GEO   ENG
სიახლეები
DRI: ახალგორის ქართულენოვანი სკოლების რუსიფიკაცია გრძელდება
29.09.2021
6 სექტემბერს ახალგორის რაიონის სკოლებში, რომლებიც 2017 წლამდე ქართულენოვანი იყო, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო. პროცესის ამგვარად გაგრძელების შემთხვევაში, 3 წლის შემდეგ, სკოლები სრულად რუსულენოვანი გახდება.

2017 წლიდან, ახალგორის ქართულენოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების „რუსიფიკაციის“ პროცესი მიმდინარეობს, რაც იმას გულისხმობს, რომ რაიონის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლება მხოლოდ რუსულ და ოსურ ენებზეა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების 2017 წლის გადაწყვეტილებით, ქართული სკოლები სამხრეთ ოსეთში შემუშავებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას ექვემდებარება; სკოლებში სწავლება მხოლოდ იმ წიგნებითა და პროგრამით ხდება, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტში ჯდება; ქართული ენა მხოლოდ ერთი რიგითი საგანია.

2017 წლამდე, ახალგორის რაიონის რვა ქართულ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოებითა და პროგრამით მიმდინარეობდა. 2017 წელს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქართული სკოლების სასწავლო პროგრამა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეალობას ვერ ერგებოდა. განსაკუთრებით გამოიკვეთა ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემა. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლების“ მოსაზრებით, გაკვეთილებს ტენდენციური ხასიათი ჰქონდა, - არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინტერესების სასარგებლოდ. სასწავლო სახელმძღვანელოების ექსპერტიზის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლება მივიდა „დასკვნამდე“, რომ ისტორიის სახელმძღვანელო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც „სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იყო მიმართული. შესაბამისად, სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამიდან საერთოდ ამოიღეს; სიტუაციაზე კონტროლის მიზნით კი, ქართულ სკოლებში შეიტანეს ის პროგრამა, რომელიც სამხრეთ ოსეთის სხვა დანარჩენ სკოლებში ისწავლებოდა.[1]
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI)-ს ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წელს ახალგორის რაიონს 17 პირველკლასელი ჰყავს, კერძოდ, ახალგორის რუსულ საშუალო სკოლას - 9, ახალგორის საშუალო სკოლას, რომელიც 2017 წლამდე ქართულენოვანი იყო - 3,  სოფელ ორჭოსნის  სკოლას - 3, თითო-თითო პირველკლასელი სოფელ იკოთის და სოფელ კორინთის სკოლებს. პირველკლასელი არ ჰყავს რაიონის დანარჩენ არც ერთ ოსურ სოფელს, მაგალითად, ზაყორს და ისეთ დიდ სოფელსაც კი, როგორიცაა წინაგარა. ამ უკანასკნელში მსგავსი ვითარება გამოწვეულია მაცხოვრებლების შრომითი მიგრაციით, ძირითადად, ვლადიკავკაზში და დაბა ახალგორში. ამ ეტაპისთვის, არაფერია ცნობილი სოფელ ახმაჯის სკოლაზე, თუმცა დიდი ალბათობით, ის უახლოეს მომავალში დაიხურება, რადგან წელს, სასწავლო წლის დაწყებისას სკოლას არც ერთი მოსწავლე არ მიუღია. DRI-ს  ინფორმაციით, სოფელში მცხოვრები ერთადერთი ბავშვი, რომელიც წელს პირველ კლასში მივიდა, მშობლებმა ახმაჯის მაგივრად ახალგორის ქართულ საშუალო სკოლაში შეიყვანეს.

DRI-ს ინფორმაციით, ახალგორის რაიონში ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ინფრასტრუქტურის გამართვისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისითაც მოუმზადებლები შეხვდნენ. საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების წინ არ ჩატარებულა სადეზინფექციო და მცირე კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები, რომლებიც მანამდე თითქმის ყოველ წელს ტარდებოდა. ეს არასახარბიელო სიტუაციას ქმნის როგორც მოსწავლეების, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

ზემოხსენებული ფაქტები ადასტურებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში, წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეთნიკურად ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლის პოლიტიკა და მათი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ეს გამოიხატება, პირველ რიგში, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვაში.

DRI მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი გამოიყენონ ახალგორის რაიონში დისკრიმინაციული პრაქტიკის შესაწყვეტად და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის აღსადგენად.



[1] რადიო თავისუფლება, 2017, “ახალგორის რაიონში ქართულ ენაზე სწავლა უქმდება”. ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/kartuli-enis-sakitkhi-akhalgorshi/28671045.html
პოლიტიკური გავლენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და ანგარიშვალდებულების დეფიციტი

ბოლო პერიოდში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სუსის პოლიტიზების საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა.

10.11.2025
კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

სანამ „ქართული ოცნება” აგრძელებს სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები კი გამოიყენება ქართულ  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ. 

10.11.2025
საბოტაჟის საქმეზე ბრალდებით და პარტიების აკრძალვით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის პროცესს აჩქარებს

საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მწვავე შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ ბრალი ოპოზიციურ ლიდერებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მძიმე დანაშაულებზე წარუდგინა.

06.11.2025