GEO   ENG
სიახლეები
გალში რუსული რბილი ძალა გააქტიურდა
17.09.2021
დოკუმენტაციის პრობლემა გალის რეგიონში

2017 წლიდან გალის მოსახლეობა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას. იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე, ვერც აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობას იღებენ. დოკუმენტების არქონის გამო მოსახლეობას ჩამორთმეული აქვს როგორც პოლიტიკური უფლებები, არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩათვლით, ასევე, პრობლემები ექმნებათ გადაადგილების კუთხითაც.

2013 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რეგიონის ეთნიკური ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა იმ მიზეზით შეაჩერა, რომ ამ პროცესს, შესაძლოა „აფხაზეთის გაქართველება“ მოჰყოლოდა. 2017 წლიდან კი, დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ძველი აფხაზური პასპორტების ხმარებიდან ამოღების და ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ჩანაცვლების შესახებ.[1] ამ დროს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართული მოსახლეობა არჩევანის წინაშე დააყენა - საქართველოს მოქალაქეობა აფხაზური პასპორტების სანაცვლოდ დაეთმოთ.

თუმცა, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ამ არჩევანზე უარი განაცხადა, დე ფაქტო სტრუქტურებმა კოლაფსური მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ბინადრობის მოწმობები დაურიგეს. თუმცა, არც ამის შემდეგ შეწყვეტილა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გადაბირების მცდელობა. გალელებს საქართველოს მოქალაქეობის დათმობის სანაცვლოდ არაერთი სარგებელი შესთავაზეს, მათ შორის, პრივილეგიები ე.წ. „მურზაყანელი აფხაზების“ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, ასევე, რუსული პასპორტის მიღება, თუმცა, უშედეგოდ.

ამჯერად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების სამიზნე გალელი ახალგაზრდები არიან. მიმდინარე წლის 27 აგვისტოს დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ, და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ოლეგ არშბამ, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა გალში, კომისარიატში დაბარებულ ახალგაზრდებს განუცხადეს, რომ ის პირები, ვინც უარს იტყვიან „საქართველოში გამგზავრებაზე“ და სავალდებულო სამხედრო სამსახურს აფხაზეთის სამხედრო სამსახურში გაივლიან, ე.წ. აფხაზურ პასპორტს მიიღებენ, უნივერსიტეტებში გარკვეული პრივილეგიები  ექნებათ და სამომავლოდ, რუსული პასპორტის მიღებასაც შეძლებენ. იმის ხაზგასასმელად, რომ დაპირება რეალურია, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს აფხაზური „პასპორტები“ გადასცეს 30 გალელს, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახური „აფხაზური არმიაში“ 2010-2020 წლებში გაიარეს. DRI-ს ცნობით, ეს არის აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის მცდელობა, გალის რაიონში ძლიერ ქართულ ზეგავლენას დაუპირისპირდეს. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მცდელობაც უშედეგოა. „აფხაზურ არმიაში“ სამხედრო სამსახური მიმზიდველად არ გამოიყურება ფართოდ გავრცელებული სისტემური პრობლემების - „დედოვშინას” (ჯარისკაცებისთვის ფულის გამოძალვისა და მათზე ძალადობის პრაქტიკა) და გალელების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო.

პასპორტიზაციის საკითხზე ოკუპირებული გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ ფილიამაც ისაუბრა, „სპუტნიკ აფხაზიასთვის“ 20 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში[2]. მისი განცხადებით, „კატასტროფაა“, რომ რაიონის ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ, „აფხაზური პასპორტები“ და „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა არ აქვთ. ფილიას თქმით, მიმდინარე წელს, გალის რაიონის სკოლების 223 კურსდამთავრებულიდან „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სწავლა მხოლოდ 17-მა განაგრძო. მისივე თქმით, ეს იმ დროს, როდესაც გალის რაიონის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი იხარჯება განათლებაზე. ფილიამ ასევე აღნიშნა, რომ ვისაც საქართველოს პასპორტი აქვს, მას აფხაზურის იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა დასძინა, რომ მათაც კი, ვისაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა და „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მიღება სურს, ამას მაინც ვერ ახერხებს. ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის შეჩერების მსურველებს (აფხაზურის მიღების სანაცვლოდ), იუსტიციის სამინისტრო უარს იმ მიზეზით ეუბნება, რომ ასეთი სახელმწიფო არ არსებობს. ფილიას განცხადებით, ეს საკითხი ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს, ვინაიდან, მათ, „ვისაც გულწრფელად სურს, რომ იყოს აფხაზეთის მოქალაქე და პატრიოტი, ამის შანსი უნდა მიეცეთ“.[3]

DRI-ს ინფორმაციით, 1 სექტემბერს, მასწავლებლების დახურულ შეკრებაზე, გალის სკოლების დირექტორებმა მასწავლებლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ გალის რაიონის აბიტურიენტებიდან მხოლოდ 17-მა გააგრძელა სწავლა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს მაჩვენებელი აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით საგანგაშოა, იმის ფონზე, რომ გალის რაიონში ქართული ზეგავლენის შესამცირებლად და განათლების კუთხით დიდი ძალისხმევა და რესურსი დაიხარჯა. სკოლის დირექტორებმა ამ შედეგის მიღება მასწავლებლების ცუდ მუშაობას დააბრალეს. სამწუხაროდ, ეს დისკუსია, ქმნის საფუძველს ვიფიქროთ,  რომ მომდევნო წლებში აბიტურიენტებზე ზეწოლა გაგრძელდება.
 
აფხაზეთში რუსი თანამემამულეების დაცვის ცენტრის“ ვიზიტი გალში[4]

გალის რაიონში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდნენ რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „აფხაზეთში რუსი თანამემამულეების დაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები ელენა ჟილინსკაია და ალბინა ტოფჩიანი, რომლებმაც შეხვედრა გამართეს გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორგანიზაცია გალში ხსნის ოფისს,  სადაც რუსეთის ყველა მოქალაქეს ან რუსეთში ბინადრობის ნებართვის (ე.წ. „მიწერის”) მქონე პირს, მათ შორის, ქართული წარმოშობის პირებსაც, ექნებათ უფასო სამართლებრივი დახმარების, მათ შორის, ადვოკატის მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში კი, სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ რუსული პასპორტის აღებაში. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, აფხაზეთში არსებული სუსტი სასამართლო სისტემის პირობებში, მათი მიზანია რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა. მათივე ინფორმაციით, გალის რაიონს ექნება შესაძლებლობა, რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთოს. ამ მიზნით გალის რაიონში რუსეთის დუმის არჩევნებისთვის გაიხსნება საარჩევნო უბანი, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ხმა მისცენ მათთვის სასურველ პარტიას. არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს.[5] გალის გარდა, საარჩევნო უბნების გახსნა დაგეგმილია სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში.

აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი აწარმოებს პოლიტიკას, რომლის მიზანია რუსეთის მიმართ გალის მოსახლეობის სიმპათიისა და მხარდაჭერის გაზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ გალის ქართულ მოსახლეობასთან საქართველოს ხელისუფლების წვდომა უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო კოვიდ-პანდემიის დროს ამ რაიონის იზოლაცია კიდევ უფრო გაიზარდა, რუსეთის რბილი ძალის გააქტიურება სერიოზულ გამოწვევად შეიძლება აღვიქვათ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პროცესი ბოლო პერიოდში საკმაო ინტენსივობით მიმდინარეობს. მსგავსი პოლიტიკა აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობაში პრო-რუსული განწყობების ზრდაზეა მიმართული, რაც აფხაზეთში რუსეთის ანექსიის გაღრმავების და განმტკიცების საწინდარი შეიძლება გახდეს.[6]

ამ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა ბერკეტი და შეიმუშაოს გალის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.


 
[1] Civil Georgia, 2017, “სოხუმმა ეთნიკური ქართველებისთვის ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო”. ხელმისაწვდომია: https://old.civil.ge/geo/article.php?id=31225&search=
[2] О вопросах безопасности, ситуации с кононавирусом, проблемах паспортизации и о том, как развивать туристическую отрасль, в интервью радио Sputnik рассказал глава Галского района Константин Пилия.
ხელმისაწვდომია: https://sputnik-abkhazia.ru/interview/20210820/1033070049/Bezopasnost-ekonomika-i-pasporta-glava-Gala-rasskazal-o-zhizni-rayona.html
[3] Civil Georgia, 2021, “ოკუპირებული გალის რაიონის ხელმძღვანელი ადგილობრივების პასპორტიზაციის შესახებ”, იხილეთ: https://civil.ge/ka/archives/438706
[4] Апсныпресс, 2021, “ЦЕНТР ПРАВОЗАЩИТЫ РОССИЙСКИХ СООТЕЧЕСТВЕННИКОВ В АБХАЗИИ ДОГОВОРИЛСЯ С РУКОВОДСТВОМ ГАЛСКОГО РАЙОНА О СОТРУДНИЧЕСТВЕ”, ხელმისაწვდომია: https://apsnypress.info/ru/item/4435-tsentr-pravozashchity-rossii-skikh-sootechestvennikov-v-abkhazii-dogovorilsya-s-rukovodstvom-galskogo-rai-ona-o-sotrudnichestve
[5] Апсныпресс, 2021, “ГОЛОСОВАНИЕ ПО ВЫБОРАМ  ДЕПУТАТОВ ГОСДУМЫ  РФ БУДЕТ ПРОХОДИТЬ В АБХАЗИИ 19 СЕНТЯБРЯ", ხელმისაწვდომია: https://apsnypress.info/ru/item/4452-golosovanie-po-vyboram-deputatov-gosdumy-rf-budet-prokhodit-v-abkhazii-19-sentyabrya
[6] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი «რუსული რბილი ძალა გალში?”  ხელმისაწვდომია: http://www.democracyresearch.org/geo/569
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024