GEO   ENG
სიახლეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI): ხელისუფლებას აქვს შეკრებებით გამოწვეული დისკომფორტის თმენის ვალდებულება
15.11.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება შსს განცხადებას 2021 წლის 15 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქციების გამოყენებაზე და აღნიშნავს, რომ განცხადება მსუსხავი ეფექტის მატარებელია სამოქალაქო მშვიდობიანი პროტესტის მიმართ და საჯარო უწყებების უკიდურეს მიკერძოებაზე მიუთითებს.   
 
2021 წლის 14 ნოემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მეტრო ავლაბართან, საპროტესტო მსვლელობა დააანონსა. პარტიის განცხადებით, შეკრების შემდეგ მოეწყობოდა მსვლელობა და გადაიკეტებოდა საავტომობილო მოძრაობა მტკვრის ორივე სანაპიროზე. საპასუხოდ, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რითაც აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები სსკ-ის 226-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესაძლებლობაზე გააფრთხილა.
 
DRI განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების საპირისპიროდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი სისტემურად უნდა იქნეს განმარტებული რელევანტურ ნორმატიულ აქტებთან ერთად და არა განცალკევებით, მათგან დამოუკიდებლად. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საჯარო სივრცეში გამართული ნებისმიერი დემონსტრაცია გარდაუვალად გამოიწვევს ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის, მათ შორის, მოძრაობის შეფერხებას და მშვიდობიანი შეკრების მიერ გამოწვეული დისკომფორტის თმენის ვალდებულება პირდაპირ გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან.[1]
 
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დემონსტრანტებს უფლება აქვთ, წინასწარ შეტყობინების და ნებართვის გარეშე შეიკრიბონ პროტესტისათვის, რაც ავტომატურად არ მიუთითებს დემონსტრაციის „კანონსაწინააღმდეგო“ ხასიათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება შინაარსს დაკარგავდა.  აქციის მონაწილეებს ასევე უფლება აქვთ, სრულად ან ნაწილობრივ გადაკეტონ ტრანსპორტის სავალი ნაწილი, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია.
 
ტრანსპორტის სავალი ნაწილის სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვა ავტომატურად არ წარმოადგენს დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენების საფუძველს. ცალკეულ შემთხვევებში, მითითებული ქმედებების განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართლებრივი და არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შენიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება ასეთი კატეგორიული არ ყოფილა სიძულვილის ჯგუფების მიერ ორგანიზებული, მათ შორის, ძალადობრივი აქციების მიმართ, რომლებიც ასევე წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე იყო დაანონსებული (პოლიციის უმოქმედობა 2021 წლის 5-6 ივლისს). შინაგან საქმეთა სამინისტროს არც 2020 წლის 29 ოქტომბერს გაუტარებია კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები პარტია „ქართული მარშის” მიერ თბილისის შემოსასვლელთან გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით, რომლის მიზანს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისათვის თბილისში შესვლისა და რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვის შესაძლებლობის შეზღუდვა წარმოადგენდა.
 
ვინაიდან უკანასკნელ პერიოდში კრიტიკულ ნიშნულს აღწევს სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზება და კანონმდებლობის შერჩევითი გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დარჩნენ კონსტიტუციის ფარგლებში და პატივი სცენ გამოხატვისა და  შეკრებების თავისუფლებას.



[1] სერგეი კუზნეცოვი რუსეთის წინააღმდეგ (Sergey Kuznetsov v. Russia), # 10877/04, § 44, 23 ოქტომბერი 2008
პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024