GEO   ENG
სიახლეები
DRI პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების სამუშაო გამოცდილების გადამოწმებას აპირებს
29.09.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს პროექტს „უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის შესწავლა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენებისგან თავისუფალი საჯარო და კერძო დაწესებულებების არსებობის ხელშეწყობაა.

შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ყურადღების ცენტრში მოექცა 12 სექტემბერს გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები წარსულში სამართალდამცავ სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ან/და სხვადასხვა დროიდან (ძირითადად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს) საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ (ე.წ კონფიდენტები) სხვადასხვა ძალოვან უწყებებთან.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთ მათგანს დავალებული ჰქონდა კონკრეტული პირების ფარული თვალთვალი და მიყურადება.

თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, DRI-ის გავრცელებული ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებთან გადამოწმება აუცილებლად მიაჩნია. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში, საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომლის საჯაროობასაც უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის ბიურო.[1] აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული იმ პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, რომლებიც 12 სექტემბერს გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ძალოვან უწყებებში ისეთ თანამდებობებს იკავებდნენ, რომლებიც, კანონის მიხედვით, წარმოადგენს დეკლარაციის წარდგენისა[2] და, შესაბამისად, მის საჯაროდ გამოქვეყნების საფუძველს. სწორედ ამიტომ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებით მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს და აღნიშნულ პირთა (სულ ოთხი პირი) ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს ითხოვს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საჯარო სამსახურის ბიუროდან მხოლოდ იმ პირთა შესახებ ითხოვს ინფორმაციას, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით,[3] ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ.    

საქართველოს კანონმდებლობა პასიურ საარჩევნო უფლებას არ ართმევს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირები დასახელებულები არიან მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებად, ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, აუცილებელია, ამომრჩეველს ჰქონდეს მათი სამუშაო გამოცდილების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.



 
[1] „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 20, პუნქტი 1.
[2] „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი, მუხლი 2.
[3] იქვე.
DRI: მშვიდობიანი პროტესტის დროს აქციის მონაწილეთა დაკავება საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს

2 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პლაკატზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები.

02.06.2023
სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვგმობთ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
01.06.2023
2022 წელთან შედარებით, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ოფიციალური შემოწირულებები შემცირებულია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემომწირველებზე დაკვირვებას. 
31.05.2023