GEO   ENG
ანგარიშები
ანტიდასავლური, არმენოფობიური და ანტი-აზერბაიჯანული დისკურსი ონლაინ მედიაში
05.04.2021
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლებამ რეგიონში ახალი საინფორმაციო ომი გააჩაღა. ყარაბაღის კონფლიქტის პარალელურად, საქართველოში სოციალურ და ონლაინ მედიაში გააქტიურდა ანტიდასავლური რიტორიკა და დეზინფორმაციული ონლაინ კამპანიები. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სხვადასხვა მედია საშუალებებმა ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობისთვის გამოიყენეს. შესაბამისად, გააქტიურდა ქსენოფობიური ონლაინ დისკურსიც.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მედიამონიტორინგის ფარგლებში განაგრძობს მთიანი ყარაბაღის გარშემო, ეთნონაციონალისტურ ნიადაგზე გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივების შესწავლას. თებერვალ-მარტში, 6 ტელეგრამ არხზე, 12 ფეისბუქ გვერდსა და 12 ვებგვერდზე გამოქვეყნებული 210 სტატია და პოსტი გაანალიზდა.

ძირითადი დაკვირვების სახით შეიძლება ითქვას, რომ დეზინფორმაციულ კამპანიაში შესამჩნევი იყო რუსული კვალი და ქსელური კონტენტი. დეზინფორმაციული კამპანიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო ფოტო/ვიდეო მანიპულაციაც, რაც რუსული პროპაგანდის იარაღია.

საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის შედეგად შესწავლილი დეზინფორმაციული ნარატივები სამ ძირითად მიმართულებად დავაჯგუფეთ: ანტიაზერბაიჯანული, არმენოფობიური და ანტიდასავლური.

ანტიდასავლური და ანტილიბერალური დისკურსი სოციალურ მედიაში

საქართველოში, სხვადასხვა მედია პლატფორმები და ულტრამემარჯვენე ლიდერები ყარაბაღის საკითხს ხშირად იყენებენ დასავლური ინსტიტუტების დემონიზაციის მიზნით. ისეთი პრორუსული მედია საშუალებები, როგორებიცაა „საქართველო და მსოფლიო“ და „თვალსაზრისი“  აქტიურად ცდილობენ ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის უპირატესობაზე აპელირებით, ლიბერალური დასავლეთის დისკრედიტაციას. მათი ძირითადი გზავნილია ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მარცხის მის პროევროპულ საგარეო კურსთან დაკავშირება და ფერადი რევოლუციების, როგორც „ლიბერალური დასავლეთის პროექტის“, წარუმატებელ მაგალითებად წარმოჩენა.

არმენოფობიური ონლაინ დისკურსი

მედიამონიტორინგის ფარგლებში შესწავლილი პოსტების ჯამურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ყველაზე მაღალი ონლაინ ინტერაქციით გამოირჩეოდა არმენოფობიური შინაარსის პოსტები. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა დეზინფორმაცია აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილი სომხების მასობრივად ჩასახლების შესახებ. აზერბაიჯანულენოვან საიტზე day.az გავრცელებული ინფორმაცია მალე აიტაცა საქართველოში არმენეფობიული განწყობებით ცნობილმა გამოცემამ კავკაზპლიუსმა. 9 თებერვალს მათ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია „სომეხი მიგრანტები მასიურად „შევარდნენ“ ოკუპირებულ ქართულ აფხაზეთში“.  

აფხაზეთში სომხების მასობრივ ჩასახლებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა ფეისბუქ ჯგუფებში: „აფხაზთა კრება“, „დევნილები დევნილებისთვის“  და „სახალხო ეროვნული მოძრაობა.“ პოსტებზე ონლაინ ინტერაქციამ კი  33,000 ადამიანს გადააჭარბა.

ანტიაზერბაიჯანული გზავნილები

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, გააქტიურდა ანტიაზერბაიჯანული დისკურსიც. სოციალურ და ონლაინ მედიაში რეზონანსული აღმოჩნდა დეზინფორმაციული შინაარსის მქონე პლაკატები, წარწერით: „მარნეული აზერბაიჯანის ტერიტორიული ერთეულია, სახელწოდებით „ბორჩალო.“ პლაკატები სომხურ  და რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე და ონლაინ მედია პლატფორმებზე - kentron.am, MAMUL.am.ru, Hay mtorum გავრცელდა. თითოეულ პოსტს თან ახლდა რუსულენოვანი წარწერა, რომ პლაკატი აზერბაიჯანული მხარის პროპაგანდაა და „მადა ჭამაში მოდის“. დეზინფორმაციის პირველწყაროს წარმოადგენს ჯერ კიდევ 2019 წელს რუსულენოვანი საინფორმაციო პლატფორმის АЗЕРБАЙДЖАН online მიერ გამოქვეყნებული პოსტი პლაკატების სახით, წარწერით: „დაიმახსოვრე.შეინახე.გააზიარე“.

რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე მსგავსი ტიპის პროვოკაციული ნარატივის გავრცელება და აზერბაიჯანის სახით მტრის ხატის შექმნა, დეზინფორმაციული კამპანიის სახიფათო გზავნილია.
* * * *
პროექტი „თანაარსებობა” - ეთნო-ნაციონალისტური ნარატივების შესწავლა საქართველოში“ ხორციელდება საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024