GEO   ENG
სიახლეები
DRI - პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად ფარული თვალთვალის გამოყენება, საგანგაშოა და სცდება სამართლებრივი სახელმწიფოს მართვის პრაქტიკას
23.03.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს მაღალი თანამდებობის პირთა დავალებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მმართველი ძალისთვის მიუღებელი ფიგურების, პოლიტიკური ოპონენტების და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ლიდერების მიმართ უკანონო აუდიო და ვიდეო ჩაწერის განხორციელების თაობაზე.

DRI აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად ფარული თვალთვალის გამოყენება საგანგაშოა და აბსოლუტურად სცდება სამართლებრივი სახელმწიფოს მართვის დემოკრატიულ პრაქტიკას. არსებული გენდერული სტერეოტიპების გამო, ქალები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ასეთი საფრთხის წინაშე. გასული წლების განმავლობაში არაერთი პირი გახდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ან გავრცელების მუქარის მსხვერპლი, თუმცა ამ დრომდე ჩანაწერების სავარაუდო გამავრცელებლები არ არიან იდენტიფიცირებულები და საზოგადოებას არ მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ სავარაუდო მსხვერპლთა უმრავლესობა პოლიტიკურად აქტიური ქალები იყვნენ.[1] 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს უფლება დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევისა და მისგან კონტროლის გარეშე, განსაზღვროს საკუთარი მე, ვინაობა, ცხოვრების წესი, აირჩიოს გარესამყაროსთან, კონკრეტულ ადამიანებთან თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის შინაარსი, ფორმები და ინტენსივობა, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ინტელექტუალური, სოციალური, სულიერი თუ სხვა ინტერესებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზები და საშუალებები.[2]  აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უფლების მზღუდავი საშუალება (ფარული თვალთვალი), შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიების შემთხვევაში.[3]

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურების მიერ ფარული თვალთვალის პოლიტიკური ოპონენტებისა დასათრგუნად გამოყენება მხოლოდ არადემოკრატიულ რეჟიმებს ახასიათებთ. განსაკუთრებით დასანანია, რომ დღესაც კი გამოწვევას წარმოადგენს სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური ბერკეტების შექმნა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს უსაფრთხოების სამსახურების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებაში შეუშლიდა ხელს.[4]

აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიესალმება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - კახაბერ საბანაძის გადადგომას და მოუწოდებს:
საქართველოს გენერალურ პროკურატურას:
  • დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, - მოხდეს ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელთა უშუალო დავალებითაც ხდებოდა უკანონო თვალთვალი
  • მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია.
საქართველოს პარლამენტს
  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შინაგან საქმეთა მინისტრის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება ყველა იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რაც მისი მისამართით არსებობს გასაჯაროებული ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სანამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ან გავრცელების მუქარა რჩება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ხერხად, რომლის ორგანიზატორებსაც კანონის წინაშე პასუხი არ უგიათ, შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება  დაცულად ჩაითვალოს. 


 
 
[2]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7
[3] უზუნი გერმანიის წინააღმდეგ (Uzun v. Germany), განაცხადი no. 35623/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 80
[4] DRI - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები საქართველოში, ხელმისაწვდომია: http://www.democracyresearch.org/geo/367
 
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024