GEO   ENG
სიახლეები
DRI იწყებს „ოდეერების“ გავლენის შესწავლას საჯარო და კერძო დაწესებულებებზე
10.06.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საქმიანობის მონიტორინგს. სხვა საკითხებთან ერთად, DRI-ის ყურადღების ცენტრში ე.წ. „ოდეერებიც“ არიან.

მიუხედავად იმისა, რომ  2015 წელს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, „უსაფრთხოების ოფიცრის“ თანამდებობა გაუქმდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს უფლება, საქართველოს მთავრობის #584-ე დადგენილებით[1] გათვალისწინებულ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე უწყებებში, თავისი მუდმივი წარმომადგენელი  დანიშნოს.

დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციამ აჩვენა, რომ ე.წ. „ოდეერები“ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში, სავარაუდოდ, „თანაშემწეების“ ან „მრჩევლების“[2] პოზიციაზე ინიშნებიან, თუმცა, ამის ხაზგასმით მტკიცება რთულია.

შესაბამისად, იმის დასადგენად, შეესაბამებიან თუ არა ესა თუ ის პირები თავისი სამუშაო გამოცდილებით მინისტრის ან მისი მოადგილის თანაშემწის ან მრჩევლის პოზიციას, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა განცხადებით მიმართა ყველა სამინისტროს და გამოითხოვა მინისტრის მრჩეველთა და მინისტრის მოადგილეთა თანაშემწეთა შესახებ ერთი და იმავე შინაარსის ინფორმაცია: მინისტრის მრჩევლების და მინისტრის მოადგილეების თანაშემწეების ვინაობა, უფლება-მოვალეობები, კონკრეტულ პოზიციაზე დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რეზიუმეები. ასევე, ინფორმაცია მათი თანამდებობრივი სარგოს, დარიცხული პრემიების და სახელფასო დანამატების შესახებ.

სამინისტროებიდან მიღებული პასუხები არაერთგვაროვანია. DRI-ის ამ დრომდე არ მიუღია ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის  სამინისტროებიდან. კანონმდებლობით დადგენილი ვადაში პასუხი მხოლოდ ექვსმა სამინისტრომ[3] მოგვაწოდა,[4] ვადის დარღვევით მივიღეთ პასუხი ფინანსთა სამინისტროსგან.[5] სამინისტროებიდან მიღებული პასუხები  ერთმანეთისაგან განსხვავდება. სხვადასხვა დაწესებულებები ერთი და იგივე შინაარსის ნორმას სხვადასხვაგვარად განმარტავენ.

არც ერთ სამინისტროში დადგენილი არ არის მინისტრის მრჩევლისა და მინისტრის მოადგილეთა თანაშემწეთა პოზიციაზე დასანიშნად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები (მიუხედავად იმისა, რომ კანონი იძლევა ამის საშუალებას), ასევე, სამინისტროების ნაწილი არ გასცემს ინფორმაციას კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმებულ პირთა უფლება-მოვალეობების, მათი თანამდებობრივი სარგოს, სამუშაო გამოცდილების შესახებ. 

მაგალითად, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა არ მოგვაწოდეს გამოთხოვილი ინფორმაცია (პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოტივით) და მხოლოდ ზოგად წესზე მითითებით შემოიფარგლნენ,[6] მაშინ, როდესაც სხვა დაწესებულებებმა განსხვავებული პასუხი წარმოადგინეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის[7] (პირის ვინაობის დაფარვის გარეშე), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის[8] (პირთა ვინაობის დაფარვის გარეშე)  და იუსტიციის სამინისტრომ (ვინაობის დაფარვით)[9] მოგვაწოდა დასაქმებულ პირთა რეზიუმეები.

სამინისტროების განსხვავებული მიდგომა გამოიკვეთა ასევე თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესახებ, ინფორმაციის გადამოწმების ნაწილშიც. აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ იუსტიციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ[10] მოგვაწოდა. სხვა შემთხვევაში, პასუხი არ მოგვაწოდეს მისი პერსონალურ ინფორმაციად მიჩნევის მოტივით.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება - სადაც გაწერილია პირის უფლება-მოვალეობა (პერსონალური მონაცემების დაფარვით), და კონკრეტული პოზიციისთვის განკუთვნილი ანაზღაურება არ შეიძლება წარმოადგენდეს პერსონალურ მონაცემებს, ვინაიდან არ იძლევა კონკრეტული პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. აღნიშნული ინფორმაციის, განსაკუთრებით კი, მინისტრის მრჩევლისა და მინისტრის მოადგილეთა თანაშემწეებზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაციის დაფარვა, აჩენს გარკვეულ ეჭვებს, მათ სამუშაო მიმართულებასთან დაკავშირებით.

DRI მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია:
  • სამინისტროებმა დაადგინონ მინისტრის მოადგილეების თანაშემწეების და მინისტრის მრჩეველთა პოზიციაზე კონკრეტული საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
  • სამინისტროებში დაინერგოს ერთიანი სტანდარტი საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით;
  • გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია მინისტრის მოადგილეების თანაშემწეების და მინისტრის მრჩევლების კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილების, თანამდებობრივი სარგის და პრემიების შესახებ.
DRI აგრძელებს საკითხის კვლევას.





[1] სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, 

საქართველოს მთავრობის №584 დადგენილება;

[2] IDFI, (2015), მრჩევლის ინსტიტუტი საჯარო დაწესებულებებში, ხელმისაწვოდმია https://docs.google.com/viewerng/viewer?url=https://idfi.ge/public/upload/courts/report-advisors-at-public-institutions.pdf

[3] საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროები;

[4] საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 40.

[5] საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილი, N 08-02/73116, 09/06/2021

[6] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს MIA 8 21 01158258, 10/05/2021 წერილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს N 08-02/73116, 09/06/2021 წერილი;

[7] საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი N 01/1404,

[8]საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი N01/7059, 18.05.2021

[9] საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი N6061

[10] განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი MES 7 21 0000464302

სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024