GEO   ENG
ანგარიშები
„თანაარსებობა“ - ეთნონაციონალისტური ნარატივები საქართველოში (სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში)
09.07.2021
ფინალურ ანგარიშში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მიმდინარე ონლაინ მედია დისკურსზე დაკვირვების ექვსი თვის შედეგებს აჯამებს. მონიტორინგის პროცესში DRI-ის გუნდმა 6 ტელეგრამ არხზე, 15 ფეისბუქ გვერდსა და 12 ვებგვერდზე გამოქვეყნებული 620 სტატია და პოსტი გაანალიზა.

მედიამონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი პრორუსულმა მედიასაშუალებებმა აქტიურად გამოიყენეს საქართველოში, ერთი მხრივ, მანიპულაციური, ყალბი  კონტენტის შესაქმნელად, მეორე მხრივ კი,  სტრატეგიული პრორუსული გზავნილების გასავრცელებლად. ზოგადად, დეზინფორმაციულ კამპანიაში შესამჩნევი იყო რუსული კვალი და  ქსელური, მანიპულაციური შინაარსი. ხშირ შემთხვევაში სომხურ, ქართულ და აზერბაიჯანულ მედიაპლატფორმებზე გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივების პირველ წყაროს რუსულენოვანი მედია წარმოადგენდა.

მედიამონიტორინგის პროცესში გამოვლინდა 5 ონლაინ პლატფორმა, სადაც ყველაზე ხშირად ხდებოდა ეთნონაციონალისტური შინაარსის, დეზინფორმაციული ნარატივების ტირაჟირება. არმენოფობიული დისკურსით გამოირჩეოდა ონლაინ მედია „კავკაზ პლიუსი“, ანტიაზერბაიჯანულ ნარატივებს ხშირად ავრცელებდნენ სომხურენოვანი ტელეგრამ არხები- karabah_news და Kolorit 18+, ხოლო ანტითურქული რიტორიკა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ფეისბუქ გვერდებზე თურქეთი ოკუპანტია და აზიმუტი.

საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის შედეგად შესწავლილი დეზინფორმაციული ნარატივები ოთხ ძირითად მიმართულებად დავაჯგუფეთ: ანტიაზერბაიჯანული, არმენოფობიული, ანტითურქული და ანტიდასავლური.

ანტიდასავლური და ანტითურქული დისკურსი სოციალურ მედიაში

საანგარიშო პერიოდში ანტითურქული რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა ჰესების მშენებლობის კონტექსტში. რიონის ხეობაში, თურქული კომპანია „ენკას“ მიერ ნამახვანჰესის მშენებლობა ანტიდასავლურმა მედია აქტორებმა წარმოაჩინეს, როგორც  თურქეთის მხრიდან საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიის მცდელობა. ფეისბუქგვერდები „თურქეთი ოკუპანტია“ და „კარდჰუ“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით აქტიურად ეწეოდნენ ანტითურქულ კამპანიას, რომლის მთავარი მიზანი თურქეთის სახით საქართველოს ისტორიული მტრის ხატის შექმნა იყო. დეზინფორმატორული მედიასაშუალებები, ანტითურქული რიტორიკის კვალდაკვალ, ევროატლანტიკური ინსტიტუტების დემონიზაციასაც ცდილობდნენ. კონკრეტულად კი თურქეთისგან მომდინარე საფრთხეებზე აპელირებით ცდილობდნენ, ხაზი გაესვათ ევროკავშირისა და NATO-ს უმოქმედობის იდეისთვის.

ანტითურქული კამპანიის მიზანი იყო საზოგადოებაში პრორუსული განწყობების გაღვივება რუსეთის მხარდამჭერ ქვეყნად წარმოჩენის გზით, რომელმაც საქართველო გადაარჩინა თურქულ ექსპანსიას. დეკემბერში პრორუსულ ფეისბუქგვერდზე „სტალინი“ და მედიაპლატფორმა „ნიუს ფრონტზე“ გავრცელდა იდენტური შინაარსის მასალა, რომლის თანახმადაც, თურქეთის მიერ ოკუპირებული მიწები საქართველოს რუსეთის დახმარებით დაუბრუნდა და, შესაბამისად, არასწორია რუსეთის ისტორიულ მტრად წარმოჩენა.

ყარაბაღში, მხარეებს შორის კონფლიქტის  დასრულებისთანავე გაჩნდა ახალი მედია ნარატივი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი რეგიონში უალტერნატივო ძალაა, რომელმაც ომის დასასრულს, კავკასიაში სამხედრო კონტინგენტი კიდევ უფრო მეტად  გააფართოვა.

არმენოფობიული ონლაინ დისკურსი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, დეზინფორმაციული კამპანიის ფარგლებში  შესამჩნევი გახდა არმენოფობიული რიტორიკის გააქტიურება. ამ მიმართულებით ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა ეთნიკურ ნიადაგზე, შუღლის გაღვივების მცდელობები და ცხელი კერების შექმნა ეთნიკურად სომხებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში.

იანვარში არმენოფობიული მედიაპლატფორმების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა საქველმოქმედო ფონდი „ჯავახეთი სომხების გვერდით“, რომლის ფილიალის გახსნაც ნინოწმინდაში არმენოფობიული განწყობებით ცნობილმა მედიაპლატფორმამ კავკაზპლიუსი შეაფასა, როგორც სეპარატისტული და ტერორისტული აქტივობა.

საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა დეზინფორმაცია აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილი სომხების მასობრივად ჩასახლების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა ფეისბუქ ჯგუფებში: „აფხაზთა კრება“, „დევნილები დევნილებისთვის“  და „სახალხო ეროვნული მოძრაობა.“ პოსტებზე ონლაინ ინტერაქციამ კი  33,000 ადამიანს გადააჭარბა.

ანტიაზერბაიჯანული გზავნილები

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების ფონზე საქართველოში პრორუსულმა მედიამ ანტიაზერბაიჯანული მედიაგზავნილები გაააქტიურა. რუსულენოვან მედიაპლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში შესამჩნევი იყო აზერბაიჯანისგან მტრის ხატის შექმნის მცდელობა.

ვრცელდებოდა დეზინფორმაციული გზავნილები, ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებების შესახებ, მარნეულში, ეთნიკურად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. საანგარიშო პერიოდში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში სომხურენოვანმა ტელეგრამ არხებმა და მედია პლატფორმებმა გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია მარნეულში სომხურ სატვირთო მანქანებზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შესახებ. სოციალურ და ონლაინ მედიაში რეზონანსული აღმოჩნდა დეზინფორმაციული პლაკატები, წარწერით „მარნეული აზერბაიჯანის ტერიტორიული ერთეულია, სახელწოდებით „ბორჩალო“, რომლის პირველწყაროს  რუსულენოვანი საინფორმაციო პლატფორმა АЗЕРБАЙДЖАН online წარმოადგენდა.
 
 
საანგარიშო პერიოდში ერთგვარ ტენდენციად გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან  რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობები ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ მოსახლეობას შორის. ამ მხრივ, ყურადსაღებია მათი ქსელური დეზინფორმაციული მედიაკამპანია 2021 წლის 27 იანვარს  გაგის ციხესიმაგრეზე აღმართული ჯვრის ქურდობასა და 16 მაისს დმანისში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები და მედიაპლატფორმები ცდილობდნენ, დმანისში დაპირისპირება ანტიაზერბაიჯანული განწყობების  გასაღვივებლად გამოეყენებინათ. კონფლიქტს ადგილიდან აშუქებდა ულტრანაციონალისტური მედია „ალტ-ინფო“. ალტ-ინფომ ეს ინციდენტი შეაფასა, როგორც პროვოკაცია  ეთნიკური აზერბაიჯანელების მხრიდან.

* * * *
პროექტი „თანაარსებობა” - ეთნო-ნაციონალისტური ნარატივების შესწავლა საქართველოში“ ხორციელდება საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

„თანაარსებობა“ - ეთნონაციონალისტური ნარატივები საქართველოში (სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში)

სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024