"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი საქმიანობის შესწავლის პირველად შედეგებს აქვეყნებს
26 სექტემბერს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) ორგანიზებით ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი საქმიანობის შესწავლის პირველადი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა DRI-ის დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილემ ლუს ლამერტსმა გახსნეს. მათ ინსტიტუტის საქმიანობის, კვლევის მნიშვნელობისა და ძირითადი მიმართულების შესახებ ისაუბრეს.
DRI 2019 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით აწარმოებდა მედია მონიტორინგს ულტრამემარჯვენე დისკურსის შესასწავლად საქართველოში. საკვლევ ობიექტებად განსაზღვრული იყო 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფი, მათი ლიდერების ფეისბუქ გვერდები და ცხრა ინტერნეტგამოცემა.
როგორც DRI-ის მედია მკვლევარმა ქეთევან მურღულიამ აღნიშნა, მიმდინარე მედია მონიტორინგის ფარგლებში შესამჩნევი იყო ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიდასავლური და ანტილიბერალური რიტორიკა. შესაბამისად, მათი აგრესიის სამიზნე ყველაზე ხშირად იყვნენ: სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, მიგრანტები და ლიბერალები. მნიშვნელოვან ტენდენციად გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ დასავლეთის და ევროკავშირის, როგორც გარყვნილების სიმბოლოდ წარმოჩენა, რომელიც ებრძვის და ანადგურებს ეროვნულ ტრადიციებს.
სოციალურ და ონლაინ მედიაში მიმდინარე ულტრამემარჯვენე დისკურსში კი გამოიკვეთა, როგორც ეთნონაციონალისტური ნარატივები, ისე მკვეთრად პრორუსული გზავნილები. სახასიათო ტენდენციას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ მათი სარედაქციო პოლიტიკა ძირითადად ეყრდნობა გადაუმოწმებელ კვლევებსა და პროპაგანდისტულ დეზინფორმაციას.
გარდა მედია მონიტორინგისა, DRI მიმდინარე წლის მაისიდან ახორციელებს ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებისა და მათი კონტრ-აქციების მონიტორინგს.
საკვლევი პერიოდის განმავლობაში, DRI-ის გუნდი დააკვირდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების 6 აქციას. ორგანიზაციის იურისტის, გიორგი წიქარიშვილის თქმით, დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ტენდენციები: ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრებებზე ხდება ლიბერალური ღირებულებების მატარებელ პირთა დემონიზაცია, ძირითად სამიზნეს წარმოადგენენ ლგბტქ თემი და მათი უფლებადამცველები, აქციებისათვის დამახასიათებელია მოწოდება უმცირესობების უფლებების შეზღუდვისაკენ, ხოლო შეკრებებზე დაყენებული ძირითადი მოთხოვნა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის გაუქმება იყო.
გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოები იყენებენენ არაეფექტურ მეთოდებს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხარდამჭერების მიმართ და სათანადოდ ვერ აფასებენ აღნიშნული ჯგუფების გაძლიერებით წარმოშობილ საფრთხეს.
წინამდებარე პირველადი შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი მკვლევრები.
მაისი-აგვისტოს ანგარიშების სრულად ნახვა შესაძლებელია
ამ ბმულზე.
მონიტორინგი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს ულტრამემარჯვენე რადიკალიზმის და ექსტრემიზმის პრევენციას საქართველოში. პროექტის ძირითადი საქმიანობები მიმართულია იმ ძირითადი ფაქტორებისა და მიზეზების კვლევაზე, რაც იწვევს ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფებს გაჩენას და გააქტიურებას. საერთო ტენდენციების ანალიზის საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები. სამართალწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში გამოყენებული იქნება დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად.