GEO   ENG
ანალიზი
აფხაზეთი სტაბილური და ხანგრძლივი რუსული ავტორიტარიზმის მოლოდინში?
11.01.2022
გასული წლის ბოლო კვირა აფხაზეთში დაძაბული იყო. დე-ფაქტო მთავრობის ოპოზიციამ ხელისუფლების რევოლუციური გზით ხელში ჩაგდება სცადა, თუმცა წარუმატებლად. ასლან ბჟანიას მთავრობამ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება - როგორ ჩანს, რუსეთის ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა მხარდაჭერის სანაცვლოდ. ცხადია, ჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტა რუსეთის მთავრობამ აფხაზურ „ამბებში“ ამჟამინდელი პროტეჟეს მხარდაჭერა? რატომ შეიძლება მიუღებელი იყოს მისი წინამორბედი, რომელიც არანაკლები ლოიალობით გამოირჩევა?

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, აფხაზურ საზოგადოებაში კრემლის მესვეურთა გეგმების შესახებ ერთი ძირითადი ვერსია იკვეთება. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობაში ბოლო პერიოდში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილება საგარეო საქმეთა მინისტრად ახალგაზრდა ინალ არძინბას დანიშვნა იყო. როგორც აფხაზურ, ისე, ზოგადად, საქართველოს მედიაში ამ საკითხს დიდი ინტერესით გამოეხმაურნენ. ითქვა კიდეც, რომ არძინბა მოსკოვის ინტერესების გამტარი იქნება. მას ზედმეტსახელიც კი შეარქვეს - „მოსკოველი ბიჭუნა“. სოხუმში შექმნილი კრიზისის ფონზე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან სოჭში გამართული შეხვედრა და ძალადობრივი გზებით ვითარების განმუხტვაც, აფხაზურმა საზოგადოებამ იმის დასტურად მიიღო, რომ ინალ არძინბა „მოსკოვის კაცია,“ რომელიც ასლან ბჟანიას მთავრობას სტაბილურობის გარანტიებს სძენს და რომ რამდენიმე წელიწადში კრემლი აფხაზეთის სწორედ არძინბასთვის „გადაბარებას“ გეგმავს. როგორც ჩანს, აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და საპრეზიდენტო ასაკის დაწევა არარეალურია, ამის გამო ბჟანიას მთავრობა ერთგვარი გარდამავალი მთავრობაა, სანამ არძინბა 35 წლის ასაკს მიაღწევს.

შეიძლება სწორედ ამ მოსალოდნელი საფრთხის გამო დაჩქარდა საპროტესტო მოძრაობა აფხაზეთში, რომელმაც სოხუმის პოლიტიკური სპექტრის ნაციონალისტური ნაწილი ბჟანიას წინააღმდეგ გამოიყვანა. ყოფილი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები, როგორც ჩანს, შიშობენ, რომ ბჟანიას მთავრობა და შემდგომ უკვე არძინბა, უფრო მეტ დათმობებზე წავლენ რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაც აფხაზებს ომით მიღებულ მონაპოვარს დაუკარგავს. აფხაზების ნაწილს  განსაკუთრებით ეშინია, რომ გაიშლება ფართო პრივატიზაციის პროცესი, რომელიც მიწასაც შეეხება, რაც რუსეთის ფედერაციის მდიდარ მოქალაქეებს აფხაზებთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. გარდა ამისა, კრემლის მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდა პოლიტიკოსის გაპრეზიდენტება, იმის საფრთხესაც შეიცავს, რომ ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობა და მასზე ზეწოლის სივრცე უკიდურესად და ხანგრძლივად შემცირდება.

და ბოლოს, რა შედეგს იქონიებს აფხაზურ საზოგადოებაში გავრცელებული ამ ვერსიის რეალისტურობა გალის რეგიონისთვის? რა თქმა უნდა, თავისი უფლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, გალის ქართული საზოგადოება ამ პროცესებს გამოთიშულია. თუმცა, სოხუმში გაშლილ საპროტესტო მოძრაობას გალელები დიდი ინტერესით და ფრთხილი მოლოდინით აკვირდებოდნენ. როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადგილობრივი წყარო იტყობინება, რაულ ხაჯიმბა და მისი მხარდამჭერები თავიანთი ანტიქართული და ეთნონაციონალისტური განწყობებით მათთვის უფრო საშიშად გამოიყურებიან, ვიდრე ასლან ბჟანიას მთავრობა. ცხადია, მსგავსი შიშებით რუსეთის ფედერაციას გალის რეგიონის მცხოვრებლების ლოიალობის მოპოვება თუ არა, მათი ინერტულობით სარგებლობა მაინც შეუძლია. თუ ამ შესაძლებლობას აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში შემდგომი, ეტაპობრივი ინკორპორაციის და ანექსიის კონტექსტში განვიხილავთ, ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ისე აფხაზი პოლიტიკოსებისთვის. ამ უკანასკნელთ უფრო მეტად მართებთ დაფიქრება იმაზე, რა იქნება მართებული იმისთვის, რომ რეგიონის საზოგადოებამ პასუხისმგებლიანი მონაწილეობა მიიღოს აფხაზურ პოლიტიკაში.
DRI: „კონსერვატიულო მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემოსავალი, შესაძლოა, ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურ წყაროებში ჩანს

DRI აგრძელებს ულტრამემარჯვენე ძალადობრივი დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ფინანსებსა და შემომწირველებზე დაკვირვებას. 2023 წლის აგვისტოში რადიკალურმა მოძრაობამ მხოლოდ ერთი შემოწირულება მიიღო.

25.09.2023
ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკა კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა
საშვის მიღებასთან დაკავშირებული ხელოვნური დაბრკოლებები მოსახლეობას საშვის ასაღებად ქრთამის მიცემისკენ უბიძგებს. ეს კორუფციული მექანიზმი ადგილობრივი მუნიციპალური და უშიშროების სამსახურების ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობაა.
25.09.2023
სანქცირებული ფარცხალაძე - რუსული აგენტურის კვალი ქართულ პოლიტიკაში
14 სექტემბერს,  ოთარ ფარცხალაძისთვის  აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების სატელიტი პოლიტიკური გაერთიანების „ხალხის ძალისა“ და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან. 
22.09.2023