GEO   ENG
სიახლეები
DRI: იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს შეუზღუდოს სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, უკანონოა
17.11.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო განხილვებში უშუალოდ მონაწილეობის უფლების შეზღუდვას და მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება უკანონოა.

2021 წლის 15 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში „გაყვანასთან“ დაკავშირებით და განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა უკონტროლო სიტუაციას და  ქაოსს, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს. გარდა ამისა, სამსახურმა დამატებით არგუმენტად მოიყვანა ის გარემოება, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენდა დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. პენიტენციურმა სამსახურმა გამოთქვა მზაობა, უზრუნველეყო მიხეილ სააკაშვილის დისტანციური მონაწილეობა სასამართლო სხდომაში, ასევე N18 პენიტენციურ დაწესებულებაში სასამართლო სხდომის გამართვა.

სასამართლო სხდომაზე დასწრება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების განუყოფელ ნაწილს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ყველას აქვს მისი საქმის საჯაროდ განხილვის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დანაშაულში ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზში დასწრების უფლების უზრუნველყოფა მე-6 მუხლის ერთ-ერთ არსებით მოთხოვნად ითვლება. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტია ბრალდებულის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს მოწმეებს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების არგუმენტები სხდომებში დისტანციურად მონაწილეობასთან დაკავშირებით, არათუ არ შეესაბამება  სხდომის დისტანციურად ჩატარების საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ ამ საფუძვლით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე დასწრების შეზღუდვას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის  გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს შეუზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, უკანონოა.

სასამართლო სხდომების დისტანციურად გამართვის შესაძლებლობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3325 მუხლი „2022 წლის 1 იანვრამდე სასამართლო სხდომის გამართვის დროებით წესი“ არეგულირებს. აღნიშნული მუხლი საქართველოს კანონმდებლობაში პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში გაჩნდა და როგორც დროებითი ღონისძიება, მიზნად ისახავს კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების პრევენციას.[1] სხდომების დისტანციური ჩატარება, სხდომებზე ბრალდებულების/მსჯავრდებულების დასწრების გარეშე,  თავისთავად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრინციპებთან თანხვედრაში არ არის.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის მიხედვით: 1. დისტანციურ რეჟიმში სხდომის გამართვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია არა უსაფრთხოების ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ პანდემიით გამოწვეული საფრთხეების შესამცირებლად; 2. გადაწყვეტილებას სხდომის დისტანციურად გამართვის შესახებ იღებს მხოლოდ სასამართლო; 3. სასამართლო სხდომის დისტანციურად ჩატარებისთვის საჭიროა ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობა.

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს მზაობას, მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ 10, 15 და 16 ნოემბერს, მოუწოდა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სასამართლო სხდომაში სრულფასოვნად მონაწილეობის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას ითხოვს სასამართლო, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პენიტენციური სამსახურის უკანონო უარი მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადმოყვანაზე, უწყების პოლიტიზებაზე მეტყველებს.

DRI მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დარჩეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრება.



[1] პანდემიის ან/და ჯანრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომა სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად იმ შემთხვევებში, თუ ბრალდებულის მიმართ გამოყენებულია პატიმრობა ან სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ან სასამართლო დარბაზში ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს დანაშაულის გახსნისა და პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საჯარო ინტერესის ხელყოფა.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024