GEO   ENG
სიახლეები
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების „თაფლაკვერის პოლიტიკა“ გალის რეგიონში
01.12.2021
აფხაზეთში დარჩენილი ეთნიკური ქართული ანკლავის, გალის რეგიონის ინტეგრაცია დე-ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში, ჯერ კიდევ გადადებულ საკითხად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული მცდელობები ჰქონდათ აწ განსვენებული დე-ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის და ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის დროს, მსგავს ნაბიჯებს აფხაზეთის მემარჯვენე-პატრიოტული პარტიები ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ. ამის შედეგი ისაა, რომ გალის საკითხი აფხაზური პოლიტიკური დღის წესრიგის ხილულ ნაწილში არ ხვდება და გარე დამკვირვებლების განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გალის რეგიონში დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ვიზიტი. ოფიციალური წყაროების თანახმად, ამ სტუმრობამ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის რაიონებში დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში ჩაიარა. ბჟანია გალს გუდაუთის, გულრიფშის და ოჩამჩირის რაიონების შემდეგ ეწვია. ოფიციალურად, გალში ჩასვლის მიზეზი სოციალური ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური ობიექტების მონახულება იყო. ასლან ბჟანია ასევე ეწვია ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს და მის გამართულ მუშაობაში დარწმუნდა. თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ამ ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, 24 ნოემბრის ვიზიტის ფარგლებში, დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამ გალელ ახალგაზრდას შეხვდა, რომლებმაც თავი მურზაყანელ აფხაზებად გამოაცხადეს და სასწავლებლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არჩიეს. გადაადგილების გაიოლების მიზნით და სხვა გალელებთან უპირატესი უფლებების მიღების ნიშნად, მათ ე.წ. აფხაზური და რუსეთის ფედერაციის პასპორტები გადაეცათ. დე-ფაქტო პრეზიდენტმა მსგავსი საჩუქრები აღუთქვა ყველა იმ ახალგაზრდა გალელს, რომელიც სამურზაყანოელ აფხაზად გამოაცხადებს თავს და რუსეთში მოისურვებს სასწავლებლად წასვლას.

გალელი ქართველები განსაკუთრებით განიცდიან თაფლაკვერის პოლიტიკის საშუალებით მათ იდენტობაზე მიტანილ თავდასხმებს. თითოეული გალელი, რომელიც რიგი მიზეზების გამო უარს ამბობს ქართულ ეთნიკურ კუთვნილებაზე, „გადაბირებულად“ ითვლება. ვიზიტისას, დე-ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრა ასეთ გალელებთან, ადგილობრივებისთვის იმის ნიშანია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კვლავინდებურად გააგრძელებს „აფხაზობაში გადაბირების“ პოლიტიკას და კიდევ მეტ გალელს შეუქმნის ცდუნებას, თავი მურზაყანელ აფხაზად აღიაროს.

სამწუხაროა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აგრძელებს მისი მმართველობის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მცხოვრებლების ეთნიკური კუთვნილების ნიშნით დაყოფას  და ამით მათი მნიშვნელოვანი ნაწილის, გალელი ქართველების გაღიზიანებას იწვევს. ასეთი პოლიტიკა, შიდა გამყოფ ხაზებს აღრმავებს თავად გალის რეგიონშიც და უნდობლობას აჩენს ქართული ეთნიკური კუთვნილების მსურველ და მის დამთმობ პირებს შორის. და საბოლოოდ, რას მისცემს ეს პოლიტიკა აფხაზეთის მომავალს, თუკი იდენტობის პოლიტიკა ერთი ეთნიკურობის მეორით ჩანაცვლებას გულისხმობს? და თუ ამ პრინციპით ეთნიკური საზღვრების ცვლილება ნებისმიერი მეთოდით გამართლებულია? აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა, ერთის მხრივ, თესავს გაღიზიანებას, ხოლო მეორეს მხრივ, დაბლა სწევს მორალურ სტანდარტს, რომელიც პრაგმატული თვალსაზრისითაც არ ითამაშებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეის სასარგებლოდ. პასპორტიზაცია და კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტრუმენტები ხელს უწყობს არა აფხაზეთის, როგორც ქვეყნის იდენტობის გაძლიერებას, არამედ ახალისებს რუსეთის ფედერაციის რბილ ძალას.
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024