DRI: უკანონო ფარული მიყურადება და თვალთვალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 12 სექტემბერს, TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურ კონტროლს ახორციელებს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე (მათ შორის, სკოლებისა და ბაღის პედაგოგებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოხელეებზე) ქართული ოცნების წევრებზე,
[1] ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილ კანდიდატებზე, საპატრიარქოს ადმინისტრაციის თანამშრომლებზე და ყველა რანგის სასულიერო პირზე.
[2]
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების უკანონო აუდიო და ვიდეო მიყურადება, ახალ პრაქტიკას არ წარმოადგენს.
[3] აღნიშნული მეთოდები მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში კონტროლის და პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცა.
შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ფარული მოსმენა და თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გადახვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.
საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით, პირადი ცხოვრების უფლება, მხოლოდ კანონიერი მიზნის მისაღწევად შეიძლება შეიზღუდოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშე, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
[4] თუმცა, ადამიანის ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობის დარღვევა არ შეიძლება გამართლებული იქნას არავითარი გარემოების არსებობისას. პირად ცხოვრებაში ლეგიტიმური ჩარევის შემთხვევაშიც კი, როგორიცაა თვალთვალი კონკრეტული კანონიერი მიზნებისთვის, თვალთვალი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ არსებობს ადამიანის პირადი ცხოვრების ძირითადი სფეროს შელახვის საფრთხე და ჩანაწერები განადგურდეს/წაიშალოს.
[5]
სუს-ის მხრიდან განხორციელებული ფარული მოსმენა და თვალთვალი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მათ შორის, ინტიმური ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების ყველაზე უხეშ ხელყოფას, რასაც თან ახლავს კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებების - თანასწორობის, მიმოსვლის, სიტყვისა და გამოხატვის, საარჩევნო უფლების უგულებელყოფაც.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის გზით,
[6] ე.წ. „მოსმენების გასაღები“ სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელშია,
[7] რაც სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, განსაკუთრებით შესაბამის სამსახურებზე სათანადო ზედამხედველობა/კონტროლის მექანიზმების არარსებობის პირობებში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს
საქართველოს პარლამენტს:
- შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საჯაროობის და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს სუს-ის/სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ფარული მიყურადების ფაქტების შესწავლას.
- დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ეფექტიანი სამოქალაქო მონიტორინგის და მაღალი ხარისხის ანგარიშვალდებულების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ხელისუფლების მხრიდან უკანონო თვალთვალის რისკებს.
სახელისუფლებო პარტიას და მისი კონტროლის ქვეშ მყოფ სამართალდამცავ სტრუქტურებს:
- დაბრუნდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და უარი თქვან ფარული მოსმენის, როგორც პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორების იარაღად გამოყენებაზე.
[4] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 15, პუქნტი 2
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება, № 1/1/625,640
[7] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 2, ნაწილი 32, ქვეპუნქტი ა)