GEO   ENG
სიახლეები
გალი აფხაზურ და რუსულ კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკას შორის
20.04.2021
აფხაზეთში რუსული და დე-ფაქტო მთავრობის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკა სულ უფრო მეტად იღებს ამ რეგიონის რუსულ სივრცეში ღრმა ინტეგრირების სახეს. რუსეთის რბილი ძალა და მასთან თანხვედრაში მყოფი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის საგანმანათლებლო პოლიტიკა თანმიმდევრულად აქტიურდება გალის რაიონში და მიმართულია აქაური ქართველების დანარჩენი საქართველოსგან კიდევ მეტად დისტანცირებაზე.

25 მარტს, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში ვიზიტად მყოფმა აფხაზეთის დე-ფაქტო კულტურის მინისტრმა გუდისა აგრბამ ხელი მოაწერა რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის 2021 წლის სამოქმედო გეგმას. რუსეთის კულტურის მინისტრის ოლგა ლიუბიმოვას თქმით, რუსეთის ფედერაცია „განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს აფხაზეთის რესპუბლიკასთან კულტურული ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას.“[1] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ კვირაში აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი ეწვია. მოსკოვში გაფორმებული შეთანხმება აფხაზურ მედიაში გაშუქდა და შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ვებგვერდზეც განთავსდა, თუმცა სოხუმში რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტი მედიის ყურადღების მიღმა დარჩა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის უცნობია, რა იყო განხილვის საგანი დე-ფაქტო მთავრობასა და რუს სტუმრებს შორის, თუმცა მოსალოდნელია რუსული ენის და კულტურის პოპულარიზაციის მეტი ინტენსივობით წარმართვა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, გალში. ასევე, ელიან, რომ გალის რაიონში მოქმედი კულტურულ-შემოქმედებითი ანსამბლები რუსეთში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში ჩაერთვებიან, რაც მათ, სავარაუდოდ, ფინანსურ უზრუნველყოფასაც მოუტანს.  გარდა ამისა, არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი კარს გაუხსნის გალის ახალგაზრდობას თავის კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს გალში საზოგადოებრივი განწყობების სათავისოდ შეცვლას.

აღნიშნული მოვლენების თანადროულად, 5 აპრილს გალს  აფხაზეთის დე-ფაქტო განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის სამინისტროს აფხაზური ენის მთავარი სპეციალისტი ადა კვარჩელია ეწვია. რადიო სპუტნიკისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან გალში ჩასვლის მთავარ მიზეზად სკოლების ეპიდრეგულაციებთან შესატყვისობის ინსპექტირება დაასახელა. თუმცა, იმავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ საჭიროა გალის რაიონის სკოლებში აფხაზურ-რუსული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა.[2] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, ადა კვარჩელიას ვიზიტის მიზანი გალში აფხაზური ენის სავალდებულო სწავლების უზრუნველყოფა იყო. ამისთვის, აფხაზეთის დე-ფაქტო განათლებისა და ენობრივი პოლიტიკის სამინისტრო აპირებს აფხაზური ენის გამოცდა აუცილებელი გახადოს სასკოლო ატესტატის მისაღებად. ეს ცალსახად რთულ სიტუაციას შეუქმნის ქართველ მოსწავლეებს არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, სადაც სასკოლო ატესტატის წარდგენა აუცილებელი პირობაა.

როგორც ჩანს, გალის ქართულ მოსახლეობას დე-ფაქტო აფხაზეთის განათლების პოლიტიკა მხოლოდ ულტიმატუმის ენით არ მიეწოდება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, გალში ადა კვარჩალიას ვიზიტს მალე მოჰყვა სოხუმში მოქმედი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი პრორექტორ ჯულიეტა ადლეიბას ხელმძღვანელობით. წყაროს ცნობით, შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩამოსულთა მიზანი ადგილობრივებთან საჩვენებელი ადმინისტრაციული ტონით საუბარი არ ყოფილა.  პირიქით, მათთვის სასურველი იყო გალის ახალგაზრდობისთვის „გულუხვი“ შეთავაზებების მთელი პაკეტი მეგობრულ ატმოსფეროში განეხილათ. ამ შეთავაზებებში სოხუმში მოქმედი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურიენტობა და მასში მოხვედრა იგულისხმებოდა, რაც გალელ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს სამწლიანი სწავლების შემდეგ განათლების მიღება რუსეთის ფედერაციაში მოქმედ უნივერსიტეტებში გააგრძელონ. საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომების მიღება მათ რუსეთის მოქალაქეების თანაბარ შესაძლებლობებს მისცემთ რუსეთის შრომის და დასაქმების ბაზარზე დამკვიდრებისთვის.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს რუსული რბილი ძალის გააქტიურებას გალის ქართული მოსახლეობის მიმართ. იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის, რასაც პანდემიის პირობებში არსებული რეგულაციები კიდევ უფრო ამძაფრებს, ჩნდება შესაძლებლობები, რომლებიც, ერთი მხრივ, მისცემთ საშუალებას, იზოლაციას თავი დააღწიონ, მაგრამ მეორე მხრივ, ნათელს ხდის იმ პერსპექტივას, რომელიც გალელ ქართველებს დანარჩენ საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს.
 
[1] რუსეთმა და აფხაზეთმა კულტურის სფეროში ერთობლივი ღონისძიებების გეგმა შეათანხმეს (რუსულ ენაზე). რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო, 25.03.2021. წყარო: https://culture.gov.ru/press/news/rossiya_i_abkhaziya_soglasovali_plan_sovmestnykh_meropriyatiy_v_oblasti_kultury_/
[2] ადა კვარჩელია გალის სკოლებში აფხაზურ ენაზე სწავლის პრობლემის შესახებ (რუსულ ენაზე). რადიო სპუტნიკი - აფხაზეთი. 5.04.2021. წყარო: https://sputnik-abkhazia.ru/radio/20210405/1032150500/Takie-obstoyatelstva-Kvarcheliya-o-probleme-izucheniya-abkhazskogo-yazyka-v-Galskikh-shkolakh.html
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024