GEO   ENG
სიახლეები
DRI: ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის ვინაობა საზოგადოებისთვის უცნობია, მის დეკლარაციას კი საიდუმლო გრიფი ადევს
28.10.2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის/მოადგილეების ვინაობა უცნობია. მათი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციებს კი, საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.[1]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უწყების არაგამჭვირვალე, საიდუმლო ბუნებიდან და ფართო უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არ უნდა ჰქონდეს კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება.[2] მიუხედავად ამისა, სუს-ის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა კორუფციის თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა.[3]

კორუფციის პრევენციისთვის აუცილებელია, საჯარო დაწესებულებები ფუნქციონირებდნენ ღიად და გამჭვირვალედ.[4] ბუნებრივია,  კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა უწყებამ ეს სტანდარტი კიდევ უფრო მეტად უნდა დაიცვას. უწყების (რომელიც უშუალოდ ახორციელებს საგამოძიებო და პრევენციულ ღონისძიებებს კორუფციის გამოვლენის/თავიდან ასარიდებლად) ხელმძღვანელის და მისი მოადგილეების ვინაობის საზოგადოებისგან დაფარვა და  დეკლარაციების გასაიდუმლოება ეჭვქვეშ აყენებს ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობას და რადიკალურად ამცირებს საზოგადოების ნდობას მისი მუშაობის მიმართ. ამასთან, მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. კანონის თავდაპირველი რედაქციით, ნებისმიერ პირს ჰქონდა უფლება, მოეთხოვა და მიეღო ნებისმიერი თანამდებობის პირის დეკლარაცია, გარდა დეკლარაციაში ასახული პირადი ნომრისა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართისა, ტელეფონის ნომრისა და დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა.[5] თუმცა, 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედებული ცვლილებებით, სრულად გასაიდუმლოვდა იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციები, რომელთა თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული. მეტიც, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდიდან აღებულია 2017 წლამდე გამოქვეყნებული დეკლარაციებიც.

შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოთხოვნის საპასუხოდ, რითაც ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის და მისი მოადგილ(ებ)ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს ვითხოვდით, საჯარო სამსახურის ბიურომ აღნიშნული დეკლარაციების გასაიდუმლოების საფუძვლად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი მიგვითითა.[6] საგულისხმოა, რომ კანონი არ ადგენს იმ  თანამდებობის პირთა ზუსტ ჩამონათვალს, რომელთა დეკლარაციებსაც შეიძლება საიდუმლო გრიფი მიენიჭოს. კანონის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (შესაძლებელია, ამ კატეგორიის ქვეშ მოიაზრებოდნენ ე.წ. „ოდეერებიც“) ან თანამშრომლობდნენ სათანადო საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან, ასევე - ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში.[7] აღნიშნული ჩანაწერი იძლევა ფართო ინტერპრეტაციისა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესაძლებლობას, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება კანონის „განსაზღვრულობის პრინციპს.“[8]

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მიხედვით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება სააგენტოს ხელმძღვანელის გარდა, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებსაც აქვთ. ნორმის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, რომელიც არ აკონკრეტებს, რომელი თანამდებობის პირის დეკლარაცია არის საიდუმლო, საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული ასევე, სუს-ის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და სამმართველოების ხელმძღვანელების/მოადგილეების დეკლარაციები.[9] დაინტერესებულ პირს მხოლოდ სუს-ის ხელმძღვანელის და მისი მოადგილეების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გაცნობის შესაძლებლობა აქვს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების, განსაკუთრებით კი, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილეების დეკლარაციებისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, აღრმავებს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყების მიმართ უნდობლობას და სათანადო კონტროლის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კიდევ უფრო დახურულ უწყებად აქცევს.
 
 
[1] საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი No გ11875.
[2] OECD ANTI-CORRUPTION NETWORK FOR EASTERN EUROPE AND CENTRAL ASIA, Anti-Corruption Reforms in GEORGIA Fourth Round of Monitoring of the Istanbul Anti-Corruption Action Plan, 2016, 129-136
[3] საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონი, მუხლი 5, ქვეპუნქტი ვ).
[4] United Nations Convention against Corruption, 2003
[5] ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 19, 2017 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული რედაქცია, https://matsne.gov.ge/ka/document/view/33550?publication=52
[6] საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი No გ11875.
[7] „სახელმწიფო საიდუმლოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 6, ქვეპუნქტი დ.ბ), დ.გ).
[8] აღნიშნული პრინციპის მიხედვით, განსაზღვრული უნდა იყოს არა მხოლოდ კანონის შინაარსი, არამედ რეგულირების საგანი, მიზანი და მასშტაბები, რათა ნორმის ადრესატმა სწორად შეძლოს მისი ინტერპრეტაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №2/3/406,408, 30 ოქტომბერი, 2008, https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=390
[9] საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდი, https://declaration.gov.ge/,
საჯარო სამსახურის ბიუროს 18 ოქტომბრის წერილი No გ11883
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024