GEO   ENG
სიახლეები
30 აგვისტო იძულებით გაუჩინარების მსხვერპლთა საერთაშორისო დღეა
29.08.2021
მსოფლიოს 85 ქვეყანაში, კონფლიქტებისა და რეპრესიების შედეგად ასი ათასობით ადამიანი იძულებით გაუჩინარებულად ითვლება. საქართველოში იძულებით გაუჩინარების პრობლემა ძირითადად შეიარაღებულ კონფლიქტებთანაა დაკავშირებული. დღეს, ქვეყანაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2,300-ზე მეტი ადამიანი ითვლება.
 
იძულებითი გაუჩინარების გლობალური პრობლემის წინააღმდეგ  საბრძოლველად, 2006 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია მიიღო. რიგ შემთხვევებში იძულებით გაუჩინარება შეიძლება შეფასდეს, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. კონვენცია დღემდე რატიფიცირებული არ აქვს საქართველოს.
 
ჯერ კიდევ 2013 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა ხელისუფლებას საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების რეკომენდაციით მიმართა. ეს რეკომენდაცია მომდევნო წლებში დადგენილებით გაიზიარა საქართველოს პარლამენტმაც. მიუხედავად ამისა, კონვენციის რატიფიცირების პროცესი დღემდე არ დაწყებულა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თვლის, რომ „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება იქნება საქართველოს მხრიდან ამ დანაშაულთან საბრძოლველად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
 
იძულებით გაუჩინარების შედეგად ერთდროულად ირღვევა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, წამების და არაადამიანური მოპყრობისგან თავისუფლების, გამოხატვის, პირადი უსაფრთხოების და სხვა უფლებები. კონვენციის მიხედვით, არ არსებობს ვითარება, რომელიც გაუჩინარებას გაამართლებს; ადამიანის იძულებით გაუჩინარება დაუშვებელია, როგორც საომარ ვითარებაში, ისე სხვა არასტაბილურ სიტუაციებში.
 
კონვენცია განსაზღვრავს იძულებით გაუჩინარების დანაშაულის დეფინიციას და წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, იძულებით გაუჩინარება ეროვნულ დონეზე სისხლის სამართლის დანაშაულად განსაზღვრონ. კონვენცია ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას. ამასთანავე, გამოძიება ეფექტური უნდა იყოს და არა სახელდახელო. კონვენცია ასევე ადგენს მსხვერპლის ოჯახის უფლებას სიმართლეზე (right to truth) გაუჩინარების გარემოებების და გაუჩინარებული პირის ბედის შესახებ და უფლებას დროულ, სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიესალმება 2019 წლის ოქტომბერში შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის შექმნას. ამ პროცესში ჩართული უწყებების ძალისხმევით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში, იდენტიფიცირებულია და ოჯახებისთვის გადაცემულია 206 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი. ასევე, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით, რომლის წარმატებულ მაგალითსაც წარმოადგენს 2013-2015 წლებში თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობით სამარხების გახსნა აფხაზეთში.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გულწრფელად თანაუგრძნობს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები უგზო-უკვლოდ გაუჩინარების შემთხვევების გამოძიების, დაკარგულ პირთა მოძიებისა და გაეროს კონვენციის რატიფიცირების მიზნით.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024