგორის დაცლას ემსახურება და მცოცავი „ეთნიკური“ წმენდა[1] შეიძლება ვუწოდოთ.  
 
განვლილი წელიწადნახევრის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროების შეჯერების შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალგორის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე, რამაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით დაამძიმა ადგილობრივების მდგომარეობა. ამასთანავე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, ახალგორელები ვერ გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რის გამოც, ვერ იღებენ შესაბამის დახმარებებს. შედეგად, მრავალმა ოჯახმა რაიონის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
 
გასული 2020 წლის მიწურულს, მკვეთრად გაუარესებული მიგრაციული პროცესების გამო, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ახალგორელებისთვის სპეციალური გადაადგილების საშვების გაცემა დაიწყო. თუმცა პროცესი რთულად და დისკრიმინაციულად მიმდინარეობს. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შედგენილ ე.წ. შავ სიაში, ასამდე ადამიანია შეყვანილი, რომლებიც გაურკვეველი მიზეზით, საშვებს ვერ მიიღებენ. აღნიშნულ საკითხზე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს განმარტება არ გაუკეთებიათ. ნიშანდობლივია, რომ სიაში მოხვედრილთა დიდი ნაწილი საჯარო სამსახურში დასაქმებული პირია.
 
რა მოსაზრებებითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი ცხინვალის პოლიტიკა გადაადგილების თავისუფლებასთან მიმართებაში, ის ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს, ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისაგან რაიონის დაცლას.
 
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზება, რათა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ამ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, შეწყვიტონ ახალგორელთა უფლებების შეზღუდვა. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ, დროულად უნდა შეიმუშაოს ახალგორელთა დახმარების სპეციალური პაკეტი, რათა მათ, ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში, საკუთარი სახლების დატოვების გარეშე, შეძლონ ცხოვრებისათვის ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა.
 
[1] ამ პოლიტიკის შედეგად ზარალდებიან, როგორც ადგილობრივი ქართველები, ასევე, ოსები. „მცოცავი ეთნიკური წმენდა“ არ წარმოადგენს დამკვიდრებულ სამართლებრივ ტერმინს, თუმცა, ჩვენი აზრით, ასახავს პრობლემის არსს - ცხინვალის დე ფაქტო და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ნაბიჯ-ნაბიჯ, თამიმდევრულ პოლიტიკას, ეთნიკური ქართველებისგან დაცალოს ახალგორი.
DRI: პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ აფხაზეთში რუსული პროპაგანდა გააქტიუდა

რუსული პროპაგანდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული სიმძლავრით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საყოველთაო სახალხო მღელვარების ფონზე „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ჩაეგდო ე.წ. რუსული კანონის პროექტი.

25.03.2023
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისარ ვარჰეის
მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
23.03.2023
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დე ფაქტო გამშვებ პუნქტზე ტვირთის გადატანას უკანონოდ უზღუდავენ
DRI-ის ინფორმაციით, 2022 წლიდან მოსახლეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთის გადატანას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უთანხმებს. 
21.03.2023