GEO   ENG
სიახლეები
არჩევნების ტყვეობაში: გალელები თბილისსა და სოხუმს შორის
10.11.2021
გალის რეგიონის მაცხოვრებლებს ეთნიკური კუთვნილება არასანდო მოქალაქეებად აქცევს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის, ხოლო „არასასურველი“ პოლიტიკური აქტიურობა - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რაც განსაკუთრებით ცხადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოჩნდა.

წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობა იყო ენგურის ორივე მხარეს. ეს დაძაბულობა განსაკუთრებით საგანგაშო არჩევნების მეორე ტურის დროს გახდა. გალის რეგიონის მცხოვრებლებმა, რომლებსაც ყოველდღიური საქმიანობა ან პერიოდული აუცილებლობა აქვთ ზუგდიდში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ენგურის გამშვები პუნქტი აფხაზურ მხარეს ჩაკეტილი ჰქონდა. დე ფაქტო მთავრობა კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებული ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა, თუმცა, ბევრი გალელი თვლის, რომ „დროებითი“ ზომა არჩევნებს უკავშირდებოდა. ამ მოსაზრებას აძლიერებს ისიც, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით სიტუაცია არ დასტაბილურებულა, თუმცა ენგურის გამშვები პუნქტი 1 ნოემბრიდან ოფიციალურად გაიხსნა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები კერძო საუბრებში ამბობდნენ, რომ „საზღვრის“ ჩაკეტვის გადაწყვეტილება თბილისის თხოვნით მიიღეს.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საჯარო სერვისების მისაღებად, ბევრი გალელი ზუგდიდშია რეგისტრირებული. ზუგდიდში რეგისტრაცია მათ შესაძლებლობას აძლევს, ჩართულები იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში და თავისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები გამოიყენონ. გალის რეგიონის მოსახლეობის ამა თუ იმ ქართული პოლიტიკური პარტიის მიმართ ლოიალობის თაობაზე მსჯელობა რთულია. ამის მიუხედავად, გალში ვარაუდობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების გარკვეულ წრეებში, გალელების პოლიტიკური აქტივობა საფრთხედ იქნა აღქმული ზუგდიდში ოპოზიციური ძალების შესაძლო უპირატესობის მოპოვების შიშით. შესაძლოა, სწორედ ამის გამო გაჩნდა მოსაზრება, დაკეტილი „საზღვრით“ შეეშალათ ხელი სავარაუდოდ, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის  მობილიზებისთვის.

ამ მოსაზრებას აძლიერებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები გალის რეგიონის მაცხოვრებლებს საქართველოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემას სთხოვდნენ. თუმცა, იმ პირების უმეტესობამ, ვისაც მსგავსი თხოვნით მიმართეს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემაზე უარი თქვა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები კრიმინალური წარსულით ცნობილი  პირები, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ გალსა და მის სოფლებში.

საქართველოს კანონმდებლობა არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს. ენგურის ხიდის ჩაკეტვით, გალელებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა საგანგაშოა და საჭიროებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სათანადო განმარტებას - ვინ და რატომ შეუშალა ხელი გალის რეგიონის მცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას არჩევნების პერიოდში. 
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026