GEO   ENG
სიახლეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადება სოფელ საყულიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით
02.06.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში, პოლიციის მიერ 1992 წელს დაბადებული ი.მ.-ს დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებას.[1]

DRI აღნიშნავს, რომ ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ღონისძიებები, დიდი ხანია გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და საჯარო ინტერესის დაცვის ნაცვლად, სრულად კერძო ინტერესის დაცვით შემოიფარგლება. ნაცვლად  პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტისა, სახელმწიფო გადაცემულ უფლებამოსილებას, კონკრეტული შეხედულებების მქონე პირთა ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს.

თვალსაჩინოა ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზება ნამახვანის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისათვის. მათი ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ რეპრესიული აპარატის გამოყენება, სამართალდამცავი ორგანოს ყოფილი თანამშრომლის მონათხრობითაც დასტურდება.[2]

მოსახლეობაში  არსებული საპროტესტო განწყობების ფონზე, ი.მ.-ს დაკავებისთვის შერჩეული ადგილი, დაკავების დრო, კონტექსტი და დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალის მობილიზება, მიუთითებს ოპერაციის არასათანადო დაგეგმვა-აღსრულებასა და გამოყენებული ძალის არაპროპორციულობაზე.  

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გამიზნული გასროლა ითვლება ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად.[3] შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა დაპირისპირების განმუხტვის მიზნით განახორციელა.[4] ამავდროულად, განცხადებაში არ იყო მითითებული თუ რა ქმედებებმა გამოიწვიეს ინციდენტის მონაწილეთა ჯანმრთელობის დაზიანება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელი საფრთხე გახდა უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საფუძველი. 

მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების თანახმად, მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა არ უნდა გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა თავის ან სხვა პირთა დასაცავად, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების გარდაუვალი საფრთხე; ან მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს; ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დასაპატიმრებლად, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს; ან მისი გაქცევის აღსაკვეთად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად ექსტრემალური ზომები არასაკმარისია აღნიშნული მიზნების მისაღწევად.

მსგავსი ინციდენტების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღემდე სრულად არ შესრულებულა სახალხო დამცველის 2018 წლის რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების სამხრე კამერებით აღჭურვის თაობაზე, რაც არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა.[5]

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი  მოუწოდებს:
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს - შეისწავლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში ი.ბ.-ს დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდავი ნებისმიერი ღონისძიების მაქსიმალური გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულების სათანადო მექანიზმების დანერგვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ გამოყენებული ღონისძიებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.



[1] შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 1-ელი ივნისის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministrom-politsielze-tavdaskhmis-braldebit-imeretshi-1-piri-daakava/14670
[2] ვტოვებ იმერეთის პოლიციას და სოლიდარობას ვუცხადებ რიონის ხეობის მცველებს“ – პოლიციელი, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/545602/?fbclid=IwAR130GKO4sDMf79DWkQdimnjSRonvow2IS-A4hifOf1G7L9mzVt3r34H3Q0
[3] საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ,“ მუხლი 34, პუნქტი 4
[4] შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროს 2021 წლის 1-ელი ივნისის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/14671
 
[5] საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, გვ. 68
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024