GEO   ENG
ანგარიშები
რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგი
25.09.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების აგიტაციაში მონაწილეობას აკვირდება. ცალკე აღებული, საარჩევნო სუბიექტების ქცევაზე დაკვირვება ჩვენი კვლევის ინტერესს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, გვერდს ვერ ავუვლით იმის შეფასებას, რა გავლენას იქონიებს წინასაარჩევნო კამპანიაზე არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფარულად აყურადებს ადამიანთა ფართო წრეს, მათ შორის, ყველა რანგის სასულიერო პირებს. ამ ეტაპზე, მონაცემების გასაჯაროებიდან შედარებით მცირე დროის გასვლის გამო, შედეგებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჩვენმა დაკვირვებამ პოლიტიკური სუბიექტების ქცევის შესაძლო ცვლილება აჩვენა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სასულიერო პირების ფარულ მიყურადებას, კადრების გავრცელებიდან მეორე დღესვე, 14 სექტემბერს, ფეისბუქ მიმართვით გამოეხმაურნენ. მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა მელიამ მიყურადების დაგეგმვაზე და განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრეს. სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილს ყოველთვის „ძალიან აღიზიანებდა“ ქართული ეკლესია და „ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი.“[1]

შედარებით ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ. თუ ცალკეულ შემთხვევებში, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიულ ღონისძიებებს  სასულიერო პირები ესწრებოდნენ ხოლმე, 13 სექტემბრის შემდეგ მსგავსი აქტივობა აღარ შეიმჩნეოდა.

კადრების გავრცელების ფონზე,  „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უცვლელი პრაქტიკით დაასრულეს მერობის კანდიდატების წარდგენა შიდა ქართლში: პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა წინასაარჩევნოდ ტაძრებში ვიზიტები გააგრძელა; „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენებს კვლავ ესწრებოდნენ სასულიერო პირები.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ საპატრიარქოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

თუ ფარული მიყურადების მასალის გავრცელებამდე, წინასაარჩევნო ღონისძიებების დასწრების მიღმა, მაღალი რანგის სასულიერო პირები განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მღვდელმთავარმა  იაკობმა პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გააკეთა და ჩანაწერების გავრცელებით პოლიტიკური სარგებლის მიღებაში გიორგი გახარია დაადანაშაულა. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „წინასაარჩევნო მანიპულაცია“ უწოდა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას.

ქართული ოცნება

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენის პროცესი დაასრულა შიდა ქართლის რეგიონში. ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულად, პარტიის წევრებთან ერთად, მშენებარე ეკლესია-მონასტრებიც მოინახულა.

14 სექტემბერს ქართული ოცნების კანდიდატების წარდგენის ცერემონია  გორში,  გორის საკათედრო ტაძრის ეზოში გამართა. პრემიერ-მინისტრმა ცერემონიაზე გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მერობის კანდიდატები დაასახელა[2]. შეხვედრას ტრადიციულად ესწრებოდნენ  სასულიერო პირები.

ამავე დღეს, 14 სექტემბერს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრი ტაძარში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსს სვიმეონს შეხვდა. ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე. მეუფე სვიმეონმა სტუმრებს  ტაძრის მშენებლობის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა ტაძრის მნიშვნელობას. მეუფის თქმით, “ახალი ბანა”, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ანალოგია, ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით შენდება[3].

14 სექტემბერს,  ირაკლი ღარიბაშვილი გორში, აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარს ესტუმრა, სადაც ატენის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას  შეხვდა. საქართველოს მთავრობის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტაძრის ნაწილი - გუმბათის და ცენტრალური თაღის მშენებლობა ფონდი „ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ხოლო სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით და ტაძრის შემოწირულობების საშუალებით შესრულდა[4].

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფარული მიყურადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მეორე დღესვე, ფეისბუქ მიმართვებით გამოეხმაურნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. ორივე პოლიტიკოსმა ეკლესიის დისკრედიტაციის და განადგურების მცდელობაში ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა, რომელსაც, მათი განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ამოცანად ჰქონდა „ყველა ავტორიტეტის განადგურება, რომელიც მის ძალაუფლებას კონკურენციას შეუქმნიდა“.[5] ნიკა მელიას ბრიფინგის მიხედვით, ივანიშვილს განსაკუთრებით აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, რომელიც „წლების განმავლობაში ყველაზე სანდო ინსტიტუცია იყო ქვეყანაში და ყველაზე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა.“ ბრიფინგიდან ნათლად იკვეთება ეკლესიის და სასულიერო პირების, იგივე „მსხვერპლის,“ ბიძინა ივანიშვილისგან „დაცვის“ განზრახვა, რაც მართლმადიდებლური მრევლის გულის მოგებას უნდა ისახავდეს მიზნად; რადგან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებით, სასტიკად უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი „მილიონობით მორწმუნის განსაცდელში ჩაგდებისთვის და მათი რწმენის შერყევის მცდელობისთვის.“[6]
 

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გავრცელებულ ფარული მიყურადების ფაილებს  „პატრიოტთა ალიანსი“ სახელისუფლებო პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკით გამოეხმაურა. ამავდროულად, პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ეკლესიას და სასულიერო პირებს.

15 სექტემბერს, პატრიოტთა ალიანსის საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ თოფურია გადაცემაში „ღამის სტუდია“ სასულიერო პირთა  ფარულ მოსმენებს გამოეხმაურა: „უდიდესი თანხები მოდის გრანტების სახით ეკლესიის დისკრედიტაციისთვის.“[7] 
16 სექტემბერს, მედია-კავშირი „ობიექტივის“ საშუალებით, პარტიის მერობის კანდიდატმა გიორგი ლომაიამ სუს-ის ფარული მიყურადების ფაქტებზე ისაუბრა. ეკლესიისა და რელიგიის ინსტიტუტის დასუსტების მცდელობის გამო გააკრიტიკა ოპონენტები, სახელისუფლებო ძალა და არასამთავრობო ორგანიზაციები. გიორგი ლომაიას განცხადებით, დარტყმა მიაყენეს ეკლესიას, რომელიც არის „ერთადერთი შემაკავებელი ძალა, რომ იდენტობა არ დავკარგოთ“.[8]

16 სექტემბერს, „პატრიოტთა ალიანსის“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ცხორაგაულმა გადაცემაში „დღის ბოლოს“ წინასაარჩევნოდ გავრცელებულ ფარული მიყურადების საკითხზე ისაუბრა, სადაც საარჩევნო ოპონენტების გარდა, კონკრეტული სუბიექტებიც - არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პეტრე ცაავა[9] დაადანაშაულა.
 

სასულიერო პირების წინასაარჩევნო პოლიტიკური განცხადებები

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკური განცხადებებით და საარჩევნო  სუბიექტების კრიტიკით 16 სექტემბერს, ფარული მიყურადების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოჩნდა. მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სუს-ის ჩანაწერების გავრცელება და ეკლესიის დისკრედიტაცია „ქართულ ოცნებას“ ხმებს წაართმევდა;[10] ფარული მიყურადების ჩანაწერების გასაჯაროება გიორგი გახარიას დაუკავშირა და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის წინასაარჩევნო მანიპულაცია. მისი განცხადებით, გიორგი გახარია ითხოვდა, სასულიერო პირებზე კომპრომატები შეეგროვებინათ.[11]
 
 
„თქვენ გახსოვთ, რომ მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია ითხოვდა შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებიდან, მღვდლებზე და სასულიერო პირებზე, ზოგადად შეეგროვებინათ კომპრომატები. [..]  აბსოლუტურად საჯაროდ ვთქვი, დავაფიქსირე და მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლებიდან უარყოფდა მასეთ რამეს. მე ბევრჯერ მქონდა ამ ადამიანთან მიმართებით გამონათქვამები. [..] მე სიმართლეს ვლაპარაკობდი, იმიტომ რომ ვისაც [გიორგი გახარია] ავალებდა, რამდენიმემ მითხრა და თან სხვადასხვა მხრიდან ვამოწმებდი და აბსოლუტურად ასე იყო და შემდეგ მათ სუნთქვას ყველგან ვგრძნობდი. ბრძანება მოდიოდა  [გიორგი გახარიასგან], მას კი ვინ აძლევდა ბრძანებას, არ ვიცი, ჩვენი ქვეყნიდან ალბათ არ იყო“ - განაცხადა  ბოდბელმა ეპისკოპოსმა 16 სექტემბერს.
 
„ამ სავარაუდო მოსმენებით ეკლესიის დისკრედიტაცია რომ მოხდებოდა, თავისთავად, ის [გიორგი გახარია] ოცნებას ხმებს წაართმევდა. ახლა იცით, რომ 43%-ზე მიდის საუბარი. მართალია, ოცნებამ განაცხადა, რომ აღარ აქვს გეგმაში, თუ [არჩევნებში] 43%-ზე ნაკლები იქნება, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ალბათ საზღვარგარეთისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. [გახარია] შემოსულია იმ ველზე, სადაც, მაგაში ვერ გაამტყუნებ, უნდა რომ ოცნებას წაართვას ხმები. როცა ხელისუფლება შევცვალეთ 2012-ში, გახარია სად იყო და მის იდეებს ვინ უნდა გაჰყვეს? უბრალოდ „ოცნებას“ დააკარგვინებდა რაღაც რაოდენობის ხმას.“ –  მეუფე იაკობის ინტერვიუს აქვეყნებს ინტერნეტ- ჟურნალი ტაბულა.[12]

16 სექტემბერს გასული ეთერის საფუძველზე, სხვადასხვა მედია საშუალებებში მომზადებული მასალის მიხედვით, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გახარია „მოსკოვის კაცია და ეკლესიას ებრძოდა.“[13]
 
 

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფარული მიყურადების მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადების სკანდალური მასალების გავრცელებას საპატრიარქოც გამოეხმაურა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ სკანდალური ფაილების გავრცელება წინასაარჩევნო მანიპულაციაა და მის უკან პოლიტიკური ინტერები დგას.

„სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ.” „სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროების დეტალები გამოძიებულ უნდა იქნეს და როდესაც მეტ-ნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი.“ [14]

რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგი




[1] მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, გამოქვეყნების თარიღი: 14.09.2021, ხელიმსაწვდომია https://www.facebook.com/watch/?v=871160780432813, ბოლოს ნანახია 23.09.2021.
[2] ირაკლი ღარიბაშვილის  ოფციალური ფეისბუქ გვერდი, გამოქვეყნების თარიღი: 14.09.2021  https://www.facebook.com/GaribashviliOfficial/posts/414336096717844 , ბოლოს ნანახია: 21.09.2021.
[3] საქართველოს მთავრობა (ფეისბუქ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 14.09.2021 https://www.facebook.com/watch/?ref=saved&v=335341244948990, ბოლოს ნანახია: 21.09.2021.
[4] საქართველოს მთავრობა (ფეისბუქ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი:14.09.2021, https://www.facebook.com/watch/?ref=saved&v=258372002955634, ბოლოს ნანახია: 21.09.2021.
[5] ნიკა მელიას ოფიციალური ფეისბუქ გვერდი, გამოქვეყნების თარიღი: 14.09.2021,  https://www.facebook.com/Nika.Melia5/videos/4451913794876395
[6] იქვე.
[7]  დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ფეისბუქ გვერდი, გამოქვეყნების თარიღი: 15.09.2021, https://www.facebook.com/watch/?v=614382856391919,  (ბოლოს ნანახია 22.09.2021)
[8] მედია-კავშირი ობიექტივი, ფეისბუქ გვერდი, გამოქვეყნების თარიღი: 16.09.2021, https://www.facebook.com/obieqti/videos/1187058588467180 , (ბოლოს ნანახია 22.09.2021)
[9] დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ფეისბუქ გვერდი, გამოქვეყნების თარიღი: 16.09.2021 https://www.facebook.com/watch/?v=890801848198854 , (ბოლოს ნანახია 22.09.2021)
[11] Alia.ge,  გამოქვეყნების თარიღი: 16.09.2021 https://www.alia.ge/gakharia-eklesias-ebrdzoda-shs-ministrobisas-ithkhovda-rom-mghvdlebze-sheegrovebinath-kompromatebi-meuphe-iakobi/ , [ბოლოს ნანახია: 18.09.2021]
 
[12] Tabula.ge, გამოქვეყნების თარიღი: 16.09.2021, https://tabula.ge/ge/news/673116-meupe-iakobi-gakhariaze-eklesiis-diskreditatsiit?fbclid=IwAR0OnZIDgf3WqeKMLEeGHbrhmsnq6KFAhlC74v389pvi1f8M2tH4F3w1gW4 , [ბოლოს ნანახია: 18.09.2021]
[13] Report.ge,  გამოქვეყნების თარიღი:17.09.2021, https://report.ge/society/gakria-moda-meue-iakobi/?fbclid=IwAR2KIz9QdRvRlUVZ2zlQnBD9ck4kKsohtvN7TBPlBuRuCglefGsrsHnli1E , [ბოლოს ნანახია: 18.09.2021]
 
[14] საპატრიარქოს უწყებანი, ფეისბუქ-გვერდი, გამოქვეყნების თარიღი (14.09.2021), https://www.facebook.com/sap.uwyebaNews/photos/a.127386075337274/608260433916500/ , [ბოლოს ნანახია: 21.09.2021]
 
პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024