GEO   ENG
სიახლეები
რა ხდება გალში?
03.03.2021
წლებია, გალში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილი უმაღლესი განათლების მისაღებად არჩევანს თბილისის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე აკეთებს. ამ ფაქტზე ყურადღება დე-ფაქტო მთავრობამაც გაამახვილა. 23 თებერვალს გალს დე ფაქტო განათლების მინისტრი ინალ გაბლია ესტუმრა და ვიზიტის ფარგლებში საჯარო სკოლების მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საკონტაქტო პირის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმ გალელ ახალგაზრდებთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომლებიც უმაღლესი განათლების მისაღებად სოხუმის  ნაცვლად თბილისში წასვლას არჩევენ. მინისტრის განცხადებით, დე ფაქტო მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ფედერაციასთან, რომ გალის რაიონიდან წასული აბიტურიენტებისთვის რუსეთში უმაღლესი განათლების სრულ დაფინანსებას მიაღწიოს. შეთანხმების შემთხვევაში, გალის სკოლადამთავრებულებს რუსეთში უმაღლესი განათლების სრულად დაფინანსების შესაძლებლობა ექნებათ. გაბლიამ გამოთქვა იმედი, რომ ეს ინიციატივა  თბილისში სწავლის მსურველთა რაოდენობას შეამცირებს. დე ფაქტო ხელისუფლების ეს მიდგომა ბოლო 3 წელია განსაკუთრებით აქტუალურია. თუმცა, ამ ეტაპზე, გალელი ახალგაზრდების დიდ ნაწილს სწავლის გაგრძელება ისევ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში სურს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ განხორციელების შემთხვევაში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკა გალის მაცხოვრებლების ქართულ მხარესთან კონტაქტის შესაძლებლობებს კიდევ უფრო შეამცირებს.
 
სხვა ყოფით საკითხებთან ერთად, ოკუპირებულ გალს ელექტრომომარაგებასთან  დაკავშირებული პრობლემებიც აწუხებს. იმ ფონზე, როდესაც ენგურჰესი კაპიტალური რემონტისთვისაა დაკეტილი, „მაინერების“ მცდელობა ფარულად აწარმოონ კრიპტოვალუტა, წარმოუდგენლად ზრდის ელექტროენერგიის მოხმარების დონეს. ადგილობრივების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებულ რეგიონს დამატებითი რესურსები არ გამოეყო, აფხაზეთში მძიმე ენერგოკრიზისი შეიქმნება.
 
გალის მაცხოვრებლებს მძიმე კრიმინოგენური ვითარებაც აწუხებთ. ხშირია მაღაზიის მესაკუთრეების რეკეტის შემთხვევები. გალის რაიონში კრიმინალური დაჯგუფებების გარდა, „ხარკს“ აფხაზური მილიციაც ითხოვს.
 
პოზიტიური სიახლეებია ჯანდაცვის სფეროში. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, აფხაზეთიდან გადმომსვლელები საკარანტინო სივრცეში გადაჰყავდათ, სადაც მათ 12 დღის განმავლობაში უწევდათ დარჩენა. დაახლოებით ერთი კვირის წინ, გალის მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნის პასუხად, კარანტინი 5 დღემდე შემცირდა, რამაც გალის მოსახლეობის ყოფა ნაწილობრივ შეამსუბუქა. შედეგად, გალიდან მობილობა გაიზარდა და გაადვილდა მედიკამენტების აფხაზეთში გადატანა. ამასთანავე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საკონტაქტო პირის შეფასებით, დადებით როლს თამაშობს რომელმაც ენგურის გამშვებ პუნქტთან მოწყობილი საველე პუნქტი. 
 
საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის საჭიროებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება მართებს. აფხაზეთში ყველაზე ნაკლებად ეთნიკურ ქართველთა უფლებებია დაცული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ დროულად გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები ოკუპაციით, კონფლიქტითა და პანდემიით შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესამსუბუქებლად. 
DRI: 2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2024 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. 
25.03.2024
მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

24.03.2024
DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
21.03.2024