GEO   ENG
სიახლეები
DRI: სუს-ი არ ამჟღავნებს იმ უწყებების სიას, სადაც კანონმდებლობის საფუძველზე მივლენილი ჰყავს ე.წ. ოდეერები
01.07.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საქმიანობის მონიტორინგს, რომლის ძირითადი მიზანი სამსახურის ინსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობა და მანდატის ბოროტად გამოყენების რისკების შემცირებაა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის №584-ე დადგენილებით[1] გათვალისწინებულ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე უწყებებში სუს-ის მიერ თავისი მუდმივი წარმომადგენლის (ე.წ. ოდეერების) დანიშვნის საკითხის შესწავლა.

2021 წლის 17 მარტს, DRI-იმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით მიმართა. განცხადებით ვითხოვდით იმ უწყებების სიას, რომლებთანაც სუს-ს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის №584-ე დადგენილების საფუძველზე გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ამ უწყებებში სამსახურის მიერ თავისი მუდმივი წარმომადგენლის (ე.წ. ოდეერის) დანიშვნას ითვალისწინებს. ორჯერ ერთი და იმავე შინაარსის განცხადებით მიმართვის მიუხედავად,[2] სუს-მა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარი გვითხრა.

DRI-ის შეფასებით, სუს-ის უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს. გამოთხოვილი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.  „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საიდუმლო დოკუმენტად მიიჩნევს მხოლოდ მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის დადგენილ უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს, რომელსაც DRI-ის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციასთან კავშირი არ აქვს.

უწყების მხრიდან, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარი შემაშფოთებელია. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით დადგენილია კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყების  ანგარიშვალდებულების და საჯაროობის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი.[3]

გამომდინარე იქიდან, რომ სუს-ის უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა უწყების ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს.


 
[1] სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ,
საქართველოს მთავრობის №584 დადგენილება;
[2] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის 2021 წლის 17 მარტს №20210317/112 და 13 აპრილის №20210413/140 წერილები.
[3] United Nations Convention against Corruption, 2003, Article 10; საქართველოს პარლამენტის დადგენილება, ,,კორუფციის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან შეერთების თაობაზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/45454?publication=0
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით
ვეხმაურებით საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესს.
21.10.2026
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026